ახალი ამბებისაზოგადოება

ნაკლები ანალიტიკა და მეტი ბალანსი – წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ახალი შედეგები

6 ოქტომბერი, 2016 • 2634
ნაკლები ანალიტიკა და მეტი ბალანსი – წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ახალი შედეგები

დღეს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2016 წლის არჩევნების მედიამონიტორინგის მესამე ეტაპის შედეგები წარადგინეს. კვლევის ეს ნაწილი 31 აგვისტოდან 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. მედიამონიტორინგის პროცესში 40-ზე მეტ მედიასაშუალებას აკვირდებოდნენ: 11 ტელეკომპანიას, 12 რადიოს, 7 გაზეთსა და 17 ონლაინ მედიასაშუალებას.

მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროექტის (UNPD) მხარდაჭერით ტარდება. მასში ჩართულია სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. კვლევა მოიცავს, როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისობრივ შედეგებს.

2016 წილს საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის პრეზენტაცია. 06.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი

2016 წილს საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის პრეზენტაცია. 06.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მედიამონიტორინგის თანახმად, მესამე პერიოდში ყველაზე აქტიურად მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობები შუქდებოდა. ბოლო კვირის მოვლენებამდე, მედიის საქმიანობას კვლევის ავტორები პოზიტიურად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ბოლო პერიოდში შეინიშნება პოლარიზება.

ქართული პრესის ძირითად გამოწვევად ჟურნალისტთა მხრიდან სუბიექტური დამოკიდებულების გამოვლენა და მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების სიხშირე რჩება.

სამ გამოცემაში გვხვდება ჟურნალისტთა მხრიდან შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების, საეჭვო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული სტატიების გამოქვეყნებისა და ჟურნალისტთა მხრიდან დაუსაბუთებელი მსჯელობის შემთხვევები.

“ახალი თაობა” და “ქრონიკა +” არღვევენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს, რაც ძირითადად გამოიხატება დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებაში. ხშირად გვხდება ისეთი გამოთქმები, როგორიცაა: “ჩვენი წყაროს ცნობით” და “გავრცელებული ინფორმაციით”, შემდეგ კი მთელი სტატია ეწყობა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. ეს ხდება სისტემურად,” – ამბობს გიორგი ჯოლოგუა, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტიდან.

ჯოლოგუას თქმით, ასევე გაზეთები, “ალია” და “ასავალ-დასავალი”, პოლიტიკოსების გაშუქებისას უკიდურესად მძიმე შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის სიხშირით გამოირჩევიან.

ონლაინ მედიაში კვლავ აქტიურად შუქდებოდა პარტიები, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”. მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა ნეგატიური ტონი ენმ-ის გაშუქებისას და 3-ჯერ იმატა “ქართული ოცნების” დადებითმა გაშუქებამ. განსაკუთრებით ცვლილებები კი ბოლო სამი კვირის მანძილზე დაფიქსირდა, რასაც კვლების ავტორები საარჩევნო პროცესების გააქტიურებასა და პოლიტიკური ტემპერატურის მატებას უკაშირებენ. კვლევის თანახმად, არც ერთ გვერდზე არ იყო ჭარბად დადებითი ტონი ენმ-ის მიმართ.

ონლაინ მედიაში აღინიშნება კრიტიკული გაშუქებისა და ანალიტიკური მასალის ნაკლებობა. ხშირ შემთხვევაში შუქდება მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებები და პარტიების საქმიანობა. ონლაინ მედიის ჟურნალისტები გაშუქების დროს მეტ-ნაკლებად იცავენ ჟურნალისტურ სტანდარტებს.

ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ონლაინ მედიაში სარეკლამო და სარედაქციო მასალის ერთმანეთისაგან გამიჯვნა რჩება. ჯოლოგუას თქმით, ხშირ შემთხვევაში სარეკლამო სტატიებს არ აქვთ შესაბამისი აღნიშვნა, რომ მასალა შეიცავს სარეკლამო კონტენტს, ან აღნიშვნა განთავსებულია ისეთ ადგილას, სადაც მკითხველისათვის შეუმჩნეველი რჩება. მედიამონიტორინგის ავტორები ურჩევენ ონლაინ საინფორმციო სააგენტოებს, რომ გაქსიმალურად გამიჯნონ სარეკლამო სტატიები საკუთარი მასალისაგან და განათავსონ ისეთი აღნიშვნები, რაც საშულებას მისცემს მკითხველს, თავიდანვე გაითავისოს კონტენტის შიგთავსი:

“რამდენიმე მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა იდენტური სტატია, რომელიც თბილისის მერიის მიერ იყო გავრცელებული და მხოლოდ ერთმა მიუთითა წყარო. დანარჩენებმა მასალა უცვლელად, ერთნაირი სათაურებით გაავრცელა და არ აღნიშნა, რომ მასალა კომერციული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადდა.”

ინტერნიუს საქართველოს წარმომადგენელმა, ზაქრო თავბერიძემ რადიოსაშუალებების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. როგორც თავბერიძე ამბობს, პრესისა და ონლაინ მედიისაგან განსხვავებით  რადიოში ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. კვლავ ყველაზე მეტ საეთერო დროს “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” უთმობენ. ასევე, გაიზარდა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისათვის დათმობილმა დრომ.

რადიოშიც, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებებში, ნაკლებია სიღრმისეული სიუჟეტები. წინასაარჩევნო კამპანია მშრალად და ზედაპირულად გაშუქდა. ამ თემაზე მომზადებული ახალი ამბების უმეტესობა პოლიტიკოსების მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაკეთებული განცხადებების ციტირებით შემოიფარგლებოდა.

შეიცვალა ტენდენციები ქართულ ტელევიზიაში: წინა საანგარიშო პერიოდებში სამონიტორინგო არხების უმრავლესობა საკუთარი ეთერის ყველაზე მეტ ნაწილს საქართველოს მთავრობის საქმიანობის გაშუქებას უთმობდა, მაგრამ ამჯერად არხები ამ პერიოდში ყველაზე მეტ დროს პოლიტიკურ პარტიებს უთმობდნენ.

  • მთავრობას ყველაზე დადებითად მაესტრო და ობიექტივი აშუქებდა, 8-8%-ით.
  • ყველაზე უარყოფითად მთავრობის საქმიანობა, წინა პერიოდის მსგავსად, ისევ „რუსთავი2″-მა გააშუქა, მისთვის დათმობილი დროის 44%-ით.
  • პარტია „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად „GDS“-ის ეთერში ჩანდა, მისთვის დათმობილი დროის 9% პოზიტიური იყო. ნეგატიურად „ქართული ოცნება“ ყველაზე დიდი დოზით „კავკასიაზე“ გაშუქდა (42%).
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დადებითი ტონით ყველაზე მეტად “რუსთავი-2”-ზე წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 5-% პოზიტიური გაშუქება იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე უარყოფითად, წინა პერიოდის მსგავსად, ისევ GDS-მა გააშუქა (61%).
  • ბიძინა ივანიშვილი ყველაზე პოზიტიურად ტელეკომპანია „რუსთავი” 2–ის ეთერში წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 4%-ით. უარყოფითად  კი, „ობიექტივის“ ეთერში, 57%-ით.

ასევე რამდენიმე არხის ეთერში გავიდა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან გამოთქმული ქსენოფობიის შემცველი კომენტარები, რომლებზეც ჟურნალისტებმა შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინეს.   guki6

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წარმომადენელი, გიორგი მგელაძე აცხადებს, რომ ტელეეთერებში პრობლემად რჩება ე.წ. კადრსინქრონების დაუბალანსებლობის პრობლემა, რადგან მედიასაშუალებები კადრსინქრონს არ აღიქვამენ სრულფასოვან მედიაპროდუქტად, არ ამზადებენ იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც სიუჟეტს ან რეპორტაჟს შეესაბამება და სისტემატურად არღვევენ ბალანსს.

“საინფორმაციო გამოშვებებში მოიკლო განსაკუთრებით დადებითმა ან უარყოფითმა ტონმა, რაც მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, რადგან [საინფორმაციო გამოშვებებში] მედია ფაქტებზე დაყრდნობილი, მშრალი ინფორმაციის გადაცემას უნდა ემსახურებოდეს და არა ვინმეს ქებას და ლაძღვას,” – ამბობს მგელაძე.

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია და მისთვის 4 არხის (“საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “იმედი”, “მაესტრო” და GDS) ეთერში დათმობილი საეთერო დრო მედიამონიტორინგის ანგარიშში ვერ მოხვდა. თუმცა, მგელაძის თქმით, არც ერთ არხს განუმარტავს, რა მოტივით გავიდა პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში, იყო თუ არა ეს ფასიანი რეკლამა, თუ არხის მიერ საარჩევნო აქტივობის გაშუქება:

“ორივე მოტივაციის შემთხვევაში პრობლემა სახეზეა – თუ ეს იყო რეკლამა, უნდა ჰქონოდა შესაბამისი აღნიშვნა, და თუ იყო საარჩევნო სუბიექტის აქტივობის გაშუქება, პრაიმტაიმში მათთვის დროის დათმობით “ქართული ოცნება” სხვა სუბიექტებზე უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა,” – განაცხადა გიორგი მგელაძემ

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, მათ ყველა საარჩევნო სუბიექტს შესთავაზეს თავიანთი საეთერო დრო და ზოგიერთმა მათგანმა ისარგებლა ამ დროით, ზოგმა უარი თქვა. საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციებისათვის მათი დროით “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “რესპუბლიკურმა პარტიამ” ისარგებლეს.

guki7

მედიამონიტორინგის ფარგლებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სატელევიზიო პოლიტიკურ ტოკშოუებსაც დააკვირდა. კვლევის თანახმად, გაიზარდა იმ გადაცემების რიცხვი, სადაც საარჩევნო თემებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდნენ, მაგრამ, ამავდროულად, გადაცემების წამყვანები არ იყვნენ შესაბამისად მომზადებული – წამყვანები ხშირად პოლიტიკოსებს მონოლოგის რეჟიმში პრეზენტაციის საშუალებას აძლევდნენ და არ სვამდნენ კრიტიკულ კითხვებს.

კონკრეტული ფაქტების არარსებობის მიუხედავად, “მაესტრო”, “იმედი” და “GDS” ხშირად ინტერესდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მოსალოდნელი დესტაბილიზაციით და დიდ დროს უთმობდა ამ საკითხის განხილვას.

ასევე, “ობიექტივის” გადაცემა “ღამის სტუდია” კვლავაც პატრიოტთა “ალიანსის” ტრიბუნად რჩება, სადაც ისინი პრაქტიკულად ყველა გადაცემაში საუბრობენ და ეწევიან აგიტაციას.

ასევე აღსანიშნავია, რომ წამყვანებმა რამდენიმეჯერ ვერ მოახერხეს დისკუსიის მართვა და სტუმრებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კვლევის ავტორები დადებითად აფასებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემას “ინტერview”, ასევე,  დებატების წახალისებისათვის- რუსთავი 2-ის გადაცემას “არჩევანი 2016”.

მედიამონიტორინგი 2016 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება და არჩევნების შემდეგ პერიოდსაც მოიცავს. საბოლოო ანგარიში კი დეკემბერში გამოქვეყნდება.

მედიის წვლილი უკეთესი საარჩევნო გარემოს შექმენაში დიდია და ის დადებითი ტენდენციები, რაც მედიამონიტორინგის დროს გამოიკვეთა, ამაში დიდ როლს თამაშობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველოში მედია განვითარდა.” – ასე გამოეხმაურა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი ქართული მედიის კვლევის ახალ შედეგებს.

“ქართული მედია არის უფრო ნაკლებ მიკერძოებული, გაცილებით უფრო დაბალანსებული, იკლო სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებმა, ან პოლიტიკურმა მიკერძოებამ, რაც დადებითი ტენდენციაა. რა თქმა უნდა, ეს თანაბრად არ ნაწილდება მთელ მედიასექტორზე, რჩება მედიის ნაწილი, სადაც ჯერ კიდევ ჩნდება შეკითხვები.” – ამბობს ნილ სკოტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი