ახალი ამბები

რატომ გაუფასურდა ლარი ერთ დღეში

6 ოქტომბერი, 2016 • 1774
რატომ გაუფასურდა ლარი ერთ დღეში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარის რეზერვი გაყიდა, თუმცა ლარი კვლავ გაუფასურდა ერთ დღეში: სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვის ფასი 6 ოქტომბრისთვის 2.38 ლარია, ხოლო კომერციულ ბანკებში – 2.40-მდე აღწევს. “ნეტგაზეთმა” ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე აზრი ჰკითხა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ეკონომისტს, ბესო ნამჩავაძეს.

ბესო ნამჩავაძე გვიხსნის, რომ ამჟამად ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას იწვევს, რაც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული:

“დასრულდა აქტიური ტურისტული სეზონი, საიდანაც დიდ შემოსავალს იღებს საქართველო, ექსპორტში არა გვაქვს გაუმჯობესება, ამავე დროს, ლარის მასა გაზრდილია ქვეყანაში… ლოგიკურად, ყველა მიმართულებით ლარის კურსზე ზეწოლა გაზრდილია გაუფასურების მიმართულებით”, – გვეუბნება ნამჩავაძე.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ არასწორი იყო ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი ჩარევა, რითაც ცდილობდა, შეეჩერებინა ლარის კურსი 2.30-თან ახლოს და ამ მაჩვენებელთან დაეახლოებინა. საუბარია ეროვნილი ბანკის მიერ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაყიდულ 100 მლნ აშშ დოლარზე.

“ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ არჩევნების წინ მაღალი მერყეობა ყოფილიყო ლარისთვის. 100 მლნ-ის გაყიდვა, ჩემი აზრით, არასწორი იყო, რადგან როდესაც არის გარემო, რომელიც ისედაც იწვევს ლარის გაუფასურებას, ამ პროცესს ხელოვნურად ვერ შევაკავებთ. ლარი მომავალში მაინც გაუფასურდება და არგუმენტი, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ამიტომ იყო ეს ჩარევა საჭირო, არასწორია. რადგან გაუფასურება ეკონომიკური ფაქტორებით არის გამოწვეული, აქედან გამომდინარე, ლარის კურსმა თავისი გზა მაინც იპოვა”, – ამბობს “GRASS”-ის ეკონომისტი.

მას მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურების ხელოვნურად შეჩერება შესაძლებელი  რომ იყოს, ეს აქამდეც მოხდებოდა. “ლარი თავისი ბუნებრივი კურსისკენ მიისწრაფვის. შეიძლება, კიდევ ჩაერიოს ეროვნული ბანკი და შეამციროს (ლარის კურსი დოლართან მიმართებაში) ცოტათი, მაგრამ ჩაივლის არჩევნები და ამას გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება”, – მიიიჩნევს იგი.

ბესო მანჩავიძეს ვკითხეთ, ხომ არ ჰქონდა რაიმე ეფექტი დღევანდელ გაუფასურებაზე გუშინ, 5 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 33 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდების გაყიდვას. ეკონომისტმა გვიპასუხა, რომ შესაძლოა ამის გამო არც შემცირებულიყო ლარის კურსი. “გარკვეული თანხა ისესხა და ძველი ვალი გადაფარა, ფინანსთა სამინისტრო ამას ხშირად აკეთებს ხოლმე”, – გვითხრა ნამჩავაძემ.

“ლარის კურსის გაუფასურების პროცესი ამჟამად შესაძლოა არ იყოს მასშტაბური, მაგრამ სრულიად შემთხვევით ის დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს. ამის შემდეგ მთავრობა შეეცადა, არჩევნებისთვის მაინც შეეჩერებინათ გაუფასურების პროცესი და გადაევადებინათ, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასე იოლი არ არის ამ პროცესის შეჩერება”, – ამბობს ნამჩავაძე და დასძენს, რომ ასეთი ჩარევა მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაშია შესაძლებელი:

“ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის გამართლებული, თუკი იცი, რომ ეს [გაუფასურება] ხანმოკლე პროცესია, მოსახლეობაში აჟიოტაჟით არის განპირობებული ან ხვალ-ზეგ ელოდები დიდი თანხის შემოსვლას ქვეყანაში, ეკონომიკური სიტუაციის მკვეთრ შემობრუნებას – ასეთ შემთხვევაში გამართლებულია, რომ არ მისცე ლარს მაღალი მერყეობის საშუალება, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამ სიტუაციას, არ ველოდები, რომ დღეს-ხვალ რაიმე პოზიტიური გველოდეს, რომ დროებით ლარის კურსის გაუფასურება უნდა შევაჩეროთ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს უფრო განპირობებული იყო [მთავრობის სურვილით], რომ არჩევნებისთვის არ ყოფილიყო მაღალი მერყეობა. მცირე მერყეობა იყო, – ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ ბანკს ფიქსირება არ მოუხდენია ლარის კურსის. შესაძლოა, დღეს ლარის კურსი გაცილებით მაღალი ყოფილიყო, ვიდრე არის”, – ამბობს ნამჩავაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი