ახალი ამბები

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური გაიხსნა

6 ოქტომბერი, 2016 • 3561
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური გაიხსნა

დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა. ელექტროსადგურ “ქართლის” გახსნის საზეიმო ღონისძიებას გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რომელმაც საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა პროექტის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, კახა კალაძეს, რომლის ხელმძღვანელობითაც განხორციელდა აღნიშნული პროექტი.

“დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით. თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც 34 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ელექტროსადგური საშუალებას მოგვცემს, ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილი დავაკმაყოფილოთ ქარის ენერგიის ხარჯზე. რაც მთავარია, ეს არის როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული ენერგიის რესურსი, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია. მჯერა, რომ ამ რესურსების სათანადოდ ათვისება დამატებით სიმძლავრეებს შესძენს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ყველა იმ სიახლეს, რომლითაც საქართველო იქცევა ჭეშმარიტად განვითარებულ, მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყნად,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ელექტროსადგურ “ქართლის” პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურმა” განახორციელა. მთავრობის ინფორმაციით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია- 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური ექვსი აგრეგატისაგან შედგება, ხოლო თითოეულის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.

შენიშვნა: ე.წ. ქავერის ფოტო გამოყენებულია მასალის ილუსტრაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი