ახალი ამბებიკომენტარი

პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ევროკავშირისგან ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს

5 ოქტომბერი, 2016 • 1649
პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ევროკავშირისგან ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორეპერის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებად და აღიარებად აფასებს:

“დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე. ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების და განხორციელებული რეფორმების აღიარებას”,- ამბობს კვირიკაშვილი.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს და ქვეყნის მეგობრებს. ასევე, მადლობა გადაუხადა იმ ინსტიტუტებს და საჯარო მოხელეებს, რომლებმაც, მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი შრომა გასწიეს  ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისაღებად.

“მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული წარმატებების აღიარებას. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და გარდაუვალ წარმატებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებში”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

კორეპერი – ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი შეთანხმდა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

“ევროკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ [საქართველოსთან] სავიზო რეჟიმი იმ დროს უნდა გაუქმდეს, როდესაც ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმი შევა ძალაში”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა, რჩება ევროპარლამენტში კენჭისყრა, სადაც საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის საჭიროა უბრალო უმრავლესობა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებენ ევროსტრუქტურები ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმს, რაზეც, როგორც ირკვევა, საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის ბედიცაა დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი