ახალი ამბები

ნახევარი მილიონი ხელფასის სახით ბურჭულაძეს – მოიპოვა თუ არა აუდიტმა ინფორმაცია უკანონოდ?

5 ოქტომბერი, 2016 • 1751
ნახევარი მილიონი ხელფასის სახით ბურჭულაძეს – მოიპოვა თუ არა აუდიტმა ინფორმაცია უკანონოდ?

მოიპოვა თუ არა უკანონოდ აუდიტის სამსახურმა ინფორმაცია “საქართველოს განვითარების ფონდიდან” პაატა ბურჭულაძის მიერ მიღებულ ხელფასზე? – ბურჭულაძის პარტია კიდევ ერთხელ ადანაშაულებს სახელმწიფოს მათ წინააღმდეგ მოქმედებაში.

გუშინ, 4 ოქტომბერს, აუდიტის სამსახურიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძემ “საქართველოს განვითარების ფონდიდან” ხელფასის სახით ნახევარ მილიონ ლარამდე მიიღო. ნეტგაზეთს აუდიტის სამსახურში განუმარტეს, რომ ეს თანხა ბურჭულაძემ მიიღო ფონდის დაარსებიდან პარტიის შექმნამდე პერიოდში (2015 წლის ნოემბერი – 2016 წლის მაისი) . იღებდა თუ არა ბურჭულაძე ფონდიდან ხელფასს პარტიის შექმნის შემდეგაც – ამაზე ინფორმაციას აუდიტი არ ფლობს.

პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ჯანდიერი ამბობს, რომ ინფორმაცია ფონდიდან მიღეული ხელფასის შესახებ აუდიტს უკანონოდ აქვს მოპოვებული:

“მე ველაპარაკე საქართველოს განვითარების ფონდის იურისტს, მან დამიდასტურა, რომ აუდიტის სამსახურმა საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით ფონდში ხელფასების და საბანკო ბრუნვის შესახებ. სასამართლომ უთხრა უარი ამ ინფორმაციის გაცემაზე. გამოვიდეს აუდიტის სამსახური და თქვას, საიდან საუბრობს საერთოდ რაიმე სახის თანხაზე ფონდში ხელფასების თაობაზე,”- განაცხადა დავით ჯანდიერმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში 4 ოქტომბერს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ინფორმაცია კონკრეტულად ბურჭულაძის ხელფასის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან მიიღეს. რაც შეეხება ინფორმაციას “საქართველოს განვითარების ფონდის” საბანკო ბრუნვისა და ხელფასების შესახებ, ამის შესახებ აუდიტმა მართლაც მიმართა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ ფონდის ფინანსურ ინფორმაციაზე დაშვება მხოლოდ 18 მაისის შემდგომ პერიოდზე მისცა და არა ფონდის შექმნის დღიდან.

როგორც ზურაბ აზნაურაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტა,  “საქართველოს განვითარების ფონდთან” დაკავშირებით ინფორმაციას სწავლობდნენ, რადგანაც თავიდანვე არსებობდა ეჭვი, რომ ფონდი არჩევნებში მონაწილეობისთვის იყო შექმნილი.

“ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა ოფისი, რაც ფონდს ჰქონდა, გადაიბარა პარტიამ, თანამშრომლებიც და ასე შემდეგ. ეს ეჭვები არცთუ ისე უსაფუძვლო იყო თავიდანვე. მათ უარი რომ გვითხრეს ამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე და ესეც საეჭვოა, თუ პოლიტიკაში პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის პრინციპი არსებობს და დასამალი არაფერი გვაქვსო, რატომ უნდა დამალო დეკლარაციები და ინფორმაციები. შემდგომაც უარი გვითხრეს და ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. მათ ეს გაგვისაჩივრეს. სასამართლომ დაგვიკმაყოფილა მოთხოვნა 18 მაისიდან. როდესაც უკვე პოლიტიკური პარტია შეიქმნა, ჩვენ მივიღეთ წვდომა ფონდზეც, ამ პარიოდში პარალელურად ხომ არ ხდებოდა დაფინანსება,”- განაცხადა მან.

გარდა ამისა, აზნაურაშვილის განმარტებით, აუდიტის სამსახური ინფორმაციას იღებს პარტიების შემომწირველთა შესახებაც. ეს ხდება სასამართლო წესით – აუდიტი დასაბუთების საფუძველზე მიმართავს სასამართლოს ამა თუ იმ შემომწირველის შემოსავლების შესახებ, შემოსავლების სამსახური კი მათ ამ ინფორმაციას აწვდის. აზნაურაშვილის განმარტებით, ამჟამად უკვე აქვთ მოპოვებული წვდომა  დაახლოებით 900 შემომწირველის შემოსავლებზე. მისივე განმარტებით, მოწმდება შემომწირველთა შემოსავლები შეწირულობის განხორციელების ბოლო ორი ან სამი წლის განმავლობაში.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მაისში პაატა ბურჭულაძემ საკუთარ პარტიას 60 000 ლარი შესწირა.

“მასზეც, როგორც შემომწირველზე, ინფორმაცია მივიღეთ ამ პერიოდამდე მიღებული შემოსავლების შესახებ. შემოწირულობა როგორც კი დაფიქსირდა, ჩვენ უფლება გვაქვს, შევამოწმოთ. ვადასტურებთ იმასაც, რომ მისი ოჯახის წევრებმაც შესწირეს: შვილებმა, რძალიც გვყავდა გამოკითხვაზე, სხვათა შორის, ისე, რომ არ ვიცოდით, რომ რძალი იყო. როგორც შემომწირველი, ვთხოვეთ მოსვლა გამოკითხვაზე,”- განაცხადა აზნაურიშვილმა.

რაც შეეხება “საქართველოს განვითარების ფონდის” ფინანსურ ინფორმაციას, აზნაურაშვილი ამბობს, რომ აუდიტმა სასამართლოს ივლისში მიმართა და მოითხოვა ფინანსური ინფორმაცია ფონდის ფუნქციონირების სრულ პერიოდზე. სასამართლომ მათ მხოლოდ 18 მაისიდან პერიოდში მისცა ამ ინფორმაციაზე დაშვება. აზნაურაშვილის თქმით, პროცესი გაიწელა, რადგან პარტიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, საბოლოოდ, აუდიტმა ფონდის ფინანსურ ინფორმაციაზე დაშვება მოიპოვა ორთვიან პერიოდზე (18 მაისიდან 17 ივლისამდე).

“ახლა ვამოწმებთ ბანკებს და სხვა ინფორმაციას,”- განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ როგორ გაარკვევს აუდიტი, იყო თუ არა ფონდის თანხები გამოყენებული პარტიის დასაფინანსებლად, აზნაურაშვილი გვპასუხობს, რომ შესაძლოა, გადარიცხვებისთვის რამდენიმე მეთოდი იყოს გამოყენებული:

“მაგალითად, ხომ არ მოხდა ფონდიდან გარკვეული თანხების გადარიცხვა კომპანიაზე, რომლის თანამშრომლებმაც შემდეგ შესწირეს ფული. ან ფონდის თანამშრომლებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების გაცემა ხომ არ მოხდა და ა.შ,”- განაცხადა აზნაურაშვილმა.

დავით ჯანდიერმა გუშინ ასევე აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ავტომობილში იყო იმ პოლიტიკოსთან ერთად, ვინც პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციით არის დაკავებული.

“გამოვიდეს ლაშა თორდია, აუდიტის სამსახუსის უფროსი  და განაცხადოს, გუშინწინ, შორტებში, ვის ჩაუჯდა მანქანაში, რომელ პოლიტიკოსს და ხომ არ იყო ეს პოლიტიკოსი ის პოლიტიკოსი, ვინც ბოლო 10 დღის განმავლობაში პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციით არის დაკავებული?!”- განაცხადა დავით ჯანდიერმა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ პოლიტიკოსს გულისხმობდა. 

ამ განცხადებას აუდიტის სამსახურის პრესსამსახურში აბსურდი უწოდეს და განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებდნენ.

ფინანსური პრობლემები ბურჭულაძის პარტიაში

პაატა ბურჭულაძის პარტიას ფინანსური პრობლემები აქვს – სწორედ ამას უკავშირდება მათი  გადასვლა თბილისში, აღმაშენებლის 150-ში მდებარე ცენტრალური ოფისიდან.

აღმაშენებლის 150-ში მდებარე შენობა კომპანია რეალ ინვესტს ეკუთვნის, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც არის ზესტაფონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი, ილია კოკაია. კოკაიამ მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძეს 57 000 დოლარი ჰქონდა ოფისის დავალიანება:

“პარტიას 57 ათასი დოლარი ვალი დაუფიქსირდა. ერთ დღეს, ნაცვლად იმისა, რომ მათ ეზრუნათ ამ ვალის დაფარვაზე, გაიტანეს კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო მეორე დღეს – უკვე აპირებდენ ავეჯის გატანას. აქ უკვე მენეჯმენტმა მიიღო ალბათ სწორი გადაწყვეტილება, რომ დაულუქა ოფისი, სანამ ვალი არ იქნებოდა დაბრუნებული”- განაცხადა ილია კოკაიამ.

“ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩმა” ასევე განაცხადა, რომ პარტიას ჰქონდა პრობლემები კოორდინატორებისთვის ხელფასების გადახდისას.

“გირჩი”  ბურჭულაძე-ვაშაძე-კაციტაძესთან ერთად კოალიციაში 27 სექტემბრის შემდეგ აღარ არის. გამოსვლის შემდეგ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძემ პროპორციულ სიაში გირჩის წევრების დატოვების სანაცვლოდ ფული მოითხოვა, ოღონდ ეს ფული საარჩევნო ბლოკის მიზნებს არ უნდა მოხმარებოდა:

“დამოკიდებულება იყო ასეთი: ან თანხას მოიტანთ კამპანიისთვის და რეალურად, ეს თანხა მისი პირადი ვალდებულებების გასტუმრებას უფრო შეეხებოდა, ან თქვენს წევრებს ამოვიღებთ სიიდან,”- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

პაატა ბურჭულაძემ “გირჩის” წევრების ამ განცხადებების პასუხად განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფული არ სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი