ახალი ამბები

სტეფან ფულე: ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში ჯანსაღი მედია გვჭირდება [Video]

19 ივნისი, 2012 • 1562
სტეფან ფულე: ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში ჯანსაღი მედია გვჭირდება [Video]

რა მდგომარეობაა მედიის თავისუფლების კუთხით რუსეთსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებში – საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბელორუსში? – სწორედ ამ საკითხის განხილვას მიეძღვნა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებს, ევროკომისრებსა და ჟურნალისტებს შორის.

სტეფან ფულე Freedom House-ის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ითვლებიან ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებად, ხოლო დანარჩენი ოთხი ქვეყანა [სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და ბელორუსი] – საერთოდ არათავისუფალ ქვეყნებად.

“აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ერთობა ღირებულებების გარშემო და მედიის თავისუფლება გამოკვეთილი იქნა ამ პარტნიორობის არსებით ელემენტად.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იმისა, თუ რატომ გვჭირდება ჩვენ ჯანსაღი მედია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში: იმიტომ, რომ ამ პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. კარგად ინფორმირებული და ცნობისმოყვარე მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმ პროგრამების განხორციელებაში, რომელიც ამ ქვეყნებს ევროკავშირის ღირებულებებთან დააკავშირებს”, – ამბობს სტეფან ფულე.

მისივე თქმით, მედიის თავისუფლების კუთხით ბევრი ქვეყნის მაგალითზე უფრო მეტად მზარდი კონტროლი ფიქსირდება, ვიდრე  მზარდი თავისუფლება.

“მაგალითად, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, თუ როგორი ზეწოლა და დაშინება ხდება ჟურნალისტებზე აზერბაიჯანში; სამართლებრივი ქმედებები დაიწყო იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს დეფამაციას სომხეთში; ჩვენ გვაშფოთებს მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის სისტემა უკრაინაში; გვაშფოთებს ის, რომ ლიცენზია იქნა ჩამორთმეული ტელევიზიისთვის მოლდოვაში;  დაუსჯელობის სინდრომი რუსეთში ჯერ კიდევ ძალაშია და ჩვენ ვერ გავჩუმდებით, სანამ არ გადაიჭრება ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის საკითხი; ჩვენ გვინდა სამოქალაქო საზოგადოებას დავეხმაროთ იმაში, რომ ჩამოყალიბდეს ხედვა თანამედროვე ბელორუსისა, რომლის ნაწილიც უნდა გახდეს თავისუფალი და პლურალისტული მედია”, – აცხადებს სტეფან ფულე.

ჰელმუტ შულცი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ამბობს, რომ წარმოდგენილ ქვეყნებს შორის ბელორუსი და აზერბაიჯანი უკიდურესი მაგალითია იმისა, თუ როგორ ირღვევა მედიის თავისუფლება.

“მოლდოვაში 5 აპრილს აიკრძალა კერძო სატელევიზიო მაუწყებლობა, რადგან ეს არხი კრიტიკულად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ეს პირველად მოხდა მოლდოვაში ბოლო 18 წლის განმავლობაში. წინა ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელევიზიებს არსებობის საშუალებას აძლევდა, მაგრამ ახლა კრიტიკული მედიასაშუალებები აიკრძალა მოლდოვაში.

39 ათასი მედიასაშუალება, რომელიც რეგისტრირებულია რუსეთში, ადკევატურად აშუქებს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს? ადგილი აქვს ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტებს. რა თქმა უნდა, ევროპის კავშირმა უნდა დაიცვას ამ ქვენებში ჟურნალისტების უფლებები”, – აცხადებს ჰელმუტ შულცი.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე პასუხისმგებელი ევროკომისარი სტეფან ფულე საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიურ ცვლილებებზე საუბრობს:

“საქართველოში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ახალი კანონი მედიამფლობელების გამჭვირვალობის შესახებ და კარგი მაგალითი სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისა. ეს იყო ინკლუზიური რეფორმის პროცესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო არა მხოლოდ ოპოზიციამ ან სამოქალაქო საზოგადოებამ, არამედ, რა თქმა უნდა, თავად მედიამაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი და საუკეთესო გახლავთ ის, რომ როდესაც მთავრობა კარგ კანონს იღებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან კონსულტაციაში, ეს ძალიან კარგი შედეგია.”

Freedom House-ის მონაცემებით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა მედიის თავისუფლების კუთხით ბელორუსშია [იგი 193-ე ადგილზეე], ყველაზე კარგი კი – საქართველოში [111-ე ადგილი].

“მე როცა ვსწავლობ, შეიძლება კლასში ვიყო საუკეთესო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მართლა კარგი ვარ. ასე რომ, თუ კლასიფიკაციას მოვახდენთ საქართველოსთან მიმართებაში, მე  მაინც ვერ დავასკვნი იმას, რომ აქ არის კარგი სიტუაცია მედიის თავისუფლების კუთხით, თუმცა ამ ჯგუფში საუკეთესოა”, – აცხადებს მარეკ ჰენრიკ მიგალსკი, ევროპარლამენტის ევროკავშირი-რუსეთის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრი.

როგორია ურთიერთკავშირი თავისუფალ მედიასა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს შორის? – ეს იყო კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ევროპარლამენტში შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება.

“ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი არჩევნები გველის ამ წელს – მაგალითად, საქართველოში, უკრაინაში. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებს უკრაინაში არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ეს სამომავლოდ განსაზღვრავს ჩვენსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ბედს. ჩვენ გვინდა, რომ მედიამ წინასაარჩევნო მოვლენები დაბალანსებულად გააშუქოს და თანაბარი წვდომა მისცეს კამპანიის ყველა მონაწილეს”, – აცხადებს სტეფან ფულე.

გამოიყენებს თუ არა ევროკავშირი უფრო რადიკალურ ზომებს იმ პარტნიორი ქვეყნების მიმართ, სადაც მნიშვნელოვნად იზღუდება მედია და უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები?

“ჩვენი მხრიდან იქნება ნაკლები მხარდაჭერა, თუ იქნება ნაკლები პროგრესი, გარდა ამისა, ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ თუ იქნება დრამატული დარღვევები ადამიანის უფლებების, თავისუფლებების სფეროში, შეიძლება მიზნობრივი და ცალსახა ზომები იყოს მიღებული. მე ვამბობ, რომ ეს არ იქნება საზოგადოების ხარჯზე, პირიქით, როდესაც მიზნობრივი და კონკრეტული სანქციები იქნება, იქ ყოველთვის იქნება თანმხლები პროგრამები, რომ გაძლიერდეს სტიმულები, მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების, რასაკვირველია, მედიის მხარდაჭერსაც ვგულისხმობთ, ანუ ეს საზოგადოების ხარჯზე არ მოხდება,” – აცხადებს სტეფან ფულე.

აღმოსავლეთის პარტნიორობის ორმხრივი და რეგიონული პროგრამებისთვის 2010-13 წლებში 2 მილიარდი ევროს ფარგლებში თანხა იხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი