ახალი ამბებიკომენტარი

არასამთავრობოები თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: ადეკვატურად დაისაჯონ დამნაშავეები

5 ოქტომბერი, 2016 • 1900
არასამთავრობოები თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: ადეკვატურად დაისაჯონ დამნაშავეები

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ  4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის, ავტომობილის აფეთქება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. არასამთავროები სამართალდამცავ ორგანოებს ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“ამ შემთხვევას წინ უძღოდა შეიარაღებული თავდასხმა დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე გორში და ძალადობრივი ინციდენტის შედეგად „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაშავების ფაქტი ზუგდიდში. მაშინ, როცა რიგი გამოწვევების მიუხედავად, ამ ინციდენტებამდე საარჩევნო პერიოდი პოზიტიური გარემოთი ხასიათდებოდა, მსგავსი ქმედებები ცალსახად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მშვიდ და სტაბილურ საარჩევნო გარემოს, ქმნის სიტუაციის ესკალაციის რისკებს და აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის გამოწვევაა. ამ გამოწვევასთან გამკლავება მათი საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს”, – წერენ არასამთავრობოები საკუთარ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს, უპირველეს ამოცანად დაისახონ არჩევნების დღის და მანამდე დაგეგმილი აქციებისა თუ სხვა წინასაარჩევნო ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე, სწრაფად, სრულყოფილად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად გამოიძიონ მომხდარი და ადეკვატურად დასაჯონ დამნაშავეები. “ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიება საგამოძიებო ორგანოებისთვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ეს საკითხი პოლიტიკური ბრალდებების საგანი გახდა”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნების წინ არსებული პოლიტიკური ტემპერატურის ფონზე:

  • გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
  • უარი თქვან დაპირისპირებისა და ესკალაციის საფრთხის შემცველ ქმედებებზე;
  • ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის ძალადობრივი მიმართულებით განვითარება;
  • ხელი შეუწყონ მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს;
  • გამოძიების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე უარი თქვან პოლიტიკურ ბრალდებებზე;

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ორი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, პირს, რომლის მდგომარებაც მძიმეა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე გაუკეთდა.

გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (cida) და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი