ახალი ამბები

“მადნეული” და “კვარციტი” კომპანია “კაპიტალ ჯგუფმა” იყიდა

19 ივნისი, 2012 • 4491
“მადნეული” და “კვარციტი”  კომპანია “კაპიტალ ჯგუფმა” იყიდა

სს „მადნეულსა“ და „კვარციტს“ მფლობელის შეეცვლის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ პირველად კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დაუდასტურა.

 „დანამდვილებით ვიცი, რომ კომპანია „მადნეული“ და „კვარციტი“ გაიყიდა. თუმცა მფლობელის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. გარიგება 14 ივნისს განხორციელდა, ახალი მყიდველის ვინაობა ოფიციალურად მალე გახდება ცნობილი,“ – ამბობს ჯონი შუბითიძე.

 „ჯეოპრომაინინგის“  მიერ ქართული აქტივების – „მადნეულისა“ და „კვარციტის“  გაყიდვის შესახებ ინფორმაცია „ინტერფაქსმაც“გაავრცელა.  ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ჯეოპრომაინინგმა“ ფინანსური გარიგება ქართული აქტივების შესახებ უკვე დახურა და „მადნეული“ და „კვარციტი“ 120 მილიონ დოლარად გაყიდა. „ინტერფაქსთან“ საუბარში „ჯეოპრომაინინგის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები მყიდველის ვინაობას არ ასახელებენ.

 საჯარო რეესტრის მონაცეებით, სს „მადნეულში“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ვადაზე ადრე შეიცვალა. 2012 წლის 7 ივნისს, კომპანიის აქციების 99,19 034 პროცენტის განმკარგავი  „ჯი პი ემ ჯორჯია ბი. ვი.“–ის გადაწყვეტილებით, სამეთვალყურო საბჭოში ახალი პირები – რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ტროიცკი, ზურაბ ქუთელია და ვახტანგ ფარესიშვილი შევიდნენ.

 კომპანია „ჯი პი ემ ჯორჯია ბი. ვი.“ ამსტერდამშია რეგისტრირებული და მას ოლეგ ბელიაევი წარმოადგენს. 2011 წლის 21 სექტემბერს კომპანია „ჯეო პრომაინინგთან“ გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე,  „ჯი პი ემ ჯორჯია ბი. ვი.“ „მადნეულის“ აქციების 99,19034 პროცენტს 2012 წლის 21 სექტემბრამდე განკარგავს.

 საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის ახალი მფლობელების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული. გრაფაში– მფლობელები– ნაჩვენებია, რომ კომპანია რეორგანიზაციის რეჟიმშია.

„მადნეულის“  და „კვარციტის“ საბადოებზე  ლიცენზია  “პრომიშლინიე ინვესტორის” შვილობილმა კომპანია  2005 წელს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამართულ აუქციონზე 51,1 მილიონ დოლარად იყიდა. 2007 წელს კომპანია მართვის უფლებით “ჯეოპრომაინინგს” გადაეცა. წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიის ვადა 2014 წლის მაისში იწურებოდა. საბადოს ლიცენზიაზე ტენდერი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2012 წლის იანვარში გამოაცხადა.   

 ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ლიცენზია 29 თებერვალს 110.5 მილიონ ლარად გაყიდა.

27–წლიანი ლიცენზია კომპანია Mining Investments LLC –მა მოიპოვა, რომელიც აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო.

 კომპანია საქართველოში 2012 წლის 13 თებერვალს დარეგისტრირდა – დაახლოებით ერთ თვეში, მას შემდეგ, რაც ბუნებრივი რესურსების სააგენტომ 19 იანვარს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაიტანა.

 Mining Investments LLC –ის 100%-იანი წილის მფლობელი ალვიდას ბრუსოკასია, ლიტვის მოქალაქე, რომელიც სანკტ–პეტერბურგში ცხოვრობს.

 „ჯეოპრომაინინგის“ მენეჯმენტში ტენდერის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რიმ კომპანიამ ლიცენზიის ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან ფასი კომერციულად არ იყო მომგებიანი.   

 სასარგებლო წიაღისაულის მოპოვების ბაზარზე „კავკასიის სამთო ჯგუფი“  „ჯეოპრომაინინგის“ ერთადერთი კონკურენტია.

 “კავკასიის სამთო ჯგუფი” 2011 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა და კვიპროსში 2011 წლის 6 ივნისს დარეგისტრირებული Pamtilon Holdings Limited–ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

 სააქციო საზოგადოება “მადნეულზე” საქართველოს ენერგეტიკისა და  ბუნებრივი რესურსების სამინიტროს მიერ (სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო)  2011 წლის ზაფხულში  ჩამორთმეული  სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ორი ლიცენზიიდან ერთ-ერთი  კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ ოქტომბერში 93,5 მილიონ ლარად იყიდა.

სააქციო საზოგადოება “მადნეულზე” საქართველოს ენერგეტიკისა და  ბუნებრივი რესურსების სამინიტროს მიერ (სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო)  2011 წლის ზაფხულში  ჩამორთმეული  სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ორი ლიცენზიიდან ერთ-ერთი  კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ ოქტომბერში 93,5 მილიონ ლარად იყიდა.

სს „მადნეული“ მმართველი გუნდის წევრ, პარლამენტარ კობა ნაყოფიას სახელს უკავშირდება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კობა ნაყოფია სს”მადნეულის” აქციონერია. მისი სახელი კომპანიაში 2008 წელს გამართულ აქციონერთა კრების ოქმშია შეტანილი, სადაც ნაყოფია კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელს სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრების შეყვანას სთხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაყოფიამ “მადნეულში” წილი 2011 წლის შემოდგომაზე დათმო. სწორედ ამ დროს ჩამოართვა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ კომპანიას ლიცენზია 37 საბადოზე, რომელსაც ფლობდა, თუმცა არ ამუშავებდა. ნაყოფია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი