ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭოს მწვანე შუქი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას

5 ოქტომბერი, 2016 • 1490
ევროკავშირის საბჭოს მწვანე შუქი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას

კორეპერი – ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი შეთანხმდა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

“ევროკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ [საქართველოსთან] სავიზო რეჟიმი იმ დროს უნდა გაუქმდეს, როდესაც ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმი შევა ძალაში”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა, რჩება ევროპარლამენტში კენჭისყრა, სადაც საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის საჭიროა უბრალო უმრავლესობა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებენ ევროსტრუქტურები ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმს, რაზეც, როგორც ირკვევა, საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის ბედიცაა დამოკიდებული.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის შემდეგი პროცედურებია დარჩენილი:

ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე, პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი).

გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი