ახალი ამბები

კობახიძე: მკაცრად ვაფრთხილებთ ენმ–ს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე

5 ოქტომბერი, 2016 • 1367
კობახიძე: მკაცრად ვაფრთხილებთ ენმ–ს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე

გუშინდელმა აქტმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები ძალაუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო, – ეს განცხადება “ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

მმართველი გუნდი ამ აქტს პირდაპირ უკავშირებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესს. კობახიძის თქმით, შემაშფოთბელია ენმ–ის წევრების ბრალდებები ხელისუფლების მიმართ. კობახიძე აფრთხილებს ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე:

“მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ნიშნების მოტივი საბოლოოდ გამოძებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს მყარი საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს აქტი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან. შემაშფოთებელია, რომ დანაშაულის ჩადენისთანავე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან გაისმა ბრალდებები “ქართული ოცნების” და ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვერ დავტოვებთ მკაცრი რეაგირების გარეშე. გუშინდელმა აქტმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები ძალაუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო. მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე და ნუ ეცდებიან ჩრდილის მიყენებას დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება არის მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატია და მმართველი გუნდი ამ კომპეტენციაში ვერ შეიჭრება:

“გვაქვს კონკრეტული ვარაუდი და ამ ვარაუდის საფუძველი, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული. არსებობს რისკები და აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ და ვთხოვთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ დღევანდელ აქციას და ასევე მომდევნო სამი დღის განმავლობაში პროცესებს. ყველაზე აქტიურ ფაზაშია შესული საარჩევნო პროცესი და აქედან გამომდინარე ახლა გვმართებს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი დივერსია და პროვოკაციები ამ პროცესში.”

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია 5 ადამიანი, აქედან ორი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს, ხოლო ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს და დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109–ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი