ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების უკან შეიძლება რუსეთი იდგეს

5 ოქტომბერი, 2016 • 1966
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების უკან შეიძლება რუსეთი იდგეს

ახალი პოლიტიკური ცენტრის – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დეპუტატის მანქანის აფეთქება, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საქართველოს მტერს აწყობს.

“არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დეპუტატს აფეთქებენ მანქანაში. ძალიან მიჭირს კავშირის გამორიცხვა არჩევნებსა და ამ შემთხვევას შორის. მგონია, რომ ეს, საბოლოო ჯამში, მხოლოდ იმას აწყობს, ვინც საქართველოს მტერია. ამ ყველაფრის უკან შეიძლება რუსეთი იდგეს, იმის მიუხედავად, ქვეყნის შიგნით აფეთქებისთვის ვინ შეიძლება იყოს გამოყენებული, ან ვინ, რა მოტივით შეიძლება აკეთებდეს ამას”.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენახვა წელიწადში 100 მილიონი ლარი ჯდება. არ ვიცი,   ქალაქის ცენტრში დეპუტატის მანქანის აფეთქებაზე   დიდი რა ჩავარდნა შეიძლება ჰქონდეს უსაფრთხოების სამსახურს. მთელი პასუხისმგებლობა, საბოლოო ჯამში, ეკისრება ხელისუფლებას იმის მიუხედავად, თუ რა ვერსია აღმოჩნდება მაღალი. ხელისუფლება იმისთვის არ არსებობს, რომ ეჭვებით და ჭორებით იყოს დაკავებული. დიდი ხანია ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჭორაობით არის დაკავებული. ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ სწრაფად გამოიძიონ დანაშაული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმისთვის არსებობს, რომ ასეთი ფაქტები არ ხდებოდეს. ”

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა.დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ორი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, პირს, რომლის მდგომარებაც მძიმეა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე გაუკეთდა.

გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

“ქართული ოცნების” წევრმა, ეკა ბესელიამ არ გამორიცხა, რომ აფეთქება დადგმული იყო:

“იმედი მინდა დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხდებები და პოლიტიკური სარჩული არ მოჰყვება ახლა ამ ფაქტს და არ ექნება მცდელობა იმისა, რომ პირდაპირ მოხდეს გარკვეული, ასე ვთქვათ, სცენარის შექმნა. იმიტომ, რომ რაღაცნაირად ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში და გაირბინა იმ კადრებმა, რომელიც თავის დროზე გვახსოვს ჩვენ ხურჩაში დადგმული რაღაც სცენარი. შემდეგ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, “თავისუფალი ზონის” წარმომადგენელბის მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე და გულწრფელად არ მინდა ვიფიქრო, რომ ამდაგვარი რამ ხდება. ამიტომ, მოდით, გამოძიებას მივანდოთ პირველ რიგში ამ საქმის დადგენა, ამ ფაქტის გარკვევა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ შეფასებები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი