ახალი ამბებისამართალი

თარგამაძე: როგორც ჩანს, ის, ვინც დისტანციურ [დეტონატორს] დააჭირა, უკან მოგვყვებოდა

4 ოქტომბერი, 2016 • 1529
თარგამაძე: როგორც ჩანს, ის, ვინც დისტანციურ [დეტონატორს] დააჭირა, უკან მოგვყვებოდა

ენმ-ს დეპუტატი გივი თარგამაძე ფიქრობს, რომ მის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა უკანა სავარძლების მხარეს იყო დამონტაჟებული. ეს განცხადება მან  4 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე ჩართვისას განაცხადა.

თარგამაძის თქმით,  მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს, ამიტომ იგი დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს.

“ოფისიდან გამოვედი, მძღოლი იჯდა საჭეთან. კოლმეურნეობის მოედანზე ამოვუხვიეთ და ამ დროს… თავიდან ვერც მივხვდი, რა მოხდა, მე მეგონა, რომ წინიდან გვესროლეს რაღაც… მე და ჩემს მძღოლს ბევრი ფიზიკური დაზიანება არ გვაქვს, ყურებში ცუდად გვესმის იმასაც და მეც. სამწუხაროდ, როგორც შევამჩნიე, სამი ადმაიანი საკაცით გადაიყვანეს. მანქანის უკანა ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად მოგლეჯილია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სწორედ უკანა ნაწილში იყო ჩადებული ასაფეთქებელი [მოწყობილობა] და, როგორც ჩანს, ის, ვინც დისტანციურ [დეტონატორს] დააჭირა, უკან მოგვყვებოდა”, – ამბობს თარგამაძე.

კითხვას, ხომ არ ემუქრებოდა ვინმე ბოლო  პერიოდის განმავლობაში, იგი ასე პასუხობს:

“მე არ მინდა ჯერ ბოლომდე ვთქვა, რაც იყო, რაღაცები იყო… ამას ნელ-ნელა მოგიყვებით. ეს არ იყო პირდაპირი მუქარის ზარები, იყო უფრო ბინძური რაღაცები. ამას შემდგომში მოგახსენებთ. ნამადვილად არ არის ჩემი მანქანა გაზზე და ეს ნამდვილად აფეთქებაა და თან დარმწუნებული ვარ, რომ დისტანციური მართვის პულტით განხორციელდა”.

“არათუ შევფერხდები, არამედ ისეთივე შემართებით გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას და 8 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას ნმადვილად დავამთავრებ, რასაც არ უნდა მიმართონ”, – აცხადებს თარგამაძე.

ვითარება შემთხვევის ადგილზე

ვითარება შემთხვევის ადგილზე, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ვითარება შემთხვევის ადგილზე

ვითარება შემთხვევის ადგილზე; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი