ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე გაფიცვა დასრულდა

15-დღიანი გაფიცვის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარესთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა გაგრძელდა. შეთანხმებას დასაქმებულებმა საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიასთან, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან” გუშინ, გვიან ღამით მიაღწიეს. როგორც “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” ხელმძღვანელი ვიტალი გიორგაძე ამბობს, ახალ ხელშეკრულებებში, რომელიც კომპანიამ დასაქმებულებს გაუფორმა, მათი ყველა მოთხოვნა აისახა:

მივაღწიეთ შეთანხმებას შვებულებებთან  დაკავშირებით, ფასიანი შვებულება ეკუთვნით. მივაღწიეთ ბიულეტენის გამოყენების შესახებ შეთანხმებას, ასევე, ზეგანაკვეთურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეთანხმებას. რა მოთხოვნებიც გვქონდა ზვარესთან დაკავშირებით, ყველაფერზე მივაღწიეთ შეთანხმებას” – ამბობს გიორგაძე.

მისი თქმით, ზვარეში დასაქმებულები კვირაში 7-ის ნაცვლად 6 დღე იმუშავებენ მათი ანაზღაურება კი არ შეიცვლება. გარდა ამისა, მუშებს აუნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური შრომა გაზრდილი, 20 პროცენტით, დასვენების დღეებში კი გაწეული შრომა ორმაგად აუნაზღაურდებათ.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” გააკონტროლებს. “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს”, რომელიც საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ზვარეში სარკინიგზო გვირაბს აშენებს, რეკომენდაციები გაუგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შრომის პირობების ინპექტირების დეპარტამენტმაც. როგორც პროცესში ჩართული მედიატორი, ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, ეს რეკომენდაციები უშუალოდ დამსაქმებელს გადაეგზავნა და მისი შინაარსი კონფიდენციალურია. თუმცა დოკუმენტში ასახულია რეკომენდაციები შრომითი უსაფრთხოების შესახებ, რის მონიტორინგსაც დეპარტამენტი პერიოდულად მოახდენს.

გაფიცვა მეოთხე დღეა გრძელდება სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე ქვიშხეთში. ქვიშხეთში მშენებლობასაც “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

როგორც ქვიშხეთში ერთ-ერთი დასაქმებული, ოთარ კიკნაძე აღნიშნავს, დამსაქმებელი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს:

“ძირითადი მოთხოვნა არის უსაფრთხოება და დასვენების დღეები. კვირაში ერთი დღე დასვენება არ შეიძლება. თუ დაისვენებ, უნდა წახვიდე სამსახურიდან. ბიულეტენი არ არის. გაუმართავია ტექნიკა, გვირაბში ნორმალურად ჰაერი არ შემოდის. 4 კილომეტრზე ვმუშაობთ და გარედან თუ არ შემოიტანა პროპელერმა, ჰაერი არ იქნება და ისინი გაუმართავია. კონტრაქტი კარგია, ლამაზადაა დახატული, მაგრამ გაკეთებით არავინ აკეთებს,” – ამბობს ოთარ კიკნაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში გაფიცვა 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.  მუშები დამსაქმებლისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას – მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას,  ითხოვდნენ. მუშები კომპანიისგან მუშაობის პროცესში სპეციალური სამოსით უზრუნველყოფას და წილობით გარანტიასაც ითხოვდნენ, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა და სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს, მათ სამსახურიდან არ დაითხოვდა.

სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი 9 აგვისტოს დაიწყო. მუშების პროტესტი ორი მათგანის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა. ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით, გეგმური აფეთქებისას გვირაბში მტვერი დადგა, რის გამოც მუშებმა გვირაბი მტვრის გაფანტვამდე რამდენიმე წუთით დატოვეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი მისი და კიდევ ერთი მუშის სამსახურიდან გათავისუფლებას, რასაც ობიექტზე დასაქმებული სხვა მუშების პროტესტი მოჰყვა და სოლიდარობის ნიშნად მუშებმა გვირაბში დაბრუნებასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.