ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

700 დევნილ ოჯახს სამინისტრო გრანტებს ჰპირდება

4 ოქტომბერი, 2016 • 1180
700 დევნილ ოჯახს სამინისტრო გრანტებს ჰპირდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეთანხმების საფუძველზე, სამინისტრომ 810 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

გრანტის ფარგლებში, სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ერთობლივად უნდა განახორციელონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი  – „მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით განცხადება დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ  გააკეთა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების შემოსავლის ზრდას, სასოფლო-სამურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.

პროექტის სამიზნე კატეგორიაში, სამინისტროს ცნობით, ერთიანდებიან: მარტოხელა მშობლის ოჯახი მცირეწლოვანი შვილებით; ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით; 25 წლამდე ახალგაზრდის მიერ მართული ოჯახი; ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახი.

პროექტის ფარგლებში, როგორც უწყებაში აცხადებენ, დევნილებს შესაძლებლობა ეძლევათ ინვესტიციები განახორციელონ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში,  მათ შორის, მებოსტნეობაში, მეხილეობაში, მებოცვრეობაში, მესაქონლეობაში, მეფუტკრეობაში, შეიძინონ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაციის საშუალებები და ა. შ.

“პროექტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის მაისის ჩათვლით გრძელდება, მინიმუმ 700 ბენეფიციარი დაფინანსდება, ხოლო თითოეული გრანტის მოცულობა 2 500 ლარს შეადგენს. ასევე, შესაძლებელია ჯგუფური განაცხადის დაფინანსება, ერთ ჯგუფზე 5 000 ლარის ოდენობით. ჯგუფური განაცხადის გაკეთება შეუძლია მინიმუმ სამ დევნილს, რომელთაგან ორი მაინც ერთიანდება პროექტის სამიზნე ჯგუფში”, – აცახდებენ სამინისტროში.

პროექტით დაინტერესებულ დევნილებს, ოფიციალური ინფორმაციითვე, განაცხადების გაკეთება 4 ოქტომბრიდან სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის 15ა ) შეეძლებათ. ასევე, დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ ოფისებში (აჭარისა და სამეგრელო -ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო – ქ. ზუგდიდი, ხუბულავას N6, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო – ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანო – ქ. გორი, შმაგის ქ. N1)

 

მასალების გადაბეჭდვის წესი