ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე ცეზარ ჩოჩელს მხარდაჭერას უცხადებს

4 ოქტომბერი, 2016 • 1719
ზურაბ ჯაფარიძე ცეზარ ჩოჩელს მხარდაჭერას უცხადებს

ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩი” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მან დღეს, 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო სუბიექტებიდან რადიკალური რეფორმების გამტარებელი არც ერთია:

“ჩვენ დავუშვით შეცდომა, როდესაც რამდენიმე პარტიასთან ბლოკში გავერთიანდით. ვფიქრობთ, რომ ქვეყანას ძალიან ბევრი მიმართულებით სჭირდება რადიკალური რეფორმები, პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური რეფორმები, რათა ქვეყანა წინ წავიდეს. თუმცა რეფორმები გასატარებელია ყველა სექტორში. ვერ ვხედავ პარტიას, რომელსაც შესაბამისი ხედვა,ან რეალური სურვილი აქვს ასეთი რეფორმების გატარების.  ეს სამწუხარო რეალობაა. ”

მისივე თქმით, არ აპირებს “გირჩის” წევრებისთვის მითითებას, არჩევნებში მხარი რომელ პარტიას დაუჭირონ. ერთადერთი, ვისაც ჯაფარიძე მხარდაჭერას უცხადებს, ცეზარ ჩოჩელია:

“მე არ ვაპირებ, გირჩის რომელიმე წევრს ან მხარდამჭერს მივუთითო, რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს. ერთადერთი, რაც ჩვენს მხარდამჭერებს მინდა ვთხოვო, არის ის, რომ აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. გირჩი არასოდეს ყოფილა ისეთი პოლიტიკური გაერთიანება, სადაც პირადად ჩემზე იყო დამოკიდებული, თუ ვინ, რა არჩევანს გააკეთებდა. ერთადერთი, ვისი მხარდაჭერაც საჯაროდ მინდა გამოვაცხადო, არის მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი. ის გირჩის დაარსების პირველივე დღიდან მეგობრობდა ჩვენთან. ის არის ადამიანი, რომელმაც წლების განმავლობაში ნულიდან შექმნა თხუთმეტამდე ბიზნესი და დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ათასი ადამიანი.”

ჯაფარიძის აზრით, არჩევის შემთხვევაში ცეზარ ჩოჩელი ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს:

“არა მარტო საკუთარი ოლქისთვის, არამედ შეძლებს სხვა პარლამენტარებს დაანახოს, თუ რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში ბიზნესის განსავითარებლად. ამიტომ, მე მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო მისი მხარდაჭერა.”

27 სექტემბერს “ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩმა ”ბლოკი  “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოეთიშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი