ახალი ამბები

ივანიშვილს ქედაში სააკაშვილის მხარდამჭერები დახვდნენ

15 ივნისი, 2012 • 1383
ივანიშვილს ქედაში სააკაშვილის მხარდამჭერები დახვდნენ

„მიშას გაუმარჯოს“ – ამ შეძახილებით დახვდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ჩასულ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეების ერთი ჯგუფი. მათ შორის იყვნენ ქედის სპორტსკოლის დირექტორი მანუჩარ ჯიჯავაძე და ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენელი აჩიკო გოგიტიძე, რომლებმაც პრეზიდენტ სააკაშვილის სხვა მომხრეებთან ერთად სოფლიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა მოითხოვეს. ისინი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ ივანიშვილის მხარდამჭერებსა და შეხვედრის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს.

 

ბიძინა ივანიშვილი აჭარაში მთელი დღის მანძილზე იმყოფებოდა. მან ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ,,ქართული ოცნების“ ოფისები მოინახულა. ხულოს მუნიციპალიტეტეში ის სოფელ დიოკნისსა და სხალთაში, ქედაში კი სოფელ ზესოფელსა და მახუნცეთში ადგილობრივი მოსახლეობას შეხვდა.

 

„გაოცებული ვარ მთიანი აჭარით. მოსახლეობა კარგადაა გაცნობიერებული და იცის, რა ხდება პოლიტიკაში. სულ მესმოდა, რომ მთიან აჭარას უჭირს და ინფორმაცია არ მიდის, მაგრამ ძალიან კარგად იცის ხალხმა, რაც ხდება.

ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ხელისუფლება უნდა ჩადგეს ხალხის სამსახურში – ასეთი გუნდი მომყავს მე, ჩვენ არ მოვდივართ ვინმეს დასამარცხებლად, ჩვენ მოვდივართ ჩვენი საქართველოს დასაბრუნებლად“.

 

ბიძინა ივანიშვილმა აჭარიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებისგან თავი შეიკავა. მან „ბათუმელებთან“  დეპუტატობის კანდიდატად მხოლოდ მურმან დუმბაძე დაასახელა და განაცხადა, რომ არჩევანი დიდია და არ იჩქარებს. ,,თვის ბოლომდე დავასახელებთ კანდიდატებს. აქციები გაიმართება ბათუმში, ჩვენ ვაჩვენებთ მუხტს და ხალხის განწყობას, მაგრამ ჩვენ არ მოვდივართ იმისთვის, რომ ქუჩის აქციებით დავამხოთ ხელისუფლება. როგორც არ უნდა ეცადნონ, როგორც არ უნდა მოიქცნენ, ჩვენ მოვალთ და ჩვენ მოვიყვანთ ხალხის ხელისუფლებას. მათი წასვლის დრო დადგა კანონიერად და ფორმალურადაც“, – აღნიშნა ივანიშვილმა.   

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი