ახალი ამბები

სააკაშვილმა ექთნების ხელფასების მომატება კატეგორიულად მოითხოვა

14 ივნისი, 2012 • 1065
სააკაშვილმა ექთნების ხელფასების მომატება კატეგორიულად მოითხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, სამედიცინო კონფერენცია „მედეა 2012“-ს გახსნაზე სამედიცინო პერსონალის ხელფასების მომატება მოითხოვა. 

 

“ჩვენ გავხსენით ახალი საავადმყოფოები და ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, – ზოგან ერთი-ორი-სამი თვე არ მისცეს ხელფასი სხვადასხვა მიზეზით. თუ ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფოები, სადაც პაციენტს უყურებს ექიმი, როდის ჩაუდებს 100 ან 200 ლარს, ჩვენ შევალთ ისევ კატასტროფულ ჩიხში. 

 

ღმერთმა არ ქნას. რომ სადმე სამედიცინო პერსონალი ხელფასის გარეშე იყოს დარჩენილი. მეორე საკითხია სოციალური უსამართლობა სამედიცინო დაწესებულებებში. ექთნები იღებენ 75-100 ლარს და იმავე საავადმყოფოში ქირურგი შეიძლება იღებდეს 5000 ლარს. ეს არის იდიოტიზმის სფერო და ეს არის ერთხელ და სამუდამოდ დასამთავრებელი. არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი იღებს 75-100 და 150 ლარს. მაშინ ასეთი საავადმყოფო უნდა დავხუროთ. კატეგორიული გაფრთხილება სადაზღვევოებს, სამედიცინო პერსონალს და ჯანდაცვის სამინისტროს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სამედიცინო ფორუმზე. 

 

ფორუმის მონაწილეთა შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმებიც იყვნენ. მიხეილ სააკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. 

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფორუმი ორდღიანია და მის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 200-მდე სპეციალისტი, მათ შორის, აშშ-ში, ისრაელში, სინგაპურსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე 70-მდე ექიმი. „მედეა 2012“–ის მიზანი უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში რეინტეგრაციაა, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების შექმნა და ამ სფეროში ინვესტორების მოზიდვაა.

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ბათუმისა და ქედის სამედიცინო ცენტერები მოინახულეს. უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ექიმებმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და სასარგებლო რჩევებიც მისცეს.  

 

პირველი სამედიცინო კონფერენცია „მედეა 2011“ წელს ვაშინგტონში გაიმართა,”- ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი