ახალი ამბები

რა გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი მმართველობის კუთხით?

3 ოქტომბერი, 2016 • 1789
რა გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი მმართველობის კუთხით?

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, მაუწყებელში ჟურნალისტური თავისუფლებისა და, საერთოდ, მიუკერძოებლობის ხარისხი გაზრდილია, თუმცა კვლავ პრობლემურია კომუნიკაცია თანამშრომლებს შორის, მაუწყებელზე წარმატების მისაღწევად პირადი ურთიერთობებია გადამწყვეტი და სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია შრომითი პირობების თვალისაზრისითაც.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო’ (TI) საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის შუალედური ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 3 ოქტომბერს გააცნო საზოგადოებას, მაუწყებელზე არსებულ სამუშაო გარემოს მიმოიხილავს.

რა იციან თანამშრომლებმა მაუწყებლის რეორგანიზაციასა და ორგანიზაციულ სტრუქტურაზე?

 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკვე თითქმის ერთი წელია, რაც, TI-ის შეფასებით, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება დაიწყო. შეიცვალა ორგანიზაციული სტრუქტურა, დაიგეგმა ახალი ნიუსრუმი და განხორციელდა აუდიტორიის ძირეული კვლევა, პროდუქციის აუდიტორიაზე უკეთ მორგების მიზნით. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით, მაუწყებელი დაყოფილია 5 ბლოკად, რომლის ხელმძღვანელებიც აღმასრულებელ საბჭოში ერთიანდებიან და დირექტორს ექვემდებარებიან. შეცვლილია მაუწყებლის ბიუჯეტის სქემაც და თანხები კონკრეტული ბლოკების მიხედვით ნაწილდება. თუმცა, კვლევის ავტორების თქმით, მაუწყებლის თანამშრომლებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მაუწყებლის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე.

“ხშირად მათ იციან მხოლოდ საკუთარი ხელმძღვანელების შესახებ. თანამშრომლებს აქვთ მცირე ინფორმაცია მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ნინო თოფურიძე ამბობს, რომ მაუწყებლის გამოკითხულ თანამშრომელთა უმეტესობა რეორგანიზაციის პროცესის მიმართ გულგრილია. “ხშირად გაიგონებთ თანამშრომლებისგან, რომ მაუწყებელზე “სულ რეორგანიზაციაა”, რაც მათ ნაკლებ დაინტერესებას აჩვენებს რეორგანიზაციის პროცესის მიმართ”, – ამბობენ კვლევის ავტორები. კვლევის მიმდინარეობისას მათ კონფიდენციალურად აიღეს ინტერვიუები მაუწყებლის 50 თანამშრომლისაგან. რეორგანიზაცია მაუწყებელზე არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება. მისი შემდეგი ეტაპი თანამშრომელთა ატესტაცია იქნება. პროცესი დეკემბერში უნდა დასრულდეს.

TI-ის ცნობით, მაუწყებლის რეორგანიზაციის შემდეგი ეტაპი თანამშრომელთა ატესტაციას და კადრების ოპტიმიზაციას მოიცავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორი სერგი გვარჯალაძე, რომელიც 3 სექტემბერს TI-ის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ პროცესს. “ატესტაცია ნომერი 1 თემაა, ძალიან პრობლემატური. თუნდაც ამ სიტყვის ხსენება გარკვეულ შიშებს იწვევს ორგანიზაციაში”, – აღნიშნა გვარჯალაძემ. მან და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც დღეს კვლევის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ, მაუწყებლის პროფკავშირების ხელმძღვანელმა, დოდო შანავამ და მაუწყებლის მულტიმედია ბლოკის ხელმძღვანელმა, თიკო ბერძენიშვილმა, ასევე აღნიშნეს, რომ ეს პროცესი (ასეთი ადამიანების არსებობის შემთხვევაში) აღმოაჩენს ისეთ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა კომპეტენტურად ვერ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას.

ასევე, ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის მოტივაცია ძალიან დაბალია და ძირითადად სტაბილურ შემოსავალს უკავშირდება. “მაუწყებელზე მუშაობა პენსიასავითაა,” – განმარტავენ როგორც მენეჯმენტში, ასევე თანამშრომლები. ხოლო, როგორც TI-ის მკვლევარმა, ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, ანა დაბრუნდაშვილმა თქვა შეხვედრაზე, მკვლევრების მიერ გამოკითხულ თანამშრომელთა ნაწილი საერთოდ არ ახდენს თვითიდენტიფიკაციას სამუშაო ადგილთან.

საკადრო პოლიტიკა – როგორ არჩევენ მაუწყებელში თანამშრომლებს?

“გამჭვირვალობის” ცნობით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ არის მიღებული კადრების აყვანა საჯარო კონკურსის მეშვეობით, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პრაქტიკა ინერგება და უპირატესობა ენიჭება კადრების აყვანას რეკომენდაციის საფუძველზე. მაუწყებლის განცხადებით, გარკვეულ შემთხვევებში კადრების აყვანა ე.წ. “ჰედჰანტინგის” (“თავებზე ნადირობის”) პრინციპით ხდება, რაც ნიშნავს, რომ თანამშრომლების რეკრუტირებას მენეჯმენტი სპეციალური მოლაპარაკებების მეშვეობით ახორციელებს და არა საჯარო კონკურსების მეშვეობით.

TI-ის საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტში". მარცხნიდან მარჯვნივ, TI-ის თანამშრომლები: ნინო თოფურიძე, ანა დაბრუნდაშვილი და ნინო რობაქიძე. 03.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

TI-ის საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო “თბილისი მერიოტში”. მარცხნიდან მარჯვნივ, TI-ის თანამშრომლები: ნინო თოფურიძე, ანა დაბრუნდაშვილი და ნინო რობაქიძე. 03.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ამ ფაქტს სერგი გვარჯალაძე შემდეგნაირად ხსნის: “ეს [მედია] არის სპეციფიკური ბიზნესი და არ არსებობს ამდენი პროფესიონალი ადამიანი [რომ კონკურსს გამოეხმაუროს], ამიტომ ზოგჯერ ადამიანების რეკრუტირება ე.წ “ჰედჰანტინგის” გზით უფრო ეფექტურია, ვიდრე კონკურსის გამოცხადება”, – თქვა შეხვედრაზე სერგი გვარჯალაძემ და დასძინა, რომ მაუწყებელი მაინც აცხადებს ხოლმე კონკურსებს წამყვანების პოზიციებზე.

“ამის გარდა, კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ინტენსიურად ვიყენებთ, არის ახალი ბლოკი, რომელსაც მედიალაბორატორია დავარქვით. მედიალაბორატორიის ერთ-ერთი ფუნქცია არის ის, რომ ბაზარზე აღმოვაჩინოთ ახალი ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა არც მოსვლოდათ მედიაში მუშაობა აზრად”, – ამბობს გვარჯალაძე.

TI-ის ცნობით, თანამშრომელთა ნაწილი მიუთითებს ნეპოტიზმზეც. “თანამშრომლები მიუთითებენ მაუწყებელზე არსებულ არასამართლიან სამუშაო გარემოზე. მაუწყებელზე არ არსებობს სამუშაოს შეფასების სისტემა. მათი განცხადებით, არის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პრივილეგირებულ თანამშრომელთა ჯგუფი. საზოგადოებრივ მაუწყებელზე წარმატების მისაღწევად განმსაზღვრელია პირადი ურთიერთობები”, – ვკითხულობთ TI-ის ანგარიშში.

ამის პასუხად სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ საქმე “კულტურულ პრობლემასთან” გვაქვს და ამას შემდეგნაირად ხსნის:

“პრინციპულად, ეს არ არის იერარქიული ორგანიზაცია. ეს არის მატრიცული ორგანიზაცია, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, თავისი იდეოლოგიით ითვალისწინებს კოლაბორაციულ მუშაობას და სწორედ აქ ვხედავ პრობლემას. ჯერჯერობით ვერ შევძელით ამ კოლაბორაციული ჯგუფების შექმნა. როდესაც ამბობენ, რომ არის რაღაც ელიტარული ჯგუფები, სწორედ ამ ჯგუფებს გულისხმობენ. არიან ის ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ავითარებენ პროექტებს, თანამშრომლობენ მენეჯმენტთან. რასაკვირველია, ეს პრაგმატულია. უფრო გვიჩქარებს პროცესს, პატარა, 6-7-კაციანი ჯგუფები შეიქმნას და რაიმე ნაბიჯი გადავდგათ ერთად”, – ამბობს გვარჯალაძე.

როგორც “გამჭვირვალობა” რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს კადრების მართვის გამართული, ყოვლისმომცველი სისტემის დანერგვას, მათ შორის კადრების სამსახურში აყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების პროცედურებს, ასევე, თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების კონკრეტულად გაწერას და თანამშრომელთა წახალისების სისტემას.

რა პირობებში უწევთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს მუშაობა?

“გამჭვირვალობის” ბოლო ანგარიში აჩვენებს, რომ შრომითი პირობების თვალსაზრისით მაუწყებელში სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია: მანქანები და შენობა, ისევე როგორც მაუწყებლის შიდა ინფრასტრუქტურა და ინვენტარი, ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც, TI-ის მკვლევრების შეფასებით, მაუწყებლისთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება.

მაუწყებელზე, საერთო ჯამში, 1130 ადამიანი მუშაობს, მათგან 232 ჟურნალისტი, რომელთაგან 156 ქალია, 76 კი – კაცი. ანაზღაურება იწყება 300 ლარიდან და სრულდება 5000 ლარით. წელს ანაზღაურება 720 თანამშრომელს გაეზარდა.

TI-ის ცნობით, მაუწყებელს აქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ შენობა, რომელშიც განთავსებულია მაუწყებელი, არ ექვემდებარება განახლებას. იგეგმება ახალი ნიუსრუმის აშენება 2017 წელს, რომელიც, როგორც TI-ის მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა უთხრა, დაახლოებით 5-6 მლნ ევრო დაჯდება.

“თანამშრომლებთან ინტერვიუებში გამოიკვეთა, რომ მოძვეელბულია ინვენტარი, რომელთანაც თანამშრომლებს ყოველდღიურად უწევთ მუშაობა”, – გვიამბობს TI-ის მკვლევარი, ანა დაბრუნდაშვილი. “ისეთი შემთხვევებიც ახსოვთ მათ, როცა უშუალოდ სტუდიებში, პირდაპირ ეთერში მჯდარი ჟურნალისტები ისხდნენ გატეხილ სკამებზე. ასევე, ბევრმა ახსენა მოძველებული კომპიუტერები, თუმცა ზოგიერთმა ახსენა, რომ მათი კომპიუტერები კარგ მდგომარეობაშია”, – დასძენს იგი.

დაბრუნდაშივლის თქმითვე, ცალკე პრობლემად რჩება მაუწყებლის ავტოპარკი. “ავტომობილებს არ აქვს კონდიციონერები და აირბაგები, მაუწყებლის განკარგულებაში არის მხოლოდ რამდენიმე ავტომობილი, რომელიც ამ კუთხით გამართულია, რაც ჟურნალისტებისთვის გადაადგილების დროს ქმნის პრობლემებს. თუმცა, როგორც მაუწყებელში გვითხრეს, როდესაც თანამშრომლებს გრძელ გზაზე უწევთ მოგზაურობა, ისინი ისეთი ავტომობილებით გადაადგილდებიან, რომლებიც არის ამ დროისათვის საუკეთესო მდგომარეობაში”, – ამბობს მედიის მკვლევარი.

აღწერა: საზოგადოებრივ მაუწყებელში 232 ჟურნალისტიდან 156 ქალია. დიაგრამა: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

აღწერა: საზოგადოებრივ მაუწყებელში 232 ჟურნალისტიდან 156 ქალია. დიაგრამა: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

კვლევის პრეზენტაციაზე ერთ-ერთ მნიშნვნელოვან საკითხად კომუნიკაციის პრობლემაც დასახელდა. როგორც აღმოჩნდა, ვერ მოხერხდა/ხერხდება ინფორმაციის “თანამშრომლებამდე ჩატანა”.

TI-ის ცნობით, მაუწყებელი ამ მომენტისათვის თანამშრომლებთან კომუნიკაციისთვის რამდენიმე პლატფორმას იყენებს, მათ შორის “ფიდკემპს” (“Freedcamp”), რომელზეც წვდომა მაღალი რანგის მენეჯერებს აქვთ, ასევე, ელექტრონულ ფოსტას და ფეისბუკის ჯგუფებს; ასევე, ტელეფონებზე იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები (sms-ები). თუმცა, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხშირად მაუწყებლის თანამშრომლები არც კი ამოწმებენ ელექტრონულ ფოსტასა თუ მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ზოგიერთი მათგანი იშვიათად შედის ფეისბუკზეც, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერ ადევნებენ თვალს იმ დისკუსიებს, რაც დახურულ ჯგუფებში მიმდინარეობს.

ემუქრება თუ არა რაიმე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას?

ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გამართული დისკუსიის დიდი ნაწილი დაეთმო იმის განხილვას, თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციაზე მაუწყებლის ეთერში გასულმა ისეთმა საარჩევნო რეკლამებმა, რომლებიც მაუწყებლისა და დემოკრატიულ ღირებულებებთან არაა თანხვედრაში, ასევე, ეგზიტპოლის ჩატარებამ, არასამთავრობოების წარმომადგენლების შეფასებით, მმართველ პარტიასთან აფილირებულ მედიასაშუალებებთან ერთად.

2016 წლის აგვისტოში 400-ლარიან რუსულ პენსიას, რუსეთის მოქალაქეობასა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდებოდა ამომრჩეველს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები”. შესაბამისი ვიდეორგოლი საზოგადოებირვი მაუწყებლის ეთერში გადიოდა, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის შემდეგ კი მაუწყებელმა ვიდეორგოლი ეთერიდან მოხსნა. ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამაში არსებული ანტისახელმწიფოებრივი გზავნილებით და კონსტიტუციასთან შესაძლო შეუსაბამობით დაასაბუთა.

რაც შეეხება ეგზიტპოლს – საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, “იმედისთვის”, “მესტროსა” და “GDS”-ისთვის ეგზიტპოლს 2016 წლის საპარალმანეტო არჩევნებზე კომპანია “TNS” ჩაატარებს. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიიღო, შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხნის განმავლობაში ათანხმებდა ხელშეკრულების პირობებს TNS-თან. ახლა კი, როგორც მაუწყებლის წარმომადგენლები ამბობენ, საკითხი უკვე გადაწყვეტილია. სერგი გვარჯალაძემ დღეს შეხვედრაზე თქვა, რომ TNS სანდო ორგანიზაციაა, რომელიც ზუსტ მონაცემებს მოაწვდის მაუწყებელს, ხოლო ეგზიტპოლის შედეგების გაშუქება “მორიგი გამოწვევა” იქნება მაუწყებლისათვის. მოწინააღმდეგეები კი ირწმუნებიან, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს შორს დაეჭირა თავი “მმართველ ძალასთან აფილირებული მედიასაშუალებებისგან”, გაეშუქებინა დაპირისპირებული ბანაკების ეგზიტპოლები (GFK (რუსთავი2) და TNS (“იმედი”, “მაესტრო” და GDS), რაც გაცილებით მეტ ნდობას მოუპოვებდა პოლარიზებულ მედიაგარემოში.

წაიკითხეთ ვრცლად “ნეტგაზეთზე”: [checklist]

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი