ახალი ამბები

ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ამ დრომდე დაკავებული არ არის

3 ოქტომბერი, 2016 • 1565
ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ამ დრომდე დაკავებული არ არის

“მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები,”-  განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთის კითხვის პასუხად, დააკავეს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული.

გუშინ, 2 ოქტომბერს, გორში ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა, ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, დაიჭრნენ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი და კოორდინატორი, რომლებიც ამ დრომდე გორის საავადმყოფოში რჩებიან.

ოქრუაშვილი და მისი გარემოცვა თავდასხმაში მმართველი პარტიის, “ქართული ოცნებისა” და ამავე პარტიის მაღალჩინოსნის, კახა კალაძის მონაწილეობაზე საუბრობს, “ქართულ ოცნებაში” კი ამგვარ კავშირებს გამორიცხავენ.

შსს-მ საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონო შეძენა – შენახვა – ტარების მუხლით დაიწყო.

ოქრუაშვილის თქმით, ეს ინციდენტი უკავშრდება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, კახა კალაძის ცოლის ძმის ხელმძღვანელობით გორში ე.წ. “ძველი ბიჭების” გააქტიურებას.

ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, ლერი ლაფაჩმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი თავად შეესწრო ამ ინციდენტს. მისივე თქმით,  “ქართული ოცნების” კოორდინატორმა, ედუარდ ნუცუბიძემ ოქრუაშვილის ამომრჩევლის დაშინება არაერთხელ სცადა, კახა კალაძის ცოლის ძმა კი წინასაარჩევნოო პერიოდში გორში იყო ჩასული და იქაურ “ძველ ბიჭებს” შეხვდა.

“ჩვენ შეხვედრა რომ გვქონდა, [ედუარდ ნუცუბიძე] გაივლიდა, შეხვედრიდან რომ წავიდოდით, მერე ამ ხალხთან მიდიოდა და თითს უქნევდა, ნუ გამოდიხარო, აშინებდა. ვიდექით, ვამზადებდით შეხვედრას, სანამ ირაკლი მოვიდოდა. ამ პირმა გაიარა, არ გააჩერა მანქანა, ვერ შემოგვბედა, ხუთნი ვიყავით. რაღაც დროის მერე მოვიდა ალექსანდრე ინდუაშვილი, ძალიან უზრდელურად. უკვე შეხვედრა გვაქვს დაწყებული, საუბრობს ირაკლი, ჩვენ წრეში ვდგავართ. ის წრეში შემოვიდა, მზესუმზირას ჭამდა და იფურთხებოდა…  დაცვამ მოჰკიდა ხელი – გამოდიო, ჩვენც გამოვყევით და ვსვამთ ამას მანქანაში, რომლითაც არის მოსული. ამ დროს გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა ედუარდ ნუცუბიძე, ეს კოორდინატორი, და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო. ყველამ ამისკენ გადავიტანეთ ყურადღება. იმან [ალექსანდრე ინდუაშვილმა] უცებ დრო იხელთა, მანქანას შემოუარა, ამოიღო იარაღი და ექვსჯერ გვესროლა, თან გვიმიზნებდა. მე, ირაკლი და ბიჭები ერთად ვიდექით და ჩვენკენ ისროლა. მერე დაჭრილს ესროლა, ჩვენ კოორდინატორს, დაუმიზნა და კიდევ ისროლა. უბრალოდ, ააცილა. ჩავსვით დაჭრილები მანქანაში და წამოვიყვანეთ. რაც შეეხება კალაძეს, კალაძის ცოლის ძმა იყო აქ ჩამოსული წინასაარჩევნო პერიოდში  და ძველ ბიჭებს ხვდებოდა. არაერთი ფაქტი მომხდარა, რომ კახა კალაძე კურირებს ამ ძველ ბიჭებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს,”- განაცხადა ლერი ლაფაჩმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

მან კატეგორიულად უარყო ნეტგაზეთთან “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ გამორიცხულია ამ ინციდენტში “ქართული ოცნების” წევრების მონაწილეობა.

კობახიძემ განაცხადა, რომ ეს იყო არა პოლიტიკური დაპირისპირება, არამედ “ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი შელაპარაკების საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და კონკრეტულ გორის მოსახლეებს შორის”.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა “ქართული ოცნების” გორის რაიონულ ორგანიზაციას, სადაც  განგვიცხადეს, რომ ედუარდ ნუცუბიძე მათ პარტიულ სიაში არ არის და არც ფიზიკურად უნახავთ.

“ქართული ოცნების გორის ორგანიზაციას აქვს იმხელა რესურსი, რომ სხვა დამატებითი რესურსის გამოყენება, მით უმეტეს, ასეთი მიმართულებით, ნამდვილად არ სჭირდება,”- განაცხადა ნეტგაზეთთან “ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო ბერძენიშვილმა.

კალაძესთან დაპირისპირებაზე ირაკლი ოქრუაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინაც ისაუბრა. კერძოდ, ოქრუაშვილის თქმით, იმიტომ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, რუსთავი 2 არა ქიბარ ხალვაშს, არამედ თავად მას ეკუთვნის, რომ კალაძემ აიძულა:

“კახა კალაძე ჩემთან ურთიერთობაში ყველგან ჩასაფრებულია და ფეხის დამდების პოზიციიდან მეკინკლავება და მებრძვის,”- განაცხადა ოქრუაშვილმა ერთი თვის წინ. კალაძემ მის პასუხად განაცხადა, რომ მისთვის ოქრუაშვილი საინტერესო არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი