ახალი ამბები

მამუკა ახვლედიანი: ნიკა გვარამიამ ბოდიში უნდა მომიხადოს

3 ოქტომბერი, 2016 • 1953
მამუკა ახვლედიანი: ნიკა გვარამიამ ბოდიში უნდა მომიხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის თქმით, მისთვის უცნობი იყო ის გარემოება, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მასთან შეხვედრისას საუბარს იწერდა. როგორც ახვლედიანმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, ამის გამო გვარამიამ ბოდიში უნდა მოუხადოს.

ახვლედიანი ნეტგაზეთთან ინტერვიუში არ ადასტურებს, რომ გვარამიასთან შეხვედრის ინიციატორი თვითონ იყო. ყოფილი მოსამართლის თქმით, იგი გვარამიას სასამართლოს თავმჯდომარეობის პირობებში რამდენჯერმე შეხვდა, მათ შორის საჯარო ღონისძიებაზე და ერთხელ – ოჯახში, სუფრაზე. ახვლედიანის განცხადებით, ისიც არ იცის, გამოქვეყნებული ჩანაწერი მხოლოდ ერთ შეხვედრას ასახავს, თუ სხვადასხვა საუბრის კომპილაციაა, რადგან ის აქცენტები, რაც აუდიოში ისმის, მას არაერთ სხვა საუბარში დაუსვამს.

“ამ ტექსტით ვსაუბრობ ყველასთან, იქნება ეს მოქალაქე, ჟურნალისტი თუ ტელევიზია. არაფერი განსაკუთრებული  მანდ არ ყოფილა. არ ვიცი, ვის უნდა, რომ ამას რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს, მართლა ვერ ვხვდები. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა: მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მომიხადოს, როცა ასეთი ჩანაწერი გააკეთა, ეგეც უნდა თქვას, თუნდაც მას შემდეგ. ერთი რასაც ვერ ვადასტურებ, არის ის, რომ არავითარი ჩემი მოთხოვნით შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა”, – ამბობს ახვლედიანი და დასძენს, რომ შესაძლოა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას სურდა გვარამიასთან შეხვედრა, ვიღაცის ინტერპრეტაციაა, ვინც ის ან გვარამია “სადღაც მიიწვია”. ამ “ვიღაცის” სახელსა და გვარს ახვლედიანი არ ასახელებს.

“მე არ ვიცი, იმ ადამიანებმა (სადაც მიწვეულები ვიყავით მეც ან ნიკაც) რა ინტერპრეტაცია მისცეს და თავისი როლი როგორ აწიეს, რომ ვისი მოთხოვნით და ა.შ”.

კითხვას, სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში სხვა ტელეკომპანიების დირექტორებსაც თუ ხვდებოდა ხოლმე  და ესაუბრებობდა სასამართლოს პრობლემებზე ისე, როგორც ეს გვარამიასთან დაკავშირებით გააკეთა, ახვლედიანი პასუხობს, რომ სასამართლოს პრობლემატიკაზე საუბრისთვის ყოველთვის მზად იყო.

“ძალიან ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის პოლიტიკოსებს, მაღალი თანამდებობის პირებსაც და მაღაზიაში გამყიდველთანაც მისაუბრია ამ თემებზე, თუ დაინტერესებულა. დასამალი არაფერი მაქვს…

… მე ნებისმიერ შეხვედრაზე დავდივარ, ტელეფონითაც ნებისმიერ მომენტში  მზად ვარ, რომ თვითონაც ვუპასუხო უცნობ ზარსაც კი, ჟურნალისტები ხართ და [ეს მოგეხსენებათ]. არასდროს მითქვამს უარი არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან შეხვედრაზე, არასოდეს, არც ერთ საკითხზე.  პრობლემატურ საკითხებზე სასაუბროდ შევხვდი, [აზრი] გავანდე და ამით რა? თუ ჩემი ინიციატივა იყო, ამით მერე რა მოხდა? თუმცა არანაირად… ვერაფერს ვიხსენებ, რომ ვინმესთან დამებარებინოს [გვარამიასთან შეხვედრა მინდა-მეთქი]”.

კითხვას, გარდა სასამართლოსთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემებისა, თუ უსაუბრია ნიკა გვარამიასთან უშუალოდ რუსთავი 2-ის საქმესა და თამაზ ურთმელიძეზე, ახვლედიანი პასუხობს, რომ ზუსტად არ ახსოვს, თუმცა დანამდვილებით იცის, რა პასუხს გასცემდა, შესაბამისი კითხვა რომ დასმულიყო.

“კონკრეტულად ნამდვილად არ მახსოვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ყოფილიყო,  რომ არავითარი შეხება და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება ამ საქმეზე. თუ იქნებოდა საუბარი, მე მსგავსს ვერ ვიხსენებ, თუმცა ბევრს უკითხავს ჩემთვის ამ თემაზე. ჩემი პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა, რომ წარმოდგენა არ მაქვს და არავითარი კომუნიკაცია  მოსამართლესთან არ გამაჩნია. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი, თუკი იკითხავდა, მაგრამ ამასაც ვერ ვიხსენებ: ასეთი საუბარი იყო თუ არა”, – ამბობს ახვლედიანი ნეტგაზეთთან.

კითხვას, უშუალოდ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით რაიმე ისეთი ხომ არ სთხოვა გვარამიამ, რასაც შესაძლოა უკანონო გავლენა მოეხდინა პროცესზე, იგი პასუხობს:

“არა მგონია, ნამდვილად ვერ ვიხსენებ. თუ რაიმე  მსგავსი საუბრი იქნებოდა, პასუხსაც მიიღებდა, ნებისმიერი როგორც მიუღია ყველა დანარჩენს. საუბარი და სურვილები ბევრს ჰქონია სხვადასხვა მიმართლებით… ვერ მოვყვები  იმ ამბავს, რაც მართლა არ მახსოვს. ამ 3-4 წლის განმავლობაში იმდენ ადამიანს შევხვდი და იმდენი საუბარი მქონია  სასამართლოზე, ასე კონკრეტიზაცია: ვისთან რა ვისაუბრე,  ნამდვიალდ არ მახსოვს. თუკი იქნებოდა  საუბარი, პასუხსაც მიიღებდა…  იმას, რაც მისაღებია, ამაში დარწმუნებული ვარ”.

კითხვას, ზოგადად ბევრი ზეწოლა ახსოვს  და შესაძლებელია თუ არა, რაიმე ამ ტიპის ქმედება ან საუბარი დავიწყებოდა, ყოფილი მოსამართლე პასუხობს:

“საკმაოდ [ბევრი ზეწოლა]. ყველას სურვილი  იყო ყველა მიმართულებით, რომ გავლენა ჰქონოდა სამასართლოზე, მაგრამ სასამართლომ თავისი სათქმელი… მით უმეტეს,  მოსამართლეებთან კონკრეტულ საკითხებზე არანაირი შეხება არ მქონია და ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ მოქმედ მოსამართლეებს”, – ამბობს ახვლედიანი.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს, 2 ოქტომბერს, გვიან ღამით გამოქვეყნებული საუბარი მასსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შორის უშუალოდ მისი ჩაწერილია. გვარამიას თქმითვე, ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გვარამიას კომპიუტერში უკანონოდ შეღწევის შედეგადაა მოპოვებული, ან სუს-ს “რუსთავი 2”-ში ჰყავს წარმომადგენელი და სწორედ ამ გზით მოიპოვა აღნიშნული ჩანაწერი.

როგორც ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა, სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

“თავისთავად ცხადია, მე ჩემს კოლეგებს, პირველ რიგში, ჩემს ორ მოადგილეს ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე, ღირდა თუ არა შეხვედრა, და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ღირდა და მივიღე რჩევა, რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ვყოფილიყავი ამ შეხვედრაზე, რომ ან პროვოკაციას არ ჰქონოდა ადგილი, ან თუ რაიმე მნიშვნელოვანი ითქმებოდა, გამოგვეყენებინა შემდგომ მტკიცებულებად”,- განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ჩანაწერი ორ გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში:

“ეს ჩანაწერი პრაქტიკულად მაშინვე განადგურდა, იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, მაგრამ ჩემს კომპიუტერში იყო დაცული რაღაც პერიოდის განმავლობაში და იყო ჩვენს ქსელში რაღაც პერიოდის მანძილზე. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, რასაც ჰქვია კომპიუტერულ ქსელში შეღწევა, რაც კიბერდანაშაულია, ჩვენთვის ძალიან პრობლემატურია, რომ მეორე ფორმით, არა მოსმენების, არამედ სხვა ფორმით ხდება ჩვენი შიდა ამბების გარეთ გატანა. ორი ვარიანტია- ან შეღწევა ხდება გარედან, ან, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, შიგნით ჰყავს წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც შიგნიდან გააქვს უკანონოდ მოპოვებლი მასალები, იმიტომ, რომ ეს მასალები ხეელმისაწვდომი წესით არ უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ჩემი პერსონალური კომპიუტერი”,- განაცხადა გვარამიამ.


 

გუშინ, 2 ოქტომბერს, გვიან ღამით, ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერი ატვირთულია georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ იუთუბ არხზე. უშუალოდ ვებ-გვერდზე georgia-news.org აღნიშნულია, რომ ის შექმნილია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობენ რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში. ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩანაწერები ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის.

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, თუმცა 2016 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობს. 2015 წლის დეკემბერში ახვლედიანმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი