ახალი ამბები

სააკაშვილი: ვისაც უნდა, რომ პარლამენტი წაართვას იმერეთს, ძალიან ანეკდოტური წარმოდგენა აქვს ქუთაისზე

13 ივნისი, 2012 • 1505
სააკაშვილი: ვისაც უნდა, რომ პარლამენტი წაართვას იმერეთს, ძალიან ანეკდოტური წარმოდგენა აქვს ქუთაისზე

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის, როზა დვალიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მათ თეატრში მოულოდნელად რამდენიმე დღის წინ მივიდა და “დაისის” რეპეტიციას დაესწრო.

  

“ეს სპექტაკლი, შეიძლება ითქვას, მისი შკვეთილი იყო. მაშინ თავიდან ბოლომდე ნახა და მოეწონა სპექტაკლი. ნახა ინსტრუმენტები, რომლებიც ძალიან ძველია და მაშინ დაგვპირდა, რომ ახალ ინსტრუმენტებს შეიძენდა,” – განაცხადა დვალიშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ქუთაისის ოპერის თეატრის მუსიკოსებს ახალ ინსტრუმენტებს შეუძენენ და თანამშრომლებს ხელფასებს გაუზრდიან. 

 

“ქუთაისი, პირველ რიგში, ძალიან დიდი კულტურის ცენტრია საქართველოსი, ძალიან დიდი განათლების ცენტრი საქართველოსთვის, ამიტომ პრაქტიკულად ეს ოპერის ახალი თეატრი არის სიმბოლო ქუთაისის და მთლიანად ამ რეგიონის აღორძინების. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ ქუთაისს, ფოთის ახალ თეატრს ვასრულებთ წელს, ძალიან მაგარი შენობაა, ძალიან საინტერესო არქიტექტურით, რომელშიც გადავა ფოთის თეატრის დასი და ამ დღეებში დავავალე რამაზ ნიკოლაიშვილს, ოზურგეთის თეატრი ჩასვან ხარაჩოებში და ამით დავეხმაროთ ამ დასს, რომ აღორძინდეს ის ტრადიცია, რაც მანდ არის.

 

ახალციხის თეატრს ვეხმარებით, გვინდა ძალიან კარგად გაკეთდეს. ბათუმში მე დღეს ვნახე ახალი საზაფხულო თეატრი, რომელიც აგვისტოში გაიხსნება და იქნება იმაზე სამჯერ დიდი, ვიდრე ის თეატრი, რომელიც  ასლან აბაშიძემ გაანადგურა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ბათუმის საზაფხულო თეატრი რამდენიმე წლის წინ დაიწვა და მის ადგილზე აჭარის მაშინდელმა მმართველმა ასლან აბაშიძემ პირამიდა ააშენა, რომელიც მოგვიანებით, ე.წ. აჭარის რევოლუციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში დაშალეს. 

 

“ბათუმში დავდგამთ პირველ სრულფასოვან ოპერას, უკვე აგვისტოს თვეში. ბათუმის დასი მთლიანად ბათუმელი მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული. რომელ პატარა ქვეყანაშია, რომ ერთ ქვეყანაში რამდენიმე ოპერის დასი და რამდენიმე ოპერის თეატრია? შეიძლება ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა აღორძინების პერიოდში იმყოფება საქართველო”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი