ახალი ამბები

ოცნების მილიონიანი რეკლამა ტელეიმედში – MDF-ის მედიაკვლევა

3 ოქტომბერი, 2016 • 1860
ოცნების მილიონიანი რეკლამა ტელეიმედში – MDF-ის მედიაკვლევა

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშით, ტელეკომპანიების შემოსავლებმა 2016 წლის 6 თვეში 2015 წელთან შედარებით 1,7 მლნ ლარით იკლო და 41,7 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიაზე გადახდილი 8 813 597 ლარიდან 78% მმართველმა გუნდმა დახარჯა. MDF-ის ინფორმაციით,  “ქართლმა ოცნებამ” ტელევიზიებიდან  მარტო “იმედში” განათავსა ფასიანი რეკლამა, რომლისგანაც 1 მილიონი ღირებულების მომსახურება შეისყიდა.

წინასაარჩევნო ანგარიში მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის – NED-ის მხარდაჭერით გამოსცა, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.

MDF-ის ახალი ანგარიშით, ბაზარზე კვლავ რუსთავი 2 ლიდერობს, თუმცა შემოსავალი წინა წლის 6 თვესთან შედარებით 2016 წლის შესაბამის პერიოდში 2,8 მილიონი ლარით შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, მეორე პოზიციაზე კვლავ “იმედია”, რომლის შემოსავალი 1,3 მილიონით არის შემცირებული, ხოლო მესამეზე მყოფი “მაესტროს” შემოსავალი 1 მილიონით გაიზარდა. 

ანგარიშის მიხედვით, ბაზარზე ფინანსური შემოსავლების მიხედვით 8 მოწინავე მაუწყებელს შორის, ტვ “ობიექტივი” ერთადერთია, სადაც შემომწირველების ხვედრითი წილი შემოსავლის მნიშვნელოვანი შემადგენელია (2016: 33,1%, 2015: 53,6%). მედიის განვითარების ფონდის ცნობით, “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებულ ტვ “ობიექტივს” 2016 წელს შემოსავლები 2015 წლის 6 თვესთან შედარებით 43%-ით გაეზარდა.

მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ტელეკომპანია “პირველის” შემთხვევაში კი, სადაც “იმედიდან” და “მაესტროდან” დათხოვნილი თანამშრომლები გადავიდნენ სამუშაოდ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემოსავლების ყველაზე მკვეთრი, 78,8%-იანი ზრდის ტენდენცია აღინიშნა.

როგორც MDF-ის ანგარიშშია აღნიშნული, ტელევიზიების მსგავსად წინა წელთან შედარებით კლების ტენდენცია (98 531,77 ლარით) რადიომაუწყებლების შემოსავალშიც აღინიშნა. მათი ცნობით, 2013 წლამდე სარეკლამო გაყიდვებში არსებული მონოპოლია 2016 წლიდან დუოპოლიით შეიცვალა.

მედიის განვითარების ფონდის განცხადებით, 2016 წელს ბაზარზე სატელევიზიო რეიტინგების ახალი გამზომი გამოჩნდა, რომლის ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით რამდენიმე ტელევიზია ეჭვებს გამოთქვამს და მას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. მათი ცნობით, გამოითქვა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების – საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის – ტენდერები ახალი კომპანიის, TMI-ის პირობებზე იყო მორგებული, რომელსაც  ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს უკავშირებენ.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის 8 თვეში (1 იანვარი – 30 აგვისტო) 2015 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა ონლაინმედიასთან საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაფორმებული კონტრაქტები. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში დაფინანსებული შინაარსის სარედაქციო მასალებისგან გამიჯვნა უმეტეს შემთხვევებში ისევ არ ხდება. კვლევის მიხედვით, რეგიონულ ტელევიზიებთან გაფორმებული ზოგიერთი კონტრაქტი კი სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფორმალიზებას წარმოადგენს.

მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო გარემოს ანგარიშში აღნიშნულია 2016 წლის პირველ ნახევარში კანონში შესული ორი ცვლილება, რომელიც ასევე მედიას ეხება:

  1. საარჩევნო კოდექსით გაიზარდა იმ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების რიცხვი, ვისზეც კანონით გათვალისწინებული უფასო სატელევიზიო სარეკლამო დროის გადანაწილების ნორმა ვრცელდება;

  2. მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებები კი 3 საკითხს შეეხო: ა)  საერთო ეროვნულ და ადგილობრივ მაუწყებლებს სახელმწიფო ენაზე პროგრამების განთავსების ვალდებულება დაეკისრათ; ბ) ციფრული საეთერო ტელემაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა (12სთ) განისაზღვრა; გ) კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ სანქციის გამოყენების წესი დაზუსტდა.

ანგარიშში ასევე მიმოხილულია მედიასაკუთრებასთან დაკავშირებული დავები, რომელთა სამართლებრივი განვითარება 2016 წელსაც გაგრძელდა. MDF-ის განცხადებით, ეს წინასაარჩევნოდ მედიაბაზრის გადანაწილების მცდელობის ნიშნებს ატარებდა.

გარდა ამისა, წინასაარჩევნო მედიაგარემოს ანგარიშში მოხვდა რამდენიმე შემთხვევა, როცა მოსამართლეთა პროცესზე გამოუცხადებლობის გამო საკონსტიტუციო სასამართლო ქმედუუნარო აღმოჩნდა, გადაეწყვიტა რუსთავი 2-ის საჩივარი საერთო სასამართლოში მიმდინარე დავის სამართლებრივი საფუძვლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. როგორც MDF-ის განცხადებაშია ნათქვამი, იმის გამო, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის კასაცია დასაშვებად ცნო, არჩევნებამდე ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მესაკუთრეთა ცვლილების თაობაზე შეუძლებელი გახდა.

მედიის განვიათერების ფონდის განცხადებით, ტელეკომპანია “მაესტროს” მეწილეთა კონფიგურაციის შეცვლის შემდეგ სასამართლოში არხის გაკოტრების საქმე შეწყდა, ფინანსური პრობლემების დაძლევა კი “მაესტრომ” კონკურენტი “იმედის” მმართველობაში მყოფ პირთა ფინანსური დახმარებით მოახერხა.

MDF-ის წინასაარჩევნო მედიაგარემოს ანგარიშში მოხვდა გადაცემების დახურვისა და რამდენიმე ტელეკომპანიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები:

2016 წელს სამსახურიდან 30 ჟურნალისტი გაათავისუფლეს, აქედან 28- ტელეკომპანია “მაესტრომ”, ერთი- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ერთი- ტელეკომპანია “იმედმა”. შეიცვალა “მაესტროს” გენერალური დირექტორი და “იმედის” საინფორმაციოს ხელმძღვანელი. “მაესტროზე” სამი გადაცემა დაიხურა, ხოლო “იმედი” ორმა წამყვანმა დატოვა, პოლიტიკური თოქ-შოუს ერთი წამყვანი არხის ვებ-გვერდზე აგრძელებს მუშაობას. “იმედის” წამყვანებმა და “მაესტროდან” გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა მუშაობა ტელეკომპანია “პირველზე” გააგრძელეს, რომელიც 2014 წელს სპორტულ არხად დაფუძნდა და 2015 წლიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები შესთავაზა მაყურებელს. მედიის განვითარების ფონდის განცხადებით, ეს ტელეკომპანია ბაზარზე ახლა იმკვიდრებს ადგილს.

მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო მედიაგარემოს ანგარიშში ასევე ვრცლად არის განხილული ჟურნალისტთა უფლებების ხელყოფის ფაქტები, სადაც მოხვდა 2016 წლის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაფიქსირებული შემთხვევაც, როცა “ნეტგაზეთისა” და “ლიბერალის” ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი.

MDF-ის ცნობით, საკვლევ პერიოდში, ჯამში, ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დაშანტაჟების 2, ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების 1, ჟურნალისტებზე თავდახსმის 2 და 8 ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის შემთხვევები დაფიქსირდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევის გარდა, სხვა საქმეების გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია. პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის 1 შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი თანამდებობიდან გადადგა.

წინასაარჩევნო მედიაგარემოს ანგარიშში ასევე ასახულია საარჩევნო კამპანიის მიზნით პოლიტიკური სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯები მედიაში, რომლის მიხედვითაც 8 ივნისი – 30 აგვისტოს პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიაზე გაწეული საერთო 8 813 597 ლარიდან 78% “ქართულმა ოცნებამ” დახარჯა.

წინასაარჩევნო მედიაგარემოს ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა მმართველმა გუნდმა გარე რეკლამაზე დახარჯა, ხოლო ტელევიზიებიდან ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა “იმედმა” (1 134 907) მიიღო, სადაც “ქართულმა ოცნებამ” 1 მილიონი ღირებულების მომსახურება შეისყიდა.

MDF-ის ინფორმაციით,  თუ მმართველმა გუნდმა ტელეევიზიებიდან მხოლოდ “იმედზე” განათავსა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, ონლაინგამოცემებსა და გაზეთებში უფრო დივერსიფიცირებული მიდგომა გამოიკვეთა. მათი ცნობით, ყველაზე მეტი სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურება “ქართულმა ოცნებამ” პალიტრა ჰოლდინგში შემავალ ონლაინ (221 479) და ბეჭდვითი (73 955) გამოცემებისგან შეისყიდა.

წინასაარჩევნო მედიაგარემოს ანგარიშში ასევე საუბარია ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე. მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ონლაინმედიაში საბიუჯეტო რესურსით დაფინანსებული მედიაშინაარსის მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობის საფუძველზე არ ხორციელდება, რადგან კანონმდებლობა მსგავსს წესს მხოლოდ ბეჭდვით გამოცემებთან მიმართებაში განსაზღვრავს. ანგარიშის მიხედვით, ერთ შემთხვევაში ცესკოს მხრიდან ონლაინმედიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა.

ანგარიშში ასევე მიმოხილულია წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის როლზე, რომელსაც საარჩევნო კოდექსი მედიის მიერ კანონით დადგენილი ნორმების მონიტორინგსა და მათზე რეაგირების ფუნქციას განუსაზღვრავს. MDF-ის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან 26 სექტემბრის ჩათვლით კომისიას საზოგადოებრივი აზრის კვლევების კანონმდებლობის დარღვევით გაშუქების არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის მიხედვით, კუმინკაციების მარეკულირებელმა კომისიამ რეკლამის სურდოთარგმანის გარეშე განთავსებისთვის რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია “პირველის” მიმართ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა და არ გაიზიარა არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრება, რომ ტელეკომპანია GDS-ის ანონსი რეალურად პოლიტიკური რეკლამის ხასიათს ატარებდა.

წინასაარჩევნო მედიაგარემოს ანგარიშში საუბარია ასევე პოლიტიკური საარჩევნო რეკლამის შინაარსობრივი შეზღუდვის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობას მის დამკვეთს აკისრებს და არა მედიასაშუალებას, რუსთავი 2-მა “პატრიოტთა ალიანსის” თურქოფობიული წინასაარჩევნო ვიდეორგოლი, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “ცენტრისტების” სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული საარჩევნო რგოლი ეთერიდან მოხსნეს.

ანგარიშში მოხვდა GPB-ისა და 3 კერძო ტელეკომპანიის საერთო ეგზიტპოლის ამბავიც და აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება კერძო ტელეკომპანიებთან ერთად 8 ოქტომბერს ეგზიტპოლის ჩატარების შესახებ სამეურვეო საბჭოს 2 წევრის, საქართველოს პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი გახდა.

მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო მედიაგარემოს ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრებზე, რომლებიც ამავე დროს ტელევიზიის მფლობელები არიან.

საარჩევნო ბლოკის “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია” სიაში 3 პირი მოხვდა, ვინც მაუწყებლობაში გარკვეულ წილებს ფლობს(ნატო ჩხეიძე – იბერია ტვ-ის 30%, ზაზა ოქუაშვილი – იბერია ტვ-ის 70%, დავით ზილფიმიანი – I სტერეოს 22% და  სტერეო +-ის 50%).

ანგარიშის ბოლო ნაწილში საუბარია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პრეტენზიების შესახებ, რომლებიც მედიაორგანიზაციებისაგან გაშუქების თანაბარ პირობებს ითხოვენ. მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამის შესახებ ორმა პარტიამ გამოთქვეს პრეტენზია – ნაციონალურმა მოძრაობამ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი