ახალი ამბებისაზოგადოება

პაპი ფრანცისკეს თქმით, გენდერის თეორია ქორწინების იდეის წინააღმდეგ გამოიყენება

3 ოქტომბერი, 2016 • 2005
პაპი ფრანცისკეს თქმით, გენდერის თეორია ქორწინების იდეის წინააღმდეგ გამოიყენება

როიტერის ცნობით, რომის პაპმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალებსა და ტრანსსექსუალებს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, თუმცა გენდერის თეორიას ახალგაზრდები არ უნდა სწავლობდნენ. პაპს მიაჩნია, რომ ამ თეორიის სწავლება ქორწინების ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა. პაპმა ფრანცისკემ ეს განცხადება კვირას, თბილისიდან გამზავრებისას, თვითმფრინავში გააკეთა.

“როდესაც ადამიანი, რომელიც გეია, წარდგება იესოს წინაშე, ის მას არ ეტყვის, რომ გაეცალოს, რადგან ჰომოსექსულია,” – ამბობს რომის პაპი.

პაპმა გენდერთან და ქორწინებასთან დაკავშირებით შეკითხვებს თბილისშიც უპასუხა და განაცხადა, რომ ქორწინების იდეას ებრძვიან:

“დღეს გლობალური ომი მიმდინარეობს ქორწინების ინსტიტუტის წინააღმდეგ არა იარაღით, არამედ იდეებით. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავები იდეოლოგიური კოლონიზაციისაგან.”

ტერმინ “იდეურ კოლონიზაციაში” პაპი გულისხმობს იმ ფაქტს, რომ დღეს მდიდარი ქვეყნები ცდილობენ განვითარებად ქვეყნებს საკუთარი სოციალური პოლიტიკა თავს მოახვიონ, მათ შორის არის ერთი და იმავე სქესის წყვილის ქორწინების იდეაც.

პაპი ფრანცისკე ჰომოსექსუალების მიმართ უფრო მეტი მიმღებლობით გამოირჩევა, ვიდრე მისი წინამორბედები, თუმცა ამბობს, რომ მათ შორის ქორწინება არ არის ყველაზე ლამაზი რამ, რაც ღმერთმა შექმნა. მისი თქმით, ღმერთმა ქალი და კაცი იმისათვის შექმნა, რომ ერთ სხეულად იქცნენ.

პაპის აზრით, გენდერული თეორია გულისხმობს, რომ ადამიანი ბიოლოგიურად შეიძლება იყოს ქალი ან კაცი, თუმცა მას აქვს უფლება აირჩიოს თავისი სქესი.

პაპი ფრანცისკე თბილისში 30 სექტემბერს ჩამოფრინდა. ის საქართველოს პრეზიდენტს, მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, რელიგიურ კონფესიებს და მთავრობის წარმოამდგენლებს შეხვდა. ასევე, მიხეილ მესხის სტადიონზე წირვა აღავლინა. რომის პაპმა საქართველო 2 ოქტომბერს დატოვა და ბაქოში გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი