ISFED: პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო შემთხვევები დაფიქსირდა

დღეს, 3 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები წინასაარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ და სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ზეწოლა-მუქარის 11; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12; კამპანიისთვის ხელის შეშლის 8; ფიზიკური დაპირისპირების 6; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; პარტიული ოფისის დაზიანების 2;  სააგიტაციო მასალების დაზიანების 37; სიძულვილის ენის გამოყენების და არაუფლებამოსილი პირის აგიტაციაში მონაწილეობის 8 ფაქტი გამოავლინეს.

“არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო შემთხვევები დაფიქსირდა. ძალისა და ცივი იარაღის გამოყენების შემთხვევების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ასევე მმართველი პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა, რის შედეგადაც რამოდენიმე მათგანი ჰოსპიტალიზებულია”,- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად,  ზეწოლა და მუქარა ძირითადად ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიმართ ფიქსირდება და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ოპონენტი პარტიების წარმომადგენლები „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებთან სიტყვიერ მუქარაზე, სოციალური დახმარების მოხსნისა და სხვადასხვა ფორმით დაშინებებზე საუბრობენ.

“საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მზარდი ტენდენცია. ადმინისტრაციულ რესურსს ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობები იყენებენ მმართველი პარტიის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდა ბეჭდვითი  სააგიტაციო მასალების დამზადების და უფასოდ გავრცელების, შენობა-ნაგებობების გამოყენების, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევა, რაც საარჩევნო კოდექსის თანახმად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს,” – აღნიშნულია ანგარიშში.

ISFED-ში მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი  მუნიციპალიტეტების მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მოქალაქეებისთვის ცალკეული პროექტების მიმდინარეობის თუ დასრულების შესახებ  ინფორმაციის მიწოდება წინასაარჩევნოდ  შესაძლოა წარმოადგენდეს ამომრჩეველის ნებაზე ზემოქმედების ფორმას და შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს.

ანგარიშის დიდი ნაწილი ეხება არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. კერძოდ,  16 სექტემბერს ტყიბულში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბერი დავითი (რიჟამაძე), ოკრიბის წმინდა გიორგის დედათა მონასტრის წინამძღვარ დედა გიორგიასთან (მარეხი) ერთად ესწრებოდა. მათ ნინო ბურჯანაძეს საჩუქრად ხატი გადასცეს:

“ბერმა დავითმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და ნინო ბურჯანაძისა და მისი პარტიის მიმართ ღიად გამოხატა მხარდაჭერა.

„.ურუსეთოდ ჩვენ გავნადგურდებით, ბევრჯერ უთქვამს ნინოსთვის მამაოს და ფაქტი სახეზეა, მე არ მეშინია არავისი, მე ჩემი ხალხის სიკეთე მინდა. მე არც ერთ პარტიასთან არ მივსულვარ, მაგრამ ნინოსი იმიტომ მჯერა, რომ ძალიან ჭკვიანი ადამიანია… მართალია, არ გავნადგურდებით, მაგრამ მოგვცა შანსი უფალმა, რომ კიდევ არ ვიტანჯოთ. უფალმა დალოცოს ნინო, გააძლიეროს… 5 წლის წინ ვუთხარი, ნინოს ამ ემიგრანტ ქართველებს რა ეშველებათ, ასეთ გასაჭირში რომ არიან-მეთქი, მან მითხრა: ნუ გეშინია, მამაო, ღმერთი ჩვენთანაა და გავიმარჯვებთო,” – აღნიშნულია ანგარიშში.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. აღნიშნული წარმოადგენს სამართალდარღვევას და საარჩევნო კანონმდებლობით ისჯება ჯარიმით 2,000 ლარის ოდენობით.

ამავე ანგარიშის მიხედვით,  19 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გია გეწაძემ მონაწილეობა მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გია თევდორაძის  მიერ გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაში.

“მოსახლეობასთან საუბრისას იგი თავადაც  ეწეოდა აგიტაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, რაც კარგად ჩანს ვიდეომასალაშიც.  საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ.”

ხოლო 14 სექტემბერს #50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელგუჯა გოცირიძემ შეხვედრა გამართა  სოფელ თუზის (ვარდიგორის დასახლების) მოსახლეობასთან.

“შეხვედრას ესწრებოდა N50.49.29 ზედა საზანოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ გიორგაძე და ამავე დროს კანდიდატის – ელგუჯა გოცირიძის სასარგებლოდ მისცა ინტერვიუ ტყიბულის საინფორმაციო ცენტრს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“პუნქტის მიხედვით საარჩევნო კომისიის წევრებს ეკრძალებათ აგიტაციის გაწევა ან აგიტაციაში მონაწილეობა.”

ანგარიშში ასევე საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ ოზურგეთის მერიის თანამშრომლების მიერ  სამუშაო საათებში სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდასაჭერი სააგიტაციო მასალის განთავსებაზე.

ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით იმატა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების – პარტიული დროშების, პლაკატების და ბანერების დაზიანების შემთხვევებმა. დაზიანება ძირითადად პლაკატების ჩამოხევაში, სხვადასხვა სუბიექტის პლაკატების ერთმანეთზე გადაკვრაში გამოიხატება.

საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერი. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საარჩევნო პროცესების რევოლუციური გზით განვითარების სცენარს განიხილავენ:

“აღნიშნული ჩანაწერების გავრცელებას წინ უსწრებდა მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნოდ დესტაბილიზაციასა და არეულობის გამოწვევას გეგმავს. მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა აწარმოონ ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, ერთი მხრივ, როგორც ჩანაწერების ავთენტურობის და დანაშაულებრივი განზრახვის რეალურობის დასადგენად, ასევე, უკანონო ფარული მიყურადების დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად,” – ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს ფიზიკური დაპირისპრებების სიხშირე:

“წინასაარჩევნო პერიოდი დასაწყისში საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და ბოლო პერიოდში ფიზიკურმა დაპირისპირებებმა ჩვენი  შეშფოთება გამოიწვია. მათ შორის იყო ცივი იარაღის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ სამართალმდაცავებმა დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ასეთი შემთხვევები,” – აღნიშნავს ბენიძე.

ანგარიშში ასევე ასახულია  საჯარო შეხვედრებისას კანდიდატებისა თუ პოლიტიკურ პარტიების დაპირებები. ამ დაპირებების ურმაველსობის შესრულება თავისი არსით ისეთია, რომ მათი შესრულება დეპუტატის კომპეტენციაში არ შედის. ISFED-ის იურისტის, ნინო რიჟამაძის თქმით, არჩევნების შემდეგ მოსახლეობა მაჟორიტარით იმედგაცრუებული რჩება, რადგან გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს:

“დაპირებები, რომლებსაც მაჟორიტარი დეპუტატონის კანდიდატები გასცემენ, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებს შეეხება. მაგალითად, გზების რეაბილიტაცია, ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება, სოციალური დახმარების დანიშვნა და სხვა. დეპუტატები თავისი მანდატიდან გამოდმინარე ამ დაპირებებს ვერ შეასრულებენ. დეპუტატი უნდა საუბრობდეს იმ ინიციატივებზე, რომლებსაც პარლამენტში განახორციელებს.”

ამ გარემოებებიდან გამომდინარე ISFED საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს და თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე, ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც წაახალისებს ძალადობას და დაპირისპირებას;  სატელევიზიო ეთერებსა და საჯარო სივრცეში დაიცვან ეთიკის ნორმები და თავი შეიკავონ ყოველგვარი აგრესიის გამოხატვისგან და დებატები წარმართონ კონსტრუქციულ რეჟმში;  აღკვეთონ ოპონენტი პარტიების/საარჩევნო სუბიექტების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება და დასწრება;  წინაასაარჩევნო  შეხვედრების, სატელევიზიო ეთერებსა და საჯარო გამოსვლების დროს თავი შეიკავონ  გამოხატვის იმგვარი ფორმისგან, რომელიც მიმართული იქნება  ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ, მათი სოციალური, ეთნიკური კუთვნილების, რასის, გენდერის, ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, ნაციონალობის, რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, იდეოლოგიის, სოციალური კლასის, საქმიანობის და სხვა;  წინასაარჩევნო პროცესში თავი შეიკაონ აგიტაციის იმგვარი ფორმისგან, რომელიც შეიცავს ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს და მიმართულია მათ თავისუფალ ნებაზე ნეგატიური ზემოქმედებისკენ. აღკვეთონ  ამომრჩევლებისთვის ფულის, საჩუქრების, მომსახურების გადაცემა, დაპირება ან დაინტერესება კანდიდატების, წარმომადგენლების ან მათთან კავშირში მყოფი იურიდიული პირების მიერ.

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ   არჩევნების დასრულებამდე თავი უნდა შეიკავონ ბიუჯეტში იმგვარი ცვლილებების განხორციელებისგან, რომელიც მიმართულია ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაწყებად; ამასთან, ISFED  თვითმმართველობებს მოუწოდებს, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე არ დაუშვან აგიტაცია რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;  აღკვეთონ პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები;  უზრუნველყონ ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოებში დასაქმებული მოხელეებისათვის საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო პერიოდში და რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან კამპანიაში მონაწილეობის მიზნით არ გამოიყენონ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრება: საკომუნიკაციო საშუალებები და ავტომობილები.

კამპანიის წარმოების წესების უზრუნველსაყოფად ISFED მოუწოდებს სასულიერო პირებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს და სხვა პირებს, რომლებსაც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ, მონაწილეობა არ მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში.

ანგარიშის მომზადებულია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან NED-ის შეხედულებებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.