ახალი ამბები

რა შედეგით დასრულდება არჩევნები? – 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტის პროგნოზი

3 ოქტომბერი, 2016 • 2939
რა შედეგით დასრულდება არჩევნები? – 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტის პროგნოზი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 22-29 სექტემბერს ჩაატარა ექსპერტთა გამოკითხვა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ. ორგანიზაციის განმარტებით, სულ გამოიკითხა საქართველოს საარჩევნო და პარტიულ სფეროებზე მომუშავე 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტი.

“კვლევის ინტერესის  მთავარი საგანი იყო, თუ ხმების რამდენ პროცენტს მიიღებენ ძირითადი პარტიები არჩევნებზე და რამდენად მაღალი იქნება ამომრჩევლის დასწრება”. როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კორნელი კაკაჩია ნეტგაზეთთან განმარტავს, ეს არ არის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელსაც სოციოლოგიური კვლევის ეფექტი აქვს.

ინსტიტუტის განმარტებით, ქვემოთ მოყვანილი მონაცემები წარმოადგენს გამოკითხვის გაანალიზებულ და შესაბამისი მეთოდოლოგიით გაფილტრულ და დაჯამებულ შედეგებს: “კვლევის შედეგები არ მოიცავს ზუსტ რიცხვებს, არამედ წარმოდგენილია ე.წ.  შესაძლებლობათა კორიდორის სახით, რაც მოიცავს შედეგების შესაძლო ცდომილებას არჩევნების რეალურ შედეგებთან მიმართებაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები ეხება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტულ რაოდენობას და არ მოიცავს მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვიტოს ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ბედი”.

ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები – პოლიტიკური პარტიების „შესაძლებლობათა კორიდორი“

  • ქართული ოცნება 30-42%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19-32%
  • სახელმწიფო ხალხისათვის 6-12%
  • პატრიოტთა ალიანსი 3-10%
  • თავისუფალი დემოკრატები 4-9%
  • რესპუბლიკური პარტია 2-7%
  • დემოკრატიული მოძრაობა 2-6%
  • ლეიბორისტული პარტია 1-5%
სქრინშოტი ექსპერტთა გამოკითხვის კვლევიდან

სქრინშოტი ექსპერტთა გამოკითხვის კვლევიდან

კორნელი კაკაჩიას განმარტებით, ექსპერტების ვინაობა და მათ მიერ დასახელებული სავარაუდო შედეგები ანონიმურია. მისი თქმით, ყველას უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ ანონიმურად, ზეწოლის გარეშე გაეკეთებინა პროგნოზი. რაც შეეხება ექსპერტის შერჩევის კრიტერიუმებს, კორნელი კაკაჩია განმარტავს, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ქართულ პოლიტიკაში კარგი კომპეტენცია გააჩნიათ და წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
“ლაპარაკია სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლებზე, მათ შორის უცხოელ მკვლევრებზე, რომლებიც წლებია საქართველოზე მუშაობენ  და მნიშნელოვანია, რომ ეს მათი სუბიექტური აზრია, რაც არ ნიშნავს და ვერ ექნება პრეტენზია, რომ აუცილებლად ისე მოხდება, როგორც ისინი პროგნოზირებენ, ამიტომაცაა მოლოდინის კორიდორი და არა ზუსტი ციფრი”.

 ვის დარჩება გამარჯვება არჩევნებზე?

“ექსპერტთა გამოკითხვის მონაცემები ცხადყოფს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის დომინანტ ძალებად რჩებიან. ეს იმის მიუხედავად, რომ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით 2016 წლის ივნისამდე, ელექტორატის 57 პროცენტი გადაუწყვეტელი იყო, თუ ვისთვის მიეცა ხმა. თუმცა, სავარაუდოდ, ასევე იმის გამო, რომ პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალა არ გამოჩნდა, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი სავარაუდოდ ისევ ორ დომინანტ ძალაზე  – ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობაზე – გადანაწილდება.

GIP-ის გამოკითხვის თანახმად. ქართული ოცნება არჩევნებზე 30-დან 42 პროცენტამდე რაოდენობის ხმებს მიიღებს. ექსპერტ რესპონდენტთა 75-მა პროცენტმა მმართველ პარტიას ხმების სწორედ ეს რაოდენობა უწინასწარმეტყველა. შესაბამისად, ექსპერტთა ვარაუდით, ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილს პირველ ადგილზე დაასრულებს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა უმრავლესობა 19-32 პროცენტს და, შესაბამისად, მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებს.

როგორც ზემოთ მოყვანილი რიცხვები უჩვენებს, გამოკითხვის თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიღებული ხმების რაოდენობით ქართულ ოცნებას დაეწიოს ან მცირედით გაუსწროს კიდეც. თუმცა მოვლენების განვითარება მსგავსი სცენარით  ნაკლებად სავარაუდოა. ზოგადად აღსანიშნავია ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის ზრდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ივნისი-ივლისის მსგავსს გამოკითხვასთან შედარებით, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი 4 პროცენტით არის გაზრდილი”, – ვკითხულობთ კვლევაში.

 რომელი პარტია მოხვდება პარლამენტში?

“შედარებით პატარა პარტიებიდან ექსპერტები პარლამენტში შესვლას პატრიოტთა ალიანსს უწინასწარმეტყველებენ. ექსპერტთა მოსაზრებების ჯამური ანალიზი ალიანსს ხმათა 3-10 პროცენტს აკუთვნებს. შებამისად, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში მოხვედრის მთავარი კანდიდატია.

გამოკითხვის მიხედვით პარლამენტში შესვლის შანსს ინარჩუნებს ასევე პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი – სახელმწიფო ხალხისათვის, რომელსაც ექსპერტებმა საშუალოდ ხმათა 6-12 პროცენტი უწინასწარმეტყველეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა 22-29 სექტემბერს ჩატარდა, ანუ სანამ ბლოკს  ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი გამოეყოფოდა. ასევე აღნიშვნის ღირსია, რომ გირჩის გამოყოფამდე პარტია ასევე დატოვეს პაატა ბურჭულაძის ყოფილმა თანამებრძოლებმა და ახალგაზრდული ფრთის ნაწილმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გავლენას მოახდენს ბურჭულაძის ბლოკზე აღნიშნული მოვლენები, თუმცა ყოფილი პარტნიორების გადინება, სავარაუდოდ, ბლოკის რეიტინგზე დადებითად არ აისახება. გირჩის გასვლით ბლოკი, სავარაუდოდ, დაკარგავს თვით გირჩისა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მომხრეების ხმებს. მეორე მხრივ, მოსალოდნელი არ არის, რომ გირჩის გასვლის შედეგად ბლოკმა დამატებითი ხმები შეიძინოს, ვინაიდან გირჩის გასვლის მიუხედავად, საარჩევნო ბლოკში კვლავ რჩება გიორგი ვაშაძის ახალი საქართველო, რაც ნაციონალურ მოძრაობაზე განაწყენებული ამომრჩევლის ხმების მოზიდვას თავისთავად გამორიცხავს.

ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის პოპულარობის სავარაუდო კლება შესაძლოა დაეხმაროს სხვა პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაში. თავისუფალი დემოკრატებს კვლევის მონაწილე ექსპერტები არჩევნებში ხმების 4-9 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ. ამ მონაცემების მიხედვით, მათი შესვლა პარლამენტში გარანტირებული არ არის. გამოკითხული ექსპერტები კიდევ უფრო პესიმისტურ პროგნოზს აკეთებენ რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებით. მათი აზრით, ყოფილი მმართველი პარტია არჩევნებში მხოლოდ ორიდან შვიდ პროცენტამდე ხმებს მიიღებს. დაახლოებით მსგავსი სურათი იკვეთება ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებითაც. ექსპერტთა აზრით ბურჯანაძის პარტია ხმათა მხოლოდ 2-6 პროცენტს მიიღებს. გამოკითხულთა აზრის თანახმად, საარჩევნო ბარიერს დიდი ვარაუდით ვერ გადალახავს ასევე ლეიბორისტული პარტია. ექსპერტები შალვა ნათელაშვილის პარტიას ხმების 1-5 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ. ამრიგად, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებული პარტიების ნაწილს პარლამენტში მოსახვედრად სრული ძალისხმევის მობილიზება მოუწევთ. თუმცა, თუ ბურჭულაძის ბლოკზე განაწყენებული ელექტორატის ხმები მათზე გადანაწილდება, ეს მათ პარლამენტში შესვლის შანსს დიდად გაზრდის”, – ნათქვამია კვლევაში.

 წინასაარჩევნო რჩევები პოლიტიკურ პარტიებს

გარდა პარტიების რეიტინგებისა, GIP-ის კვლევა ასევე მოიცავდა ექსპერტთა ინდივიდუალური მოსაზრებების გამოკითხვას წინასაარჩევნო გარემოსთან და პარტიების საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტთა კომენტარებში ყველაზე ხშირად ნახსენები იყო დაბალი პოლიტიკური კულტურის პრობლემა და პრორუსული ძალების მოძლიერება. ასევე,  ხშირ შემთხვევაში პარტიების არასწორი პოლიტიკური მარკეტინგი და წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვის პრობლემები. კერძოდ, ექსპერტთა მოსაზრებით, ზოგიერთი ეტაბლირებული პოლიტიკური პარტია არ ან ვერ ახორციელებს წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონებში და მხოლოდ თბილისით შემოიფარგლება, რაც სავარაუდოდ ნეგატიურად აისახება მათ საარჩევნო შედეგზე. “პრობლემას წარმოადგენს ასევე პარტიების სუსტი პროგრამული პროფილი, ხშირად მხოლოდ ნეგატივზე კონცენტრირება და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების უგულებელყოფა. ექსპერტთა აზრით, ამ და სხვა პრობლემების გამო ბევრმა პარტიამ  ხელიდან გაუშვა შანსი, მიეზიდა დიდი რაოდენობით გადაუწყვეტელი ამომრჩეველი:.

 კვლევის შესახებ

“ექსპერტთა აზრის კვლევა საქართველოში ინოვაციას წარმოადგენს. ჩვენი კვლევა ეყრდნობა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მკვლევრის, ნეით სილვერის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც აშშ-ის არჩევნების შედეგებს რეგულარულად აქვეყნებს მაღალი სიზუსტით. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიზანია, საერთაშორისო ექსპერტებისა და კონსულტანტების დახმარებით, აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში აპრობირებული კვლევის მეთოდოლოგია გადმოიტანოს და დანერგოს საქართველოში. აღნიშნული კვლევა გაგრძელდება არჩევნების შემდგომაც და რეგულარულად შეაფასებს პარტიების რეიტინგს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის “ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის” (National Endowment for Democracy, NED).

ზოგადად, ექსპერტთა კვლევას მოსახლეობის სოციოლოგიურ კვლევისგან განსხვავებით რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. არსებობს მოსაზრება, რომ ექსპერტთა გამოკითხვა დიდი ვარაუდით უფრო ზუსტია, ვიდრე მოსახლეობის გამოკითხვები. პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელში ყოველთვის არის რესპონდენტთა არცთუ მცირე ნაწილი, რომელიც პასუხის გაცემისგან შეგნებულად თავს იკავებს. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, ასეთი ამომრჩევლის რიცხვმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე 57%-ს მიაღწია. მეთოდოლოგიურად ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით, თუ ვინ წავა არჩევნებზე და ვინ დარჩება სახლში ამ კატეგორიის რესპონდენტებიდან (მაგალითად, შესაძლოა ერთი პარტიის ამომრჩეველი არჩევნებში მასობრივად წავიდეს, ხოლო მეორე პარტიისა – შინ დარჩეს). თავშეკავებული რესპონდენტების პრობლემას ვერც გამოკითხვის გაფართოება და გამოკითხულთა რაოდენობის გაზრდა გადაწყვეტს. სწორედ ამ პრობლემის გამო, თვით ყველაზე ძვირადღირებული და წამომადგენლობითი სოციოლოგიური კვლევებიც კი ერთგვარ ინტერპრეტაციას საჭიროებენ. პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტების გამოკითხვა მსგავსი ცდომილებების რისკს ამცირებს. გამოკითხვაში მონაწილე ექსპერტთა უმრავლესობას არჩევნებზე და სოციალურ გამოკითხვებზე მუშაობის ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. გამოკითხვის შემდეგ ხდება საგანგებოდ მოწვეული კონსულტანტების მიერ შედეგების შეჯამება და მათი შემდგომი დამუშავება.

ცხადია, ნებისმიერ გამოკითხვას თან ახლავს ცდომილების რისკი. GIP-ის გამოკითხვის შემთხვევაშიც გამორიცხული არ არის, რომ რეალური შედეგები საგრძნობლად განსხვავდებოდეს გამოკითხვის შედეგებისგან. მაგალითად, არჩევნების შედეგებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ბოლო მომენტში მოულოდნელად განვითარებულმა მოვლენებმა, როგორიც იყო, მაგალითად, გირჩის გასვლა პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკიდან. ამასთან, გამოკითხვის შედეგები მოიაზრებს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. შესაბამისად, თუ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩაივლის, ამან შეიძლება ცდომილება GIP-ის კვლევასა და რეალურ შედეგებს შორის კიდევ უფრო გაზარდოს”, – ვკითხულობთ კვლევაში.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შესახებ

GIP-ის ვებგვერდზე გამოქვყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი  არის არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის დასწყისში დაარსდა. “GIP ცდილობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და ეფექტური მმართველობის პრინციპების განვითარებას პოლიტიკური კვლევისა და ადვოკატირების გზით. ორგანიზაციის მიზანია, გახდეს კვლევებისა და პოლიტიკური ინოვაციების წამყვანი ცენტრი საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად. 2013 წლიდან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არის OSCE Network of Think Tanks and Academic Institutions წევრი”.

ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან: ერეკლე ურუშაძე, ვანო ჩხიკვაძე, გიორგი სორდია და ლევან ნატროშვილი. აღმასრულებელი დირექტორია კორნელი კაკაჩია, ხოლო მრჩეველთა საბჭოში შედია: მელანი სალი, კორი ველტი, ეიკი ბერგი, ნონა მიხელიძე, ალექსანდრე კუპტაძე.

 

უფრო ვრცლად პროექტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი