ახალი ამბები

კობახიძე: გამოვრიცხავთ ოქრუაშვილის ინციდენტში “ქართული ოცნების” მონაწილეობას

3 ოქტომბერი, 2016 • 1907
კობახიძე: გამოვრიცხავთ ოქრუაშვილის ინციდენტში “ქართული ოცნების” მონაწილეობას

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია.

2 ოქტომბერს  გორში, ამომრჩევლებთან შეხვედრის წინ, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის მისამართით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც დაიჭრა ორი პირი. ოქრუაშვილი ამბობს, რომ იცის თაცდამსხმელების ვინაობა და საუბრობს კახა კალაძესთან მათ შესაძლო კავშირზე:

“ბოლო კვირების განმავლობაში გორში განსაკუთრებით შეინიშნებოდა ე.წ. ძველი ბიჭების გააქტიურება საარჩევნო პროცესში. ამ ყველაფრის თავი გახლდათ კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა ამ ბიჭების ამდაგვარ აქტიურობას,”- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ არც ქართული ოცნების აქტივისტებს და არც მის ლიდერებს ამ ინციდენტთან არაფერი აკავშირებთ:

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და შეგვიძლია სრულად გამოვრიცხოთ ამ ინციდენტში „ქართული ოცნების“ აქტივისტების და, მით უმეტეს, “ქართული ოცნების” ლიდერების მონაწილეობა. გორში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დაიწყო შელაპარაკებების ნიადაგზე. ეს შელაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა მძიმე ინციდენტი, რაც გამოიხატებოდა ადამიანების დაჭრაში. ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასაგმობია, რაც იქ მოხდა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული. ქმედების მოტივი იყო არა პოლიტიკური, არამედ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი შელაპარაკების საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და კონკრეტულ გორის მოსახლეებს შორის,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).

ნეტგაზეთს შსს-ში ასევე განუცხადეს, რომ ბრალდებული უკვე იდენტიფიცირებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი