ახალი ამბები

I AM OFFLINE

13 ივნისი, 2012 • 1233
I AM OFFLINE

„ევროვიზიის“ კონკურსის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ  დაპატიმრებებისა და ტერორის ახალი ტალღა ააგორა. 12 ივნისს პოლიციამ ჯერ პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივის“ 10 წევრი დააკავა, რომლებიც ახალი კანონის „ ინფორმაციის საჯაროობის და კომერციული საიდუმლოების“ მიღებას აპროტესტებდნენ, მათთან ერთად  „ევროვიზიის“ დროს საკუთარი ბინებიდან უკანონოდ გამოსახლებული მომიტინგეებიც  დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ კი, ბაქოს საბილის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად დაბარებული 23 წლის  ბლოგერი და „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ რეპორტიორი, მეჰმან ჰუსეინოვი აიყვანეს.

 

სამივე ფაქტი  „ევროვიზიას“ და ბოლო დროს დაწყებულ  ჟურნალისტურ გამოძიებებს უკავშირდება, რომლებიც პრეზიდენტ ალიევის და მისი ოჯახის უკანონო კომერციულ  და ბიზნესგარიგებებს ააშკარავებდა. ხოლო ახალი კანონი, რომელსაც მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივა“ აპროტესტებდა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული კომერციული თუ იურდიული პირებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას ითვალისწინებს, რაც ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს  კომპანიების დამფუძნებლებისა და მათი კაპიტალის შესახებ ყოველგვარი  ინფორმაციის მიღებას უკრძალავს.

 

მეჰმან ჰუსეინოვს, როგორც ცნობილი გახდა, ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს და პოლიციის განყოფილებაშივე დროებითი 3 –დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, იგი ბრალდებულია „პოლიციის მიმართ უპატივცემლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში“, თუმცა, ადვოკატის ელჩინ სადიქოვის თქმით, საქმე ეხება მეჰმანის მონაწილეობას მოძრაობაში  „მეტი დემოკრატიისთვის“ , რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა „ევროვიზიის“ კონკურსის ორგანიზებისა და მიმდინარეობის დროს ხელისუფლების მერ განხორციელებული უამრავი კანონდარღვევა და კორუფციული გარიგება, ასევე უკანონო გამოსახლებებისა და პირადი საკუთრების უფლებების დარღვევის მრავალი ფაქტი.

 

ბლოგერს 222.1 მუხლით ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა ჟურნალისტები და მეგობრები შიშობენ, რომ, როგორც ყოველთვის, ასეთი პატიმრების მიმართ სასამართლო მეტ სიმკაცრეს იჩენს და 23 წლის მეჰმანის საქმეს მეტი გარემოებებით დაამძიმებს, მით უმეტეს, როგორც ამბობენ, დაპატიმრებები პირადად  ილჰამ ალიევის  დავალებით ხორციელება.

 

აზერბაიჯანში ეს პირველი შემთხვევა არ არის  ჟურნალისტებზე, ბლოგერებზე, მწერლებზე  თავდასხმისა თუ  დაპატიმრების. აღარაფერს ვამბობთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, რომელთა უმრავლესობა მოკლულია ან სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

20 წლის ბლოგერი, ჯაბარ სავალანი, სოციალურ ქსელში მეგობრებისთვის ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობის მიღების მოწოდებისთვის დააპატიმრეს. მას სასამართლომ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ნარკოტიკების შენახვის“ ბრალდებით. ჯაბარი 17 თანამოაზრესთან ერთად, რომლებიც  მარტსა და აპრილში ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდნენ, “amnesty internationali”-ის მიერ სინდისის პატიმრებად არიან აღიარებული.

 

აზერბაიჯანელ მწერალსა და პუბლიცისტს რაფიკ თაღის 19 ნოემბერს, გვიან ღამით, საკუთარ სახლთან ახლოს, ავტობუსის გაჩერებაზე უცნობი პირები დაესხნენ თავს და დანით 7 ჭრილობა მიაყენეს, რამოდენიმე ჭრილობა, როგორც თავად მწერალი გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, ნიკოლაი ბერდიაევის წიგნმა აარიდა, რომელიც თან ჰქონდა და რითიც თავდასხმელებს იგერიებდა.  თაღი 23 ნოემბერს ბაქოს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  ახლობლები საეჭვოდ მიიჩნევენ მის გარდაცვალებას, რადგან ის უკვე უკეთ გრძნობდა თავს და მის მდგომარეობას  დამაკმაყოფილებლად აფასებდნენ ექიმები. თუმცა გარდაცვალების შემდეგ, როგორც აზერბაიჯანის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: მწერლის გარდაცვალება „პერიტონიტის მწვავე ფორმამ და ინტოქსიკაციამ გამოიწვია“.

 

რაფიკ თაღიც 2006 წელს დააპატიმრეს წერილისთვის „ევროპა და ჩვენ“. დაპატიმრებას წინ უძღოდა მწერალთა კავშირიდან გარიცხვა და ისლამისტების აქცია, რომლის დროსაც ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და მოითხოვდა მწერლის სიკვდილით დასჯას. სასამართლომ თაღის 3 წლით პატიმრობა შეუფარდა   „რელიგიური შუღლის გაღვივების“ ბრალდებით, ხოლო გაზეთის რედაქტორს, სადაც სტატია დაიბეჭდა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  8 თვის შემდეგ, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მწერალი შეიწყალა. თუმცა ირანში აიათოლა მუჰამად ფაზილმა,  წინასწარმეტყველ მუჰამადის შეურაცხყოფის გამო, მასზე  ფეტვა გამოაცხადა, რამაც ფაქტიურად წააქეზა რადიკალურად განწყობილი ისლამისტები მწერლის განადგურებისკენ.

 

წერილში „ევროპა და ჩვენ“ ავტორი მწვავედ განიხილავდა ისლამის უარყოფით როლსა და გავლენას აზერბაიჯანის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. იგი მიიჩნევდა, რომ ქვეყანას მხოლოდ დემოკრატიული განვითარება და ევროპასთან სიახლოვე მოუტანდა წარმატებას. თაღი აკრიტიკებდა ხელისუფლებას ვიწრო კლანურ მართველობაში და ფიქრობდა, რომ ხელისუფლება დაკავებული იყო მხოლოდ ქონების მითვისებასა და დაგროვებაში. ასევე ადანაშაულებდა  დასავლეთს ორმაგ თამაშში და თხოვდა მეტ აქტიურობას აზერბაიჯანში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.

 

მაშინ, როცა ქვეყანაში იზღუდება პრესის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, როცა სინდისის პატიმრებითაა სავსე ციხეები და კორუფცია სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა ასული ყველა სფეროში, დასავლური ქვეყნების მთავრობები მაინც განაგრძობენ თანამშრომლობას ალიევის მთავრობასთან  და თვალს ხუჭავენ უამრავ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რომელიც წესით არ უნდა დარჩეს მათი კრიტიკის მიღმა.  დასავლეთის მხრიდან აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების საუკეთესო მაგალითია, როცა საფრანგეთის მთავრობა აღშფოთებას გამოხატავს ბლოგერების დაპატიმრებასთან და რაფიკ თაღის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პარალელურად კი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი  აზერბაიჯანის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას საპატიო ლეგიონერის ორდენით აჯილდოვებს.  მეჰრიბან ალიევა, რომელიც საკანომდებლო ორგანოს – მილი  მეჯლისის დეპუტატიცაა, ალიევების მმართველობაში ყველაზე გავლენიან პირად ითვლება, რომლის ახლო ნათესავებით არის დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი და ვინც აკონტროლებს ან ფლობს აზერბაიჯანში ყველა ბიზნესს. აღსანიშნავია, რომ ალიევას დაქვემდებარეობაში მყოფი კომპანიები საქართველოშიც აწარმოებენ ბიზნესსაქმიანობას. პირველი ლედი გაეროს, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების  კეთილი ნების ელჩად არის აღიარებული. ის ხელმძღვანელობოს ჰეიდარ ალიევის და აზერბაიჯანული კულტურის მეგობართა ფონდებს. პირველ ლედის ხშირად მოიხსენიებენ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად, თუმცა მეუღლეს, აზერბაიჯანის ამჟამინდელ ლიდერს, ილჰამ ალიევს კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით სიციცხლის ბოლომდე აქვს მინიჭებული არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მწერლის მკვლელობის საქმე კი დღემდე არ არის გამოძიებული.

 

 

აღსანიშნავია, „ევროვიზიის“ მონაწილეთაგან მხოლოდ ერთმა, შვედეთის წარმომადგენელმა, მომღერალმა ლორენმა, მას შემდეგ, რაც „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ თანამშრომლებმა გააცნეს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევათა საშინელი ფაქტები და დაათვალიერებინეს ამის ამსახველი მეჰმან ჰუსეინოვის ფოტოები,   გააკეთა საჯარო  განცხადება აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ და მოუწოდა ევროპულ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ითანამშრომლონ ასეთ რეჟიმებთან.
ბაქოში 2012 წლის „ევროვიზიის“ კონკურსის გამარჯვებული ლორენი გახდა.


მასალების გადაბეჭდვის წესი