ახალი ამბები

დარჩება თუ არა “ქართული ოცნება” ოფისების გარეშე?

13 ივნისი, 2012 • 1067
დარჩება თუ არა “ქართული ოცნება” ოფისების გარეშე?

“მენეჯმენტ სერვისი”,  რომელმაც კოალიცია “ქართულ ოცნებას”  ქვეგირავნობით 60 კერძო სახლი მიაქირავა,  გაკოტრების პირასაა.

12 ივნისს თბილისის  სააპელაციო სასამართლომ  შპს „მენეჯმენტ სერვისის“ საჩივარი კონტროლის პალატის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. შეიცვალა მხოლოდ ჯარიმის ოდენობა.   4 766 000 ლარი, რაც კომპანიას ჯარიმის სახით  სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დააკისრა, 2 300 000 ლარამდე შეამცირეს.

კომპანიის დირექტორის ბესიკ დემეტრაშვილის ინფორმაციით,  გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას არც ამ თანხის გადახდის საშუალება აქვს,  სასამართლოს გადაწყვეტილება „მენეჯმენტ სერვისს“ გაკოტრებისგან ვერ იხსნის:  

„ორშაბათს უკვე ველოდებით სააღსრულებლო წარმოების დაწყებას. ჯერ ალბათ  ქონებას დაგვიყადაღებენ, რაც რამოდენიმე ასეული ათასი ლარის ღირებულებისაა და 2 300 000 ლარს ვერ გასწვდება, შემდეგ მოგვთხოვენ ამ ქონების ნუსხას; შემდეგ კი გაყიდიან აუქციონის გზით. საქმეს აუცილებლად წავიღებთ ევროპის სასამართლოში, თუმცა პროცედურულად ეს არ აჩერებს აღსრულების დაწყებას. გამომდინარე აქედან, სანამ ევროპის სასმართლო ამას განიხილავს,  ჩვენ უკვე გაკოტრებული ვიქნებით.“

 

ქართული ოცნება ქუთაისში
ქართული ოცნება ქუთაისში

„მენეჯმეტ სერვისის“  დაჯარიმების მიზეზი კომპანიის მიერ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტებისთვის ოფისების მიქირავება გახდა. აღნიშნული საქმიანობა კონტროლის პალატამ არამომგებიან საქმიანობად და პოლიტიკურ შემოწირულობად  შეაფასა.  კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში კი, იურისტების განმარტებით,  ავტომატურად მოიშლება ის ხელშეკრულებებიც, რაც „მენეჯმენტ სერვისს“ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიეტებისთვის მიქირავებული სახლების მეპატრონეებთან აქვს გაფორმებული, მოიშლება ასევე კოალიციაში შემავალ პარტიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიც:

„ ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რა განვითარება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. ფაქტია, რომ პრობლემების შექმნის ყველა შესაძლო გზას იყენებს ხელისუფლება და ამაში ჩართულია სასამართლო და კონტროლის პალატა ურთიერთშეთანხმებით. შესაძლებელია, ხელშეკრულებები, რომელიც ქონდა გაფორმებული კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ პოლიტიკურ სუბიეტებს, გაუქმდეს იმიტომ, რომ “მენეჯმენტ სერვისი” გაკოტრების პირასაა. ეს პრობლემა დგას და ჩვენ ვცდილობთ სამართლებრივი გზები ვიპოვოთ იმისთვის, რომ ყველაფერი კანონის დაცვით მოხდეს, თუმცა კონტროლის პალატა და სასამართლო შეთანხმებულად მოქმედებენ „ქართული ოცნების წინააღმდეგ. ისინი არღვევენ ყველა ნორმას და აგრძელებენ  საჯარიმო სახდელების დაკისრებას,“ ამბობს ეკა ბესელია, რომელიც აღნიშნული პრობლემის მოგვარების საქმეში უშუალოდაა ჩართული.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კოალიციაში შემავალი სუბიექტები შეეცდებიან თავად დადონ ხელშეკრულებები სახლების მეპატრონეებთან. თუმცა უკვე დაფიქსირდა მათი დაშინების რამოდენიმე შემთხვევაც: „ მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ ნაძალადევის რაიონი.“

„მენეჯმენტ სერვისის“  დირექტორის განმარტებით, პრობლემები შექმნა იმან, რომ კონტროლის პალატამ  არასწორად დათვალა  დაქირავებულ სახლებში „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარჯები,  სასამართლო პროცესზე კი  კომპანიის წარმომამდგენლების შუამდგომლობა, წარმოედგინათ  ექსპეტიზის ბიუროს მიერ ადგილზე ჩატარებული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა თანხები დახარჯა კომპანიამ ოფისებში სარემონტო სამუშაოების  ჩასატარებლად სინამდვილეში, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„ სკეპტიკოსი, დაინტერესებული მხარე – კონტროლის პალატა და ამ შემთხვევაში შემდგომი ინსტანციებიც დაინტერესებულ მხარედ მიმაჩნია, სიტუაციის ადგილზე გაცნობას არ დათანხმდნენ. თუმცა  ყველა არადაინტერესებული და ის, ვინც შემდგომში დაინტერესდება, მიხვდება, რომ აქ იყო მოგებაზე ორიენტირებული ოპერაცია და  არა სხვა რამ,“ – განაცხადა დემეტრაშვილმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

 

ციცინათელა
ციცინათელა

რაც შეეხება იმ ობიეტების დაფინანსებას, რომელსაც  „მენეჯმენტ სერვისი“ სახელმწიფო უწყებებთან დადებული ხელშეკრულებების თანახმად ახორციელებდა, კოპანიის დირექტორის ცნობით, ვეღარ გაგრძელდება.

დემეტრაშვილის თქმით, მან 12 ივნისს,  დილით, სასამართლო პროცესის გამართვამდე,  საქართველო ეკონომიკის სამინისტროს გაუგზავნა ოფიციალური წერილი, რითაც მან  სამინისტროს შეახსენა ის, რომ კომპანია  ყოველთვის პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუ ფუნქციონირების გაგრძელების საშუალება მიეცემოდათ, ის შეკვეთილში მდებარე გასართობ ცენტრ “ციცინათელას” კიდევ რამოდენიმე ატრაქციონით გაამდიდრებდა, სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით კომპანიას გასართობ ცენტრში კიდევ  მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება ევალებოდა.

გასხვისდება თუ არა „ციცინათელა“ მმართველის გაკოტრების შემდეგ,  ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თეა ბოლქვაძის ინფორმაციით, „ ჯერ სამინისტროს არც  ამ კომპანიის გაკოტრების შესახებ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია და ეს დროში გაწელილი პროცედურაა.“

იგივე ბედი ელის ბათუმის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო კვლევით ცენტრსაც, რომლის შემადგენლობაშიც ბათუმის დელფინარიუმი და ზოოპარკიც შედის და რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელიც ბათუმის მერიაა.

დელფინარიუმი
დელფინარიუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი