ახალი ამბები

ომბუდსმენი: სოფელ დიდინეძში მომხდარი დროულად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ

2 ოქტომბერი, 2016 • 1237
ომბუდსმენი: სოფელ დიდინეძში მომხდარი დროულად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2016 წლის 1 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში “ქართული ოცნების” აქტივისტების ცემას ფა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე მოცემულია დაზარალებულის განმარტებაც:

“სახალხო დამცველის აპარატის სამეგრელო-ზემოს სვანეთის სამმართველოს წარმომადგენელი ინფორმაციის გავრცელებისთანავე შეხვდა სოფელ დიდინეძში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულ პირებს. თ.მ-ს და ლ.დ-ს. თ.მ-ს არ ახსოვდა მომხდარი ინციდენტი და მისი საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზები, ხოლო ლ.დ-ს განმარტებით, 1 ოქტომბერს, დაახლოებით 21.00 საათზე, ზუგდიდის სოფელ დიდინეძში ავრცელებდნენ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალებს. სოფელში გზის პირას მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან შენიშნეს ორი პირი და დააპირეს სააგიტაციო მასალის მათთვის გადაცემა, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მმართველობის ეპოქა დასრულდებოდა და ამ სოფელში მათ არაფერი ესაქმებოდათ. აქტივისტები მათ განერიდნენ, თუმცა აღნიშნული პირები რამდენიმე წუთში მანქანით დაეწივნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სოფლის დატოვება მოსთხოვეს.

გზის გაგრძელების შემდგომ, ლ. დ-მ დაინახა, რომ მის მეგობრებზე დაახლოებით 7–8 პირი ძალადობდა. იგი ერთ–ერთ მათგანთან მივიდა, რომელიც მანამდე ხსენებულ ავტომობილში იჯდა, და ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა, რაზეც შეურაცხმყოფელი პასუხი მიიღო. აღნიშნულმა პირმა მას სახეში დაარტყა, წაქცეულს ყელზე ხელი მოუჭირა და დახრჩობა დაუპირა, თუმცა სოფლის სხვა მაცხოვრებლები ჩაერივნენ და გაიყვანეს. ლ.დ.-მ ფეხზე წამოდგომის შემდგომ დაინახა, რომ თ.მ. იწვა წყლის არხში, ხოლო მანამდე ავტომობილში საჭესთან მჯდომი პირი მას თავში ქვას ურტყამდა, რის შემდგომ მანაც გონება დაკარგა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდა შეიყვანეს. ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი- თავის ზედაპირული ტრამვა. ერთ-ერთ მათგანს თავის არეში მიყენებული დაზიანების გარდა ყელზე ნაჭდევებიც აღენიშნება,”-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი წარმომადგენელი შეხვდა ინციდენტის შემდგომ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაყვანილ პირებსაც, სადაც განუმარტეს, რომ პოლიციის მხრიდან მათზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს მიმართა დაკითხვაზე მყოფი პირების ადვოკატმა და აცნობა, რომ პოლიცია მას არ აძლევდა ინფორმაციას მისი დაცვის ქვეშ მყოფების ადგილსამყოფელის შესახებ და არ ჰქონდა მათთან შეხვედრის შესაძლებლობა. განცხადების თანახმად, აპარატის წარმომადგენელმა აღნიშნულ საკითხზე მოითხოვა განმარტება პოლიციის შესაბამისი განყოფილების უფროსისგან, თუმცა ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზების შესახებ პასუხი ვერ მიიღო.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში 2016 წლის 1 ოქტომბერს მომხდარი ძალადობის გამოვლენის ერთ-ერთი მიზეზი მანამდე არსებულ ძალადობაზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებაც შეიძლება იყოს. მსგავსი შემთხვევების სწრაფი გამოძიება, დამნაშავეების გამოვლენა და კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრება იმავდროულად წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას მომავალში ძალადობის თავიდან ასარიდებლად.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ადეკვატური რეაგირების გარეშე არ დატოვონ ძალადობის არც ერთი გამოვლინება,”- აცხადებს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი