ახალი ამბები

ჩხავერი მეწყერის წინააღმდეგ

12 ივნისი, 2012 • 3211
ჩხავერი მეწყერის წინააღმდეგ


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი SENN  საპილოტე პროექტს –  ,,ჩხავერი მეწყერის წინააღმდეგ“, ქედის მუნიციპალიტეტში, მერისის თემში ახორციელებს.

 

პროექტის ფარგლებში SENN-მა მერისში მცხოვრებ 40 ოჯახს 1500 ძირი ჩხავერის ნერგი გადასცა. ვაზი მერისის ეროზირებულ ფერდობებზე სპეციალისტებმა დარგეს,  პარალელურად აგრონომებმა მერისელ მეურნეებს ამ სახეობის ვაზის მოვლისა და ნერგის გამოყვანის ხერხები გააცნეს.  

 

„პროექტის მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ პოტენციური რისკების შემცირებას. ეროზიულ ფერდობებზე ვაზის გაშენება გაამყარებს ნიადაგს და პოტენციურ რისკებს შეაჩერებს. გარდა ამისა, ვაზის ამ სახეობაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება, მესამე და პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ტურისტული კომპონენტია, ღვინის ტურიზმის განვითარების არეალი უნდა გაიზარდოს, ამ მხრივ დიდი შესაძლებლობაა, ტურიზმის ეს სახე განვითარდეს აჭარის მაღალმთიანეთში, ამ მხრივ  წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“ – აცხადებს ილია გუჩმანიძე, SENN-ის კოორდინატორი აჭარაში.

 

მერისის თემში გამგებლის რწმუნებულის, როლანდ წითელაძის განცხადებით, ოჯახების შერჩევა სურვილის მიხედვით მოხდა:  „ინფორმაცია პროექტის შესახებ მოსახლეობას მივაწოდეთ, ჩატარდა კრება, სურვილის გარდა, მისი მოვლა-მოყვანის წესები უნდა სცოდნოდათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ პირველ ეტაპზე საჭირო მავთულები, შესაწამლი აპარატები და შხამ-ქიმიკატებიც გადასცა ოჯახებს“.

 

SENN-მა გაუმჯობესებული ხერხებით გამოყვანილი ჩხავერის ნერგები თეიმურაზ გორგილაძისგან (პროგრამის ექსპერტი და კვლევითი ინსტიტუტის აგრონომი) შეიძინა.  თეიმურაზ გორგილაძე ამბობს, რომ ყველაზე რთული და შრომატევადი ჩხავერის ახალი ნერგის გამოყვანაა, დარგვის შემდეგი პროცესი კი ნაკლებად შრომატევადია: „ასეთი ხერხით გამოყვანილი ვაზი  ჩვეულებრივ გამოყვანილი ძირისგან ერთი წლით ადრე იძლევა ნაყოფს და უფრო ხარისხიანია. ნერგს გარემოსთან ადაპტაციის პროცესი გავლილი აქვს, შეგუება არ გაუჭირდება, გახარებისთვის მორწყვა სჭირდება, შემდეგ ნაკლებად, თუ ფერმერმა ხელი შეუწყო, კარგ მოსავალს მიიღებს. სრული მოსავალის მიღებას 5 წელი სჭირდება, ნერგის გამოყვანა ბუნებრივ პირობებში დაკალმვითაც შესაძლებელია, მაგრამ ვაზს ფილოქსერას დაავადება უჩნდება და მცენარეს ანადგურებს“.  

 

ჩხავერის გაშენებას დახრილ ფერდობებზე დადებითად აფასებს გეოლოგი ტარიელ ტუსკია, თუმცა სპეციალისტი ამ პროექტისგან დიდ შედეგს არ ელის: „დახრილ ფერდობებზე ჩხავერის  ფესვთა სისტემა გაამყარებს პატარ-პატარა, ლოკალურ უბნებს. მაგრამ ამას გლობალური შედეგი არ მოყვება.“

 

საპილოტე პროექტი USAID -ის  მხარდაჭერითა და CCADM  (კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება) ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი