ახალი ამბები

გაიზიარებს თუ არა “მაგთისატი” “გლობალ ტვ”-ის ბედს?

13 ივნისი, 2012 • 3203
გაიზიარებს თუ არა “მაგთისატი” “გლობალ ტვ”-ის ბედს?

“მაგთიკომის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი თათული ღვინიაშვილი არ გამორიცხავს, რომ “მაგთისატის” ქსელში “მე-9 არხი” ჩაირთოს.

 

 

“რადგან “მე-9 არხი” ჯერჯერობით საცდელ რეჟიმში გადის, ჯერ არ არის ჩვენს ქსელში, მაგრამ მომავალში ალბათ იქნება. მოლაპარაკებები გვქონდა და ის, რომ ჩვენს ქსელში კატეგორიულად არ იქნება, ან მსგავსი პასუხი ჩვენგან არ ყოფილა. ჩვენ ვართ სატელიტური მაუწყებლობა და ვისთანაც ხელშეკრულებას გავაფორმებთ და ლიცენზია გვექნება, ყველას გავუშვებთ”, – აცხადებს თათული ღვინიაშვილი.

 

 

იმისათვის, რომ “მაგთისატმა” “მე-9 არხი” ჩართოს, მას “რუსთავი 2”-სა და “იმედის” რეტრანსლიაციაც მოუწევს, თუმცა ამისთვის ამ ტელევიზიების თანხმობაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, “მაგთისატს”, “გლობალ ტვ”-ის მსგავსად, სასამართლოში მოუწევს დავის განხილვა.

 

 

“რუსთავი 2”-სა და “იმედის” საჩივრების საფუძველზე, სასამართლომ უკვე მოსთხოვა “გლობალ ტვ”-ის ანტენების დემონტაჟი. “გლობალ ტვ”-ში აცხადებენ, რომ ტექნიკურად შეუძლებელია ამ ტელევიზიების სიგნალების გათიშვა, როდესაც ისინი ახორციელებენ “მე-9 არხის” რეტრანსლიაციას, მაგრამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იქნება, თუკი თავად ტელევიზიები მოახდენენ საკუთარი სიგნალების კოდირებას.

 

 

“თუმცა ყველა ხვდება, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა – ტექნიკური პრობლემა”, – აცხადებს “გლობალ ტვ”-ის ადვოკატი სანდრო ბარამიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

 

ბარამიძე ამბობს, რომ თუკი “მაგთისატი” საკუთარ ქსელში “მე–9 არხს” ჩართავს, მასაც იგივე ტექნიკური პრობლემები შეექმნება, რადგან ხდება უნებლიე სატელიტური სიგნალების თავისუფლად გავრცელება:

 

 

“42 გრადუსზე, რომელზეც გადის “მე–9 არხი”, გადის “რუსთავი 2”, რადგან ამ გრადუსზეა “თურქსატის” სატელიტი, რომელიც მომსახურებას უწევს ორივე ტელეკომპანიას, შესაბამისად, “გლობალ ტვ”–ის თეფშები იჭერს “რუსთავი 2”–ის და “იმედის” სიგნალებსაც. ანალოგიური პრობლემა შეექმნება “მაგთისატსაც”, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

 

 

“მაგთისატში” ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ უმსჯელიათ, თუმცა, მათი განცხადებით, “მე–9 არხის” პარალელურად, მოლაპარაკებები ტელეკომპანია “იმედთან” და “რუსთავი 2”–თანაც მიმდინარეობს.

 

 

“მაგთისატი” თანამგზავრული ტელემაუწყებლობის პირველი ოპერატორია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. პროექტს, რომელმაც ფუნქციონირება 2012 წლის იანვარში დაიწყო, კომპანია “მაგთიკომი” ახორციელებს. “მაგთისატის” მაუწყებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. 27 მარტიდან “მაგთისატმა” ქსელში ჩართო ტელეარხები – ПИК-ი (“პირველი კავკასიური”) და “მაესტრო”.

 

 

“მაგთისატი” აბონენტებს 1 აგვისტომდე სთავაზობს საკუთარ ქსელში უფასოდ ჩართვას. მინიმალური პაკეტის ღირებულება კი თვეში 10 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი