ახალი ამბები

საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები საქართველოში

1 ოქტომბერი, 2016 • 3020
საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები საქართველოში

რა უშლის ხელს საქართველოს, რომ უცხოელი სტუდენტები მოიზიდოს? – PMC ჯგუფის რეკომენდაციის მიხედვით, უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო ჩარჩო, გაიზარდოს უნივერსიტეტების ავტონომიურობა და გაიზარდოს აკადემიური პროგრამების ინტერნაციონალიზაცია.

პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG) 2016 წლის ივლის-აგვისტოში კვლევა “საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივები” ჩაატრა. კვლევის ფარგლებში, საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, მენეჯერებთან და ექპერტებთან 32 ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩაწერეს.

კვლევის საფუძველზე PMCG-მ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის შედეგადაც უნდა გაიზარდოს საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა. PMC-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა მაია გრიგოლიამ 30 სექტემბერს გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ  ინეტრნაციონალიზაცია განათლების სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.

“სწორი ინვესტირება განათლებაში, ადამიანის შესაძლებლობებისთვის ასპარეზის გახსნა არის მთავარი ამოცანა საქართველოსთვის. რადგან ინვესტირება შეზღუდულია, პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს სწორად… განათლების ინტერნაციონალიზაცია უნდა იყოს პრიორიტეტი”, – ამბობს მაია გრიგოლია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015-16 სასწავლო წლებში საქართველოს 138 900 სტუდენტს (ბაკალავრი, მაგისტრი) შორის 6643 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.

მათი დიდი ნაწილი – 57% სწავლობდა სამედიცინო მიმართულებით, ხოლო სტუდენტები ძირითადად აზერბაიჯანიდან (36%), ინდოეთიდან (22%), ერაყიდან (12%) არიან.

PMC-ის კვლევის მიხედვით, უცხოელმა სტუდენტებმა სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯების მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს. განათლების ექსპერტის, ანა ჟვანიას თქმით, არ დათვლილა ის შემოსავალი, რომელსაც უცხოელი სტუდენტებისგან იღებს საქართველოს ბიუჯეტი.

საერთაშორისო სტუდენტების შენატანი ქვეყნის ბიუჯეტში მნიშვნელოვანია, ამას ანა ჟვანია სხვა ქვეყნების მაგალითით ხსნის:  2014-2015 წელს აშშ-ის უნივერსიტეტებისა და კოლეჯების 974 926 უცხოელი სტუდენტებისგან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 30,5 მილიარდი დოლარი და უზრუნველყო 373 000 სამუშაო ადგილი.

თუმცა, ეკონომიკური სარგებლის გარდა, განათლების ინტერნაციონალიზაცია ზრდის ქვეყნის ცნობადობას, ასევე, მას შემდეგ, რაც სტუდენდები დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, მაინც ინარჩუნებენ კავშირს იმ სახელმწიფოსთან, სადაც განათლებას იღებენ. 

თუმცა უნივერსიტეტები,  რომლებიც უცხო ქვეყნის სტუდენტებს მასპინძლობენ, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს ქმნიან. მაგალითად, ჰოლანდიის უმაღლესი განათლების პროგრამების 79% ინგლისურ ენაზეა, ესტონეთი 100-ზე მეტ აკრედიტებულ პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს.

ანა ჟვანიას თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას უფრო მეტი ინგლისურენოვანი პროგრამა და ხელი უნდა შეუწყონ საერთაშორისო ლექტორების მოწვევას. მისი თქმით, განათლების ინტერნაციონალიზაცია აამაღლებს უმაღლესი საგამანათლებლო სისტემის ხარისხს.

ჟვანიას თქმით, კიდევ ერთი საკითხია უნივერსიტეტების დეცენტრალიზაცია, ამისთვის კი უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება. მაგალთად, საერთაშორისო სტუდენტების ნაკადის მართვაში სახელმწიფო ეხმარება ყველა უნივერსიტეტს, რაც უკარგავს მათ იმის განცდას, რომ ამ პროცესში უნდა იყვნენ აქტორები.

ანა ჟვანიას თქმით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც განათლების მიღების ერთ-ერთ ფორმად სახელმწიფო აღიარებს ონლაინ და შერეული სწავლების ფორმებს და ამ გზით მიღებული დიპლომს მიიჩნევენ კვალიფიკაციის მქონედ.  

ისევ პრობლემური რჩება ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის ვიზის გაცემის საკითხი გაცვლითი პროგრამების შემთხვევაში, რადგან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გასცემს აკადემიურ ვიზებს და გაცვლითი პროგრამების სტუდენტები ტურისტული ვიზით ჩამოდიან.

ანა ჟვანიას თქმით, ნიგერიის მოქალაქეებს უწევთ ჩავიდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდონ ვიზას, რაც რამდენიმე ათასი დოლარი უჯდებათ. მაშინ, როცა შესაძლებელია, თუნდაც ერთი თვით მიავლინოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკონსულო მომსახურება და ნიგერიელ სტუდენტებს გაუადვილოს იმ ბარიერების გადალახვა, რაც საქართველშო სწავლის გზაზე ეღობებათ.

“მთავრობა უნდა ფიქრობდეს, როგორ დაეხმაროს განათლების სამინისტროს არა მხოლოდ თანხობრივად, არამედ სხვა მხრივაც”, – ამბობს ანა ჟვანია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია საერთაშორისო ასპარეზზე უნივერსიტეტის წარმოჩენაში სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს. რექტორის თქმით, განათლების ბაზრობებში მონაწილეობა უნივერსიტეტებს ძვირი უჯდებათ, სახელმწიფო მონაწილეობა უფრო ეფექტურს გახდის მათ წარმოჩენას.

გიგა ზედანიას აზრით, უცხოელი სტუდენტების მოზიდვას ცალკეული უნივერსიტეტები ვერ შეძლებენ, თუ არ იქნება სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა და არ შეიქმნება ისეთი გარემო-პირობები და ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო სტუდენტების ჩამოსვლასა და სწავლას მარტივსა და მიმზიდველს გახდის.

გიგა ზედანიას თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე ინგლისურენოვან პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს და ამავე დროს ახალი პროგრამების შექმნაზე მუშაობს.  საერთაშორისო სტუდენტების დიდი ნაწილი ბიზნესის ადმინისტრირების კურსებით ინტერესდება, ევროპელი სტუდენტები კი ძირითადად შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისა და ისტორიის შესწავლის მიმართ იჩენენ ინტერესს.

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მარტივ გათვლებზე დაყრდნობით, შესაძლებელია, რომ საქართველოს ეკონომიკაში, კონკრეტულად განათლების სისტემაში, შემოვიდეს  იმდენი ფული, რამდენიც მასზე ჯამურად იხარჯება.

მინისტრის თქმით, განათლების ინტერნაციონალიზაცია ახდენს დადებით გავლენას პოლიტიკურ ასპარეზზე.

“დარწმუნებული ვარ, ვინც ისწავლის საქართველოში და დაბრუნდება სამშობლოში, წაიღებენ გულით საქართველოს პატარა ნაწილს და ისინი იქნებიან ჩვენი მომავალი ინვესტორები და მხარდამჭერები’, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის დაპირებით, როგორც ითვლიან საქართველოში ტურისტების რაოდენობას, ისე ჩააბარებს ყოველკვარტლურად ანგარიშს საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის შესახებ საზოგადოებას.  

მინისტრის დაპირებით, შეიქმნება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული იქნება საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის გაზრდისკენ. მისი თქმით, შეიქმნება პლატფორმა Study in Georgia, რომელიც დაეხმარება საერთაშორისო სტუდენტებსა და საქართველოს უნივერსიტეტებს ერთმანეთის პოვნაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი