ახალი ამბები

Must Carry–ის ქართული მოდელი – “სავალდებულო ტრანზიტი”

11 ივნისი, 2012 • 1961
Must Carry–ის ქართული მოდელი – “სავალდებულო ტრანზიტი”


დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ Must carry–ის საკითხთან დაკავშირებით კვლევა წარმოადგინა.

 

სიხშირული ტელეკომპანია “თანამგზავრი”, რომლის დირექტორიც ენრი კობახიძეა, თელავის, ახმეტის და ყვარლის რაიონებში ვრცელდება. საკაბელო ქსელმა “გორდამ” ის საკუთარ ქსელში არ ჩართო, მიზეზად კი საინფორმაციო გადაცემები დასახელდა:

“ჩვენ დღეში ოთხი საინფორმაციო გვაქვს და ასევე პოლიტიკური ტოქ–შოუ, მათ პირდაპირ წამოგვიყენეს მოთხოვნა, რომ გაგვეუქმებინა ეს ყველაფერი და მაშინ გაავრცელებდნენ ჩვენს სიგნალს, უკვე რვა წელია ეს პრობლემა გვაქვს”, – განაცხადა ენრი კობახიძემ. ეს მაგალითი ერთ–ერთია რის გამოც “რეგიონული მედიის ასოციაცია” Must carry–ის წესების შემოღებას წლებია ითხოვს.

Must carry საკაბელო სატელევიზიო ქსელების ოპერატორთა ვალდებულებაა, გაატარონ გარკვეული სამაუწყებლო კომპანიების მიერ გადაცემული სიგნალები, რათა ამ ქსელების აბონენტებმა შეძლონ სხვა პროგრამებთან ერთად ამ სამაუწყებლო კომპანიების პროგრამების მიღებაც.

Must carry–ის იდეა 1960–იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა, წლების განმავლობაში დაიხვეწა და ახლა უამრავ ქვეყანაშია გავრცელებული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნათია კაპანაძის განცხადებით, Must carry–ის, ანუ “სავალდებულო ტრანზიტის” ქართული ვარიანტი ყველაზე მეტად აშშ–ის და საბერძნეთის მოდელებს უახლოვდება, თუმცა ამავე დროს ქართულ რეალობაზეა მორგებული.

Must carry–ის წესების საქართველოში შემოღების იდეა ექსპერტთა ჯგუფს ლაშა ტუღუშის ხელმძღვანელობით და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას” ეკუთვნის.

ჯგუფმა ლაშა ტუღუშის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებისა და დამატებების წინადადება 2011 წლის დეკემბერში შეიტანა.

ლაშა ტუღუშის თქმით, ინიციატივაში, რომელიც მათ პარლამენტში შეიტანეს, გათვალისწინებულია როგორც სიხშირული, ასევე სატელიტური მაუწყებლობის მქონე ტელევიზიების პრობლემები:

“ჩვენ გავითვალისწინეთ ის პრობლემებიც, რაც სიხშირულ მაუწყებლებს აქვთ და ის პრობლემებიც, რაც “მაესტროს” და “მე–9 არხს” ექმნებათ. საკაბელო მაუწყებლები, რომლებიც არიან ერთგვარი მონოპოლისტები, ძალიან დიდი ბერკეტებს ფლობენ– ეკონომიკურს და პლოლიტიკურს. საკაბელო მაუწყებლები უნდა იყვნენ ვალდებულნი, ჩართონ სისტემაში ის მაუწყებლები, ვინც რეალურად ქმნიან პროდუქტს”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა დღევანდელ შეხვედრაზე.

2012 წლის 22 მაისს კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” ფარგლებში ერთობლივი პროექტი შემუშავდა და პარლამენტს ინიციატორებმა კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მიმართეს. მათი განცხადებით, სამაუწყებლო ბაზარზე ძალთა ბალანსის უკანონო დარღვევა მონოპოლიური ფასების და სხვა პირობების დაწესებითაც ხდება:

“მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებულ საკანონმდებლო სიახლეებს, რომლებიც Must carry–ის საკითხებს შეეხება, შეუძლია სამართლიანად დაარეგულიროს ურთიერთობები სხვადასხვა სუბიექტს შორის და უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი სამაუწყებლო ბაზარზე”, – ნათქვამია კვლევაში.

“ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა, Must carry არ არის ჩვენ მიერ მოგონილი, ეს მოდელი წარმატებით მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ იმ ქვეყნებში, სადაც არის დემოკრატია და არ იზღუდება მედიის თავისუფლება, კარგად მუშაობს ეს მექანიზმი, დიდი იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს”, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა. მისივე განცხადბით, ჯერჯერობით პარლამენტისთვის ეს საკითხი ყველაზე რთულ თემას წარმოადგენს და კარგი იქნება, თუ კონკრეტულ დეტალებზე მსჯელობა დაიწყება, რადგან მოლაპარაკებები ჯერ ამ კონდიციამდეც არაა მისული.

დღევანდელ პრეზენტაციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეული, თუმცა ისინი შეხვედრას არ დასწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი