ახალი ამბები

მმკ-მ რომის პაპის ვიზიტი გააპროტესტა [ვიდეო]

30 სექტემბერი, 2016 • 2968
მმკ-მ რომის პაპის ვიზიტი გააპროტესტა [ვიდეო]

აეროპორტის გზატკეცილზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები კათოლიკე ეკლესიასა და მის მეთაურზე სიძულვილის ენით ლაპარაკობდნენ.

“ჩვენს გვქონდა აბსოლუტურად მშვიდი საპროტესტო გამოსვლა. პაპი აქ ჩამოვიდა როგორც მბრძანებელი. შეხედეთ, რამხელა მზადებაა, სტადიონი, სვეტიცხოველი და ა.შ. ის არ ჩამოდის როგორც სტუმარი.   მთელმა საქართველომ უნდა გაიგოს, რომ პაპი არის უდიდესი ერეტიკოსი. რად გვინდა ჩვენ მისი ქადაგება? იქადაგოს ვატიკანში,” -განაცხადა დეკანოზმა, დავით ისაკაძემ.

დეკანოზ დავით ლასურაშვილის თქმით კი,  მართლმადიდებლები პაპს არ უნდა შეხვდნენ.

რომის პაპი თბილისის აეროპორტში 15:05 საათზე ჩამოფრინდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ.  აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისას პაპმა აქციის მონაწილეებს ხელი დაუქნია.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა პირველი აქცია 21 სექტემბერს ვატიკანის საელჩოს წინ გამართა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გაემიჯნა მორწმუნეთა ჯგუფს. საპატრიარქოს 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რომის პაპი საქართველოში პრეზიდენტ მარგველაშვილისა და საპატრიარქოს მოწვევით ჩამოდის, ხოლო სტუმრობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

აქცია რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი