ახალი ამბები

განათლების მინისტრი შესაძლოა საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დაჯარიმდეს

30 სექტემბერი, 2016 • 1697
განათლების მინისტრი შესაძლოა საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დაჯარიმდეს

დააჯარიმებს თუ არა ცესკოს თავმჯდომარე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას, ეს იმ საჩივრების განხილვის შემდეგ გადაწყდება, რომლითაც ცესკოს “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “პატრიოტთა ალიანსმა” მიმართეს.

პატრიოტთა ალიანსის საჩივრის მიხედვით, ჯეჯელავამ დაარღვია საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი:

  • 45-ე მუხლის (აგიტაცია) მეოთხე ნაწილის “თ” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით:

“წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს”.

  • 49-ე მუხლის (საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა) პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნტი, რომლის მიხედვით:

“წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს: ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას”.

  • 88-ე მუხლი, რომლის მიხედვით: “წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა”.

დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა. აღნიშნული საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარმა კანდიდატმა კახა კუკავამ  განაცხადა, რომ 24 სექტემბერს გლდანში სკოლის დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა ჯეჯელავამ პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობერიძესთან ერთად ჩაატარა. შეხვედრაზე კი მმართველი პარტიის სიმბოლიკა იყო წარმოდგენილი. ეს ინფორმაცია დასტურდება თავად კობერიძის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციითა და ფოტომასალით.

“ბოლო 5-10 წლის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა ამისი შეფარულად გაკეთება და ასე ღიად და თავხედურად  ამისი წარმოჩენა, როგორც ეს გააკეთეს ჯეჯელავამ და კობერიძემ ჩემს ოლქში და სხვა ოლქში ალბათ სხვა კანდიდატებთან ერთად. ეს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევას. 49-ე მუხლი კრძალავს დაქვემდებარებული, დაქირავებული პირების ჩართვას საარჩევნო კამპანიაში. ჩვენი ამოცანა  არის, რომ ჯეჯელავას მიმართ გამოტანილი იქნეს ჯარიმა. ჯარიმა დიდი არ არის, რასაც კანონი ითვალისწინებს, 2000 ლარია სულ, მაგრამ ეს პრინციპული საკითხია,” – ამბობს კუკავა.

"პატრიოტთა ალიანსი" განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს. 30.09.2016 ფოტო:ნეტგაზეთ/მარიამ ბოგვერაძე

“პატრიოტთა ალიანსი” განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს. 30.09.2016 ფოტო:ნეტგაზეთ/მარიამ ბოგვერაძე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პატრიოტთა ალიანსის საჩივარი 27 სექტემბერს შევიდა მათთან, ხოლო თავისუფალი დემოკრატების – 28 სექტემბერს. ცესკოს განმარტებით, საჩივრის განხილვისთვის მხარეებს მიეცათ თავიანთი პოზიციების ცესკოსთვის მიწოდებისთვის ვადა – ხუთი სამუშაო დღე, რის შემდეგაც ცესკოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას, რისთვისაც მას აქვს მაქსიმუმ ერთთვიანი ვადა. თუმცა, როგორც ცესკოში განმარტეს, თამარ ჟვანია მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას. წინასწარ უცნობია, თუ რა ტიპის სანქციას გამოიყენებს ცესკოს თავმჯდომარე იმ შემთხვევაში, თუკი ალექსანდრე ჯეჯელავას დაუდასტურდება კანონის დარღვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი