ახალი ამბებისამართალი

მოსამართლემ ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებულების პროცესი დახურა

30 სექტემბერი, 2016 • 2472
მოსამართლემ ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებულების პროცესი დახურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 სექტემბრის ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებული 12 მონაწილის სასამართლო პროცესი დაიხურა, რადგან 7 მათგანი არასრულწლოვანია.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის ცნობით, პროკურორი იმედა გუგუშვილი ყველა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ხოლო, კიდევ ერთი ადვოკატის, ნიკოლოზ წულეისკირის ცნობით, დაკავებულთა ნაწილი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს, ნაწილი კი – ზედამხედველობის.

ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებულების სასამართლო პროცესი ფოტო: ნეტგაზეთი, ლუკა პერტაია

ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებულების სასამართლო პროცესი ფოტო: ნეტგაზეთი, ლუკა პერტაია

სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, მსვლელობის მონაწილეები – ნაციონალისტური ჯგუფების, “ქართული ძალის”, “ბერგმანის”, “დინამო ულტრასის”, “ედელვაისისა” და სხვათა წევრები (150-მდე 17-დან 30 წლამდე ადამიანი)- 5 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, 6 საათის შემდეგ ადგილზე შეძახილები დაიწყეს, 7-ის ნახევრისთვის კი გმირთა მოედნისკენ გაემართნენ. გმირთა მოედნიდან აღმაშენებლის გამზირზე გადაინაცვლეს. ისმოდა მათი შეძახილები: “ქართველები საქართველოსთვის”, ასევე აგინებდნენ რუსეთს, თურქეთსა და მათ მოქალაქეებს. აღმაშენებლის გამზირზევე ქუჩაში არსებული თურქულენოვანი ბანერები ჩამოყარეს და ზედ გადაუარეს.

ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებულების სასამართლო პროცესი ფოტო: ნეტგაზეთი, ლუკა პერტაია

ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებულების სასამართლო პროცესი ფოტო: ნეტგაზეთი, ლუკა პერტაია

მას შემდეგ, რაც მსვლელობის მონაწილეები მარჯანიშვილის მეტროს მოპირდაპირე მხარეს შეჩერდნენ, რათა მსვლელობის სხვა მონაწილეებს დალოდებოდნენ, პოლიციის თანამშრომლებმა მათ დამშვიდებისაკენ მოუწოდეს და უთხრეს, ნებართვის გარეშე წინ არ წასულიყვნენ. ამის შემდეგ კი პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირების შედეგად დემონსტრაციის 12 მონაწილე დააკავეს ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიდდების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი