2016 წლის 9 თვეში თბილისში ბანკები მინიმუმ რვაჯერ დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 2016 წლის 9 თვეში თბილისში რვაჯერ განხორციელდა ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმა. აქედან ხუთჯერ “ლიბერთი ბანკი” იყო ყაჩაღების სამიზნე, ხოლო სამჯერ – “საქართველოს ბანკი”.

დღეს თბილისში ორჯერ დააყაჩაღეს “ლიბერთი ბანკის” ფილიალები. პირველი შემთხვევა გლდანში, III მიკრო-რაიონში მოხდა, სადაც თავდამსხმელმა პოლიციელი დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. მეორე შემთხვევა კი ნახალოვკაში, ცოტნე დადიანის ქუჩის #23-ში მოხდა. ორივე შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხის წაღება მოახერხეს თავდამსხმელებმა.

17 სექტემბერს ავტომატებით შეიარაღებული ორი პირი შეიჭრა ვაზისუბანში, სავაჭრო ცენტრ “სმარტში” განთავსებულ “საქართველოს ბანკისა” და “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცა. ისინი 19 სექტემბერს დააკავეს.

1 სექტემბერს ნიღბიანმა პირმა “ლიბერთი ბანკის” გლდანის სერვისცენტრში მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით დაახლოებით 3 ათასი ლარი გამოსძალა​ და მიიმალა

7 ივნისს ვაკეში, თსუ-ის პირველი კორპუსის წინ “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 17 ათასი ლარი გაიტაცეს. შსს-მ ამ ფაქტზე 2 ივლისს დააკავა ერთი პიროვნება. გამოძიება აღნიშნულ შემთხვევებში სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობდა, რაც სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით (ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთვრებას გულისხმობს. კოდექსის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

15 აპრილსაც სცადეს “საქართველოს ბანკის” კიდევ ერთი ფილიალის გაძარცვა თბილისში, ნუცუბიზის ქუჩაზე, თუმცა თანამშრომლებმა საგანგაშო ღილაკით პოლიციის გამოძახება მოასწრეს და თავდასხმა აღიკვეთა.

28 მარტს ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა ლიბერთი ბანკის ფილიალზე, ასევე ცოტნე დადიანის გამზირზე.

აღნიშნული შემთხვევების გარდა, იყო ბანკების ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების შემდეგი მცდელობები:

24 მაისს ერთმა ადამიანმა ოზურგეთში, „თიბისი ბანკის” კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა, საიდანაც 1 985 ლარი მოიპარა. იგი იმავე დღეს დააკავა პოლიციამ. (გამოძიება ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

8 მაისსაც სცადეს თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე “აიფიესის” კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მოპარვა, სამმა ადამიანმა აპარატი დააზიანა და 6 593 ლარის მოპარვა სცადა, თუმცა პოლიციამ ისინი ადგილზე დააკავა. გამოძიება: ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ქურდობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე.