ახალი ამბები

ივანიშვილის ანეკდოტი და პოზიცია სტალინზე

29 სექტემბერი, 2016 • 2404
ივანიშვილის ანეკდოტი და პოზიცია სტალინზე

საქართველოს ექსპრემიერი და “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ნეგატიურად აფასებს სტალინის საქმიანობას, ასევე “კომუნიზმისა და სოციალიზმის” იდეას და იმ მეთოდებს, რომელსაც საბჭოთა კავშირი იყენებდა. თუმცა სტალინის ძეგლის საკითხზე ივანიშვილი ამბობს: “რაც შეეხება სტალინს ძეგლს, მუზეუმი არსებობს, მუზეუმის ფარგლებში ეს ნორმალურია, ჩემი აზრით, და უნდა იყოს”.

სტალინის შესახებ ივანიშვილმა გორში ისაუბრა, სადაც ჯი-დი-ესის წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში ჩავიდა და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა:

“რაც შეეხება სტალინს ძეგლს, მუზეუმი არსებობს, მუზეუმის ფარგლებში ეს ნორმალურია, ჩემი აზრით, და უნდა იყოს. ჩემი ზოგადი დამოკიდებულება თუ გნებავთ სტალინზე, [და კანონმდებლობაზე თქვენ პარლამენტში იკამათებთ და მეც მათ შორის, როგორც მოქალაქე] იმდროინდელ ბრძოლის მეთოდებზე საერთოდ არ შეიძლება აქცენტის გაკეთება, ერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეა, ამას ხალხი არ უნდა შეეწიროს და იმდენი ხალხი დაიხოცა… ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. იმ მეთოდებით, რომლითაც მაშინდელი ხელმძღვანელობა ცდილობდა [სტალინის] ხელმძღვანელობის ამის განხორციელებას… მაგრამ თვითონ სოციალიზმის, კომუნიზმის იდეა, საუბედუროდ, ეს იყო მცდარი და მცდარ იდეას ეწირებოდა ასეთი მეთოდებით ამდენი ხალხი. რა თქმა უნდა, ესაა შეფასება. თვითონ იდეა არ იყო ჰუმანური, კრიმინალური იდეაა ეს მარქსიზმის. მარქსიზმის თანასწორობა ყველა ქვეყანამ უარყო და ყველა ქვეყანაში სადაც იყო, ცუდი გამოვლინება ჰპოვა, მათ შორის საბჭოთა კავშირში და აი, ნახეთ პოლ პოტიც, რა ქნა ნიკარაგუაში [სინამდვილეში პოლ პოტი კამბოჯის პრემიერი იყო. ავტ.]. როგორ მოახერხეს იქ, მარქსიზმა რა უბედურება… ინტელიგენცია ყელამდე ჩაფლეს მიწაში, გააუპატიურეს და ეს არის ამ მიმართლებით დანაშაულებრივი… მარქსი კარგი ფილოსოფოსი იყო ამავდროულად და მე არ ვეხები მის ფილოსოფიურ მიმდინარეობებს. თვითონ თეორიაშივე [იყო დანაშაული]. ადამიანს საკუთრების უფლებას ართმევდნენ და კიდევ უამრავი სხვა სიმახინჯე იყო ჩადებული. სამწუხაროდ, თვითონ იდეა არ ღიდა ბრძოლად და ამ მეთოდებით კარგი იდეაც არ ღირს ბრძოლად”, – განაცხადა ივანიშვილმა.

სტალინის მომხრეები გორში. 9.05.2016. გორში სტალინის მუზეუმის ეზოში. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

სტალინის მომხრეები გორში. 9.05.2016. გორში სტალინის მუზეუმის ეზოში. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც დღემდე მოსწონს სტალინი, ივანიშვილი აგრძელებს:

“აზრებში ჩვენ ერთმანეთს ვეთმხვევით და დამოკიდებულებაც ერთი გვაქვს, მაგრამ გავიხსენეთ აქაური ის საზოგადოება, ვისაც ძლაიან უყვარს… ძალიან ბევრს გულწრფელად უყვარს სტალინი. ეს ხალხი სტალნში ფაშიზმის დამარცხების სიმბოლოს ხედავს… აქაურმა კაცმა რომ მოახერხა, თუ გინდათ ანეკდოტსაც მოგიყვებით. გივი ბერიკაშვილის მონაყოლი ანეკდოტი მაქვს: ჩატარდა კონკურსი, ვინ უფრო მაგარ რამეს იტყოდა სტალინზე, როგორ შეაფასებდა სტალინს და მოიგო კახელმა. დაბრუნდა სოფელში და ეკითხებიან თანასოფლელები, რა თქვი ასეთიო. რა ვთქვი და როგორც ნახევრად სავსე ტიკს, ისე აჭანჭყარებდა მთელ მსოფლიოს 20-30 წლის განმავლობაშიო. ადგილობრივებს რომ სიამაყე აქვთ იმით, რომ სტალინი ამადვროულად მოვლენილია როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო, ამას ხალხს ნუ წაართმევთ და ზედმეტად ნუ გააღიზიანებთ. ასე დავასრულებდი სტალინის შეფასებას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

სტალინსა და სტალინიზმზე კითხვა ივანიშვილს ამერიკის ხმამ დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, აპირებდა თუ არა “ქართული ოცნება” “თავისუფლების ქარტიის” შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი