ახალი ამბები

ივანიშვილი: “ქართულ ოცნებას” გაუჭირდა და სესხი აიღო

29 სექტემბერი, 2016 • 1199
ივანიშვილი: “ქართულ ოცნებას” გაუჭირდა და სესხი აიღო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ ქართუ ბანკისგან” 1 მილიონი ლარის ოდენობის სესხის აღება ნორმალურია. ამის შესახებ მან რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

“თუ ისესხა და კანონი არ დაურღვევია, ნორმალურია. გაუჭირდა და სესხი აიღო, სესხს დალხინებული ხალხი არ ღებულობს. მთავარია, კანონი არ დაირღვეს, ეჭვის საფუძველი არ გაჩნდეს, რომ მმართველი პარტია დამატებითი პრივილეგიებით სარგებლობს,” – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ამ კონტექსტში 2012 წელი გაიხსენა, როცა პარტიების დაფინანსებაზე რეგულაციები დაწესდა:

“თითქოს ყველა პარტიამ მოილაპარაკა და დაფინანსების თემას ერთმანეთს არავინ უკონტროლებს. თავის დროზე  ისევ “ნაციონალებმა” მოახერხეს, ყველანაირი ფული, თუკი სადმე მოძრაობა შეიძლებოდა, დაბლოკეს, რომ “ქართულ ოცნებას’ დაფინანსება არ ჰქონოდა და ჩვენ ვერც დავაფინანსეთ პროცესი. ისევ საზოგადეობამ, “ფუნდრაიზინგმა” იმარჯვა, რიგი იყო ქართუ ბანკში. ეს არის ქართველი ხალხი და ეს არის საქართველოს მოსახლეობა. საამაყოა, რაც მაშინ მოხდა. ეხლაც დამბურძგლა, რომ არ დაგიმალოთ, რამხელა რიგი დადგა ქართუ ბანკთან. ”

“ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ბანკისგან  სესხი 2016 წლის 14 სექტემბერს აიღო, სესხის უზრუნველყოფად კი საქართველოს “საარჩევნო კოდექსის” 56-ე მუხლის პირველი ნაწილია მითითებული. ამ მუხლის თანახმად,   საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი