მთავრობა ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების ბიატლონის ტრასის მოწყობას აანონსებს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების მქონე ბიატლონის ტრასის მოსაწყობად ცნობილ ფრანგულ კომპანია „აბესტთან“ (ABEST) ერთად საპროექტო სამუშაოები იწყება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 29 სექტემბრის სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, ტრასის პროექტირებისთვის 796 500 ლარი გამოიყოფა.

როგორც პრემიერმა განმარტა, მოთხოვნის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ეს ინფრასტრუქტურა ბაკურიანის კურორტს მნიშვნელოვნად დატვირთავს არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ, 12 თვის განმავლობაში, ვინაიდან ბიატლონის მიმართულებით ვარჯიშზე მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს.

„იქ იგეგმება ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც, ვფიქრობთ, 12 თვის განმავლობაში დატვირთავს აღნიშნულ კურორტს. ეს ასევე ძალიან კარგი იქნება მიმდებარე სოფლებისთვის. რა თქმა უნდა, ბორჯომი და ბაკურიანი ერთიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ, ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ბაკურიანში ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების სრული წრედი იკვრება, რაც ქმნის აბსოლუტურად რეალისტურ წინაპირობას, რომ დაახლოებით ათწლიან პერსპექტივაში საქართველოში ოლიმპიადის ჩატარებაზე ვიფიქროთ. ამაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი, თუმცა საქართველოს არანაირი მზაობა არ ჰქონდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიატლონის ტრასის, სრულიად ახალი ტრასების, ჰოკეის ახალი დარბაზის, მთელი რიგი საცხოვრებელი თუ გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის გათვალისწინებით ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსი ნამდვილად შეიძლება საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი გახდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი