ახალი ამბები

საარჩევნო მარათონი მთაწმინდის ოლქში, სახელისუფლებო კანდიდატის გარეშე [Video]

30 სექტემბერი, 2016 • 3249
საარჩევნო მარათონი მთაწმინდის ოლქში, სახელისუფლებო კანდიდატის გარეშე [Video]

ავარიული სახლები, რომელთა დიდი ნაწილი ისტორიულ ნაგებობებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მიეკუთვნება, მთაწმინდის მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. რას ჰპირდებიან მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომელთა შორის არ არის სახელისუფლებო კანდიდატი.

მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქი, სადაც 43 818 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ერთადერთია, სადაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლებამ არ წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს, საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. მთაწმინდის ოლქი

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. მთაწმინდის ოლქი

“სალომე საქართველოსთვის” – ასეთია სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სლოგანი. კანდიდატი საკუთარ უპირატესობას იმაში ხედავს, რომ, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, დამოკიდებულია მხოლოდ ამომრჩეველზე და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე.

ზურაბიშვილი მთაწმინდელებს ჰპირდება, რომ ავარიული სახლების აღსადგენად ერთიანი სტრატეგიის შექმნაზე იზრუნებს. მისი თქმით, ეს ინვესტორების ჩარევით უნდა განხორციელდეს, ხოლო მთაწმინდა უნდა გახდეს გამწვანების, ტრანსპორტის მოწესრიგებული მოძარაობის, კულტურისა და სისუფთავის მაგალითი და სიმბოლო.

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდელებთან პირისპირ კომუნიკაციისთვის ძირითადად ვერის ბაღს იყენებს, სადაც ყოველ პარასკევს მართავს “მთაწმინდის საღამოებს” და მოსახლეობას ნატო-ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, რუსეთზე, ეკონომიკასა და სხვა საკითხების შესახებ ესაუბრება.

ზურაბიშვილი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ მისი მიზანი ევროპისკენ სწრაფვაა, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული. ასევე, პირობას დებს, რომ იზრუნებს ემიგანტების მდგომარეობის შემსუბუქებაზე. იგი მოსახლეობას დაუმტკიცებს, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლა სკამისთვის ბრძოლა კი არა, არამედ სახელმწიფოსთვის საქმის კეთებაა. ამომრჩეველს ჰპირდება, რომ პარლამენტში თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებს გაახმიანებს.

ყოფილი ხელისუფლების წარდგენით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდის #1 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ (ნიკა) რურუა იბრძვის.
მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა მთაწმინდის ოლქში შენობების ავარიული მდგომარეობაა, რომელიც რურუას თქმით, უნდა მოგვარდეს ინვესტორების ჩარევით, როგორც ეს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის შემთხვევაში მოხდა.

ნიკა რურუა კარადაკარის დროს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნიკა რურუა კარადაკარის დროს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

რურუას თქმით, პრობლემურია მწვანე საფარის გაქრობა, დიდი შენობების ჩადგმა, რომელიც ირგვლივ აზიანებს ისტორიულ შენობებს, ასევე,  უმუშევრობა და სპორტული ინფრასტრუქტურის არარსებობა.

რურუა მთაწმინდელებთან კომუნიკაციისთვის იყენებს საჯარო და კარდაკარ შეხვედრებს, თემატურ დისკუსიებს კონკრეტულ ჯგუფებთან, ინფორმაციას ავრცელებს თავის გვერდზე ფეისბუკში. ამ გვერდზე განთავსებულია ვიდეომიმართვების სერია, რომლებიც მის მხარდასაჭერად ცნობილმა ადამიანებმა ჩაწერეს, ესენი არიან ჯაზის შემსრულებლები სტენლი კლარკი და ბექა გოჩიაშვილი; ნინო სუხიშვილი – სუხიშვილების ანსამბლის ხელმძღვანელი, მწერლები: კოტე ყუბანეიშვილი და ზაალ სამადაშვილი. ეს ადამიანები ძირითადად აღნიშნავენ, თუ რა გაუკეთებია ნიკა რურუას კულტურის მინისტრობის დროს.

თამარ კორძაია, ამჟამად ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი, 2016 წლის პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატით მოსახვედრად იბძრვის. იგი ამ ოლქში “რესპუბლიკურმა პარტიამ” წარადგინა. ავარიული სახლების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელიც, მისი შეფასებით, ამ ოლქში ამომრჩევლებს აწუხებს. შესაბამისად, აქვს გეგმა, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს.

“მნიშვნელოვანია შემუშავდეს პროგრამები, რომლებიც თავად მოსახლეებს მისცემს ამ სახლების გარემონტების საშუალებას, რომელშიც ცხოვრობენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებაში თვითონ იღებდეს მონაწილეობას და ის არის საქართველოს საგანძურის შემნახველი, მისი მომვლელი და ჩვენ უნდა შევუწყოთ მათ ამაში ხელი,” – აცხადებს თამარ კორძაია.

იგი ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის იყენებს კარდაკარ და საჯარო შეხვედრებს, ფეისბუკის გვერდს, თემატურ შეხვედრებს კონკრეტული საჭიროებების მქონე ადამიანებთან. სარეკლამო კლიპებში კორძაია ყურადღებას უთმობს  ძალადობისგან გათავისუფლებას.

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძე მთაწმინდის ოლქში “თავისუფალი დემოკრატებიდან” იყრის კენჭს. როგორც პროფესიით ექიმი და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო პრობლემებზე, სოციალურ პროგრამებზე, ნარკოპოლიტიკაზე. მისი აზრით, უნდა გაიზარდოს საარსებო მინიმუმი, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება სოციალურ დახმარებას. იგი ყურადღებას ამახვილებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური ადაპტაციის აუცილებლობაზე. მისი აზრით, საყოველთაო დაზღვევა უფრო პროგრესულია, თუმცა ის სისტემა, რომელიც საქართველოშია, რთულად სამართავია.

“სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ფასწარმოებაში. თითოეულ დაზღვეულს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური პაკეტი და მისი ასარჩევი იქნება, რომელ კომპანიაში დაეზღვიოს,” – აცხადებს კოკა ფრუიძე. 

ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძე ხვდება ამომრჩეველს ჭავჭავაძის ქუჩაზე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები.

ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძე ხვდება ამომრჩეველს ჭავჭავაძის ქუჩაზე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები.

თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ვლადიმერ (ლადო) კახაძე  ბლოკ „პაატა ბურჭულაძე ‐ სახელმწიფო ხალხისთვის” მიერ არის წარდგენილი მაჟორიტარ კანდიდატად მთაწმინდის ოლქში.

ლადო კახაძე ამომრჩეველს ისტორიული მემკვიდრეობისა და ნგრევის პირას მისული შენობების შესანარჩუნებლად გეგმას სთავაზობს: “გადაწყდება მხოლოდ იმ შენობების დანგრევა, რომელსაც აღარაფერი შველის აბსოლუტურად… გარეგანი სახე შენობის იქნება შენარჩუნებული, მაგრამ შიგნით, ფუნდამენტიდან დაწყებული, მთელი კონსტრუქცია, ინტფრასტრუქტურა, მოსახლეობის უსაფრთხოება აყვანილი იქნება უმაღლეს დონეზე და ეს უმაღლესი დონე არის “თბილისი 9-ბალიანი ზოლი”. ეს იქნება ვალდებულება და ეს ვალდებულება დაეკისრება ინვესტორს. ინვესტორს დავუდგენთ წესებს და ეს პროცესი არ იქნება დროში გაწელილი,” – აცხადებს კახაძე.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ეგიდით მთაწმინდის ოლქში ვლადიმერ (ლადო) სადღობელაშვილი იყრის კენჭს, რომელიც ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია საპროტესტო აქციებს მართავდა ენმ-ის წინააღმდეგ, ასევე, ორგანიზებას უწევდა ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციებს.

მისი წინასაარჩევნო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ნიკა რურუასა და მისი ძმის წინააღმდეგ გადაღებული ფილმია, რომელიც  ვერის ბაღში და კოლმეურნეობის მოედანზე მოსახლეობას აჩვენა. იგი აკრიტიკებს თამარ კორძაიასაც.

მთაწმინდა

მთაწმინდა

მისი დაპირებებია- სოციალურად დაუცველი მოქალაქეების უფლებების დაცვა, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისთან დასაქმების ცენტრის შექმნა, ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების მოძიება, უნდა აიკრძალოს რაიონში მწვანე ნარგავების გაჩეხვა და გაგრძელდეს სამუშაოები გამწვანების, პარკების და სკვერების კეთილმოწყობის მიმართულებით.

სადღობელაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ნგრევის პირას მისული შენობების განახლება, ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ინვესტორების მიმართ უფრო მკაცრი მოპყრობა: “ქალაქში ზოგადად მოსაწესრიეგებელია მშენებლობების მხრივ რეგულაციები. არაკეთილსინდისიერი მშენებლები არიან, რომლებიც აწამებენ მაცხოვრებლებს და დროში იწელება მშენებლობების პროცესები. გასახლებულ ადამიანზე ერთი და ორი თვე ძალიან მოქმედებს,” – აცხადებს სადღობელაშვილი.

მთაწმინდის ოლქში, ჯამში, 15 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია წარდგენილი, მათ შორისა არიან“ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატი გიგლა ბარამიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე და ა.შ.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სოციალური პრობლემების გარდა, მათთვის მნიშვნელოვანია ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის და პარკირების მოწესრიგება, საქალაქო ტრანსპორტის გამართული მუშობა და გამწვანება, თუმცა აღნიშნული საკითხების მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი