ახალი ამბები

ლიტვის სეიმმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო

28 სექტემბერი, 2016 • 1974
ლიტვის სეიმმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო

ლიტვის სეიმმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო, რომელშიც დეპუტატები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ყველა საჭირო გადაწყვეტილების მიღებას უმოკლეს ვადებში მოუწოდებენ.

სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის შეფასების თანახმად, საქართველომ წარმატებით განახორციელა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები. განცხადების თანახმად, 2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს.

ლიტვის რესპუბლიკის სეიმი მოუწოდებს სლოვაკეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ასევე, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მიიღონ ყველა საჭირო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს საქართველოს საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და იმ რეფორმების გაგრძელებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემასთან.

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებას წინ უძღოდა 19 სექტემბერს ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ხათუნა სალუქვაძის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ლიტველ პარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი