ახალი ამბები

ხარაგაულში გაფიცულებს მშენებარე გვირაბის მიმდებარე ტერიტორია აქვთ პიკეტირებული

28 სექტემბერი, 2016 • 1965
ხარაგაულში გაფიცულებს მშენებარე გვირაბის მიმდებარე ტერიტორია აქვთ პიკეტირებული

ხარაგაულის  სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ათი დღეა გაფიცული არიან. დღეს მათ გვირაბის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირება მოახდინეს და მშენებლობაზე ტექნიკას არ უშვებენ.

“პიკეტირებული გვაქვს ტერიტორია  და ტექნიკას არ ვუშვებთ ტერიტორიაზე. ხვალ სავარაუდოდ გაგრძელდება მოლაპარაკება. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ასეთ რეჟიმში გავაგრძელებთ წინააღმდეგობას. ბოლოს რა კონტრაქტიც შემოგვთავაზეს, მოთხოვნების ნაწილი იყო ასახული. ერთი მოთხოვნის შესრულებაზე რომ არიან თანახმა, მეორეს არ აკმაყოფილებენ და ეს არ გვაწყობს,” – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მუშა,  მინდია ოკრიბელაშვილი.

გაფიცულებთან ერთად არის “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” წარმომადგენელი ილია ლეჟავა. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორი კომპანიის, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” წარმომადგენლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს:

“პოლიცია იყო მოსული, მაგრამ პოლიცია მშვიდობიანად წავიდა სახლში. გადაკეტილი გვაქვს ტერიტორია და ველოდებით ხვალინდელ დღეს. ამ კომპანიის დირექტორი საქართველოში არ არის, გამოიძახეს, ჩამოდის და ხვალ  თბილისში გაიმართება მოლაპარაკება. ხვალ დილიდან გავაგრძელებთ აქციას, ღამით აქ ვრჩებით. ”

27 სექტემბერს უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება მუშებსა და კომპანიას შორის. მუშების ძირითადი მოთხოვნებია: უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, წერილობითი ვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება გაზრდილი  ტარიფით, შვებულების გამოყენების უფლება, სპეცტანსაცმლითა და სხვა დამცავი  საშუალებებით აღჭურვა, მძიმე და მავნე სამუშაოს შესრულებისათვის კანონმდებლობით  გათვალისწინებული დამატებითი შვებულებით სარგებლობის უფლება, სადღესასწაულო  დღეებში გაწეული შრომის სათანადო ანაზღაურება და კოლექტიური ხელშეკრულების  გაფორმება.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ხარაგაულში გვირაბს “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” აშენებს.  დასაქმებულთა პროტესტი 9 აგვისტოს დაიწყო. მუშების პროტესტი ორი მათგანის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა. ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით, გეგმური აფეთქებისას გვირაბში მტვერი დადგა, რის გამოც მუშებმა გვირაბი მტვრის გაფანტვამდე რამდენიმე წუთით დატოვეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი მისი და კიდევ ერთი მუშის სამსახურიდან გათავისუფლებას, რასაც ობიექტზე დასაქმებული სხვა მუშების პროტესტი მოჰყვა და სოლიდარობის ნიშნად მუშებმა გვირაბში დაბრუნებასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი