პოლიციამ მოშიმშილეებს კანცელარიასთან კარვების გაშლის უფლება არ მისცა

27 სექტემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან “ცენტრ პოინტის” საქმის დაზარალებულები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი შიმშილობა დაიწყეს. ისინი ღამის გათევას კარვებში გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. უკარვებოდ ღამის თევის შედეგად ორ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მაგული სოფრომაძე გვიამბობს, აქციის შემდეგ, საღამოს 5 საათისათვის, 7 ადამიანი კანცელარიასთან ღამის გასათევად დარჩა, მათ მზად ჰქონდათ კარვებიც, თუმცა პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. მაგული სოფრომაძის თქმით, პოლიციამ მათ უთხრა, რომ კანცელარიის წინ კარავს ვერ გააშლევინებდნენ, რადგან სასამართლოს ნებართვა არ ჰქონდათ: “არ გაგვაშლევინეს, არ შეიძლებაო”.

იმის გამო, რომ ღამეს გარეთ, კარვის გარეშე ათევდნენ, როგორც მაგული სოფრომაძე გვიყვება, მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამო ორი ადამიანი იძულებული გახდა, სახლში წასულიყო. მათ დილის 5 და 7 საათისთვის დატოვეს კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია. ხოლო დღეს, 28 სექტემბერს, აქციის სხვა მონაწილეებიც დაიშალნენ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჰკითხა, თუ რის საფუძველზე არ მისცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აქციის მონაწილეებს მერიისგან არ ჰქონდათ ნებართვა, მათ კარვის გაშლის უფლებას არ მისცემდნენ. დამატებით დეტალებს ჩვენ ახლაც ველოდებით შსს-ს პრესსამსახურისგან.

“ნეტგაზეთმა” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, ნონა ქურდოვანიძეს ჰკითხა, რამდენად ჰქონდა პოლიციას უფლება, აქციის მონაწილეებისათვის კარვის გაშლაში ხელი შეეშალა. მან გვიპასუხა, რომ შეკრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით შეკრების და მანიფესტაციის შესახებ, რაც იმასაც ითვალისწინებს, რომ აქციის ფორმაში, სანამ ის მშვიდობიანია, არ შეიძლება ჩაერიოს არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, არც პოლიცია და არც სხვა პირი.

“რაც შეეხება იმ ფაქტს, კანცელარიის შენობასთან არის თუ არა აკრძალული კარვის განთავსება, ასეთი აკრძალვა კანონში არ გვხვდება. აკრძალვა შეეხება იმას, რომ თუ კონკრეტული აქცია ან გამოხატვის კონკრეტული ფორმა იწვევს შენობის ბლოკირებას და ამით შეუძლებელი იქნება ფუნქიონირება, ანუ კონკრეტული დაწესებულების საქმიანობა შეფერხდება, ასეთ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და დააწესოს შეზღუდვა 20 მეტრის ფარგლებში”, – ამბობს ქურდოვანიძე და დასძენს, რომ თუ უწყების საქმიანობას ხელი არ ეშლება, მაშინ აქციის ფორმის შეზღუდვა არ უნდა მოხდეს. აქციის მონაწილეების ცნობით კი, ისინი შენობისგან მოშორებით აპირებდნენ კარვის გაშლას, “თუნდაც კუთხეში”.

ნონა ქურდოვანიძე იხსენებს რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის, “პარტიზანი მებაღეების” შემთხვევას. თბილისის მერია “პარტიზანებს” არ აძლევდა საშუალებას, მერიის წინ, სკვერში  კარავი განეთავსებინათ. “მაშინაც მერიის ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ის იყო, რომ საქმიანობაში ეშლებოდათ ხელი, თუმცა ეს არგუმენტები სასამართლომ არ ჩათვალა საკმარისად იმისათვის, რომ შეკრების უფლება შეზღუდულიყო და სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მერიის ასეთი მოქმედება იყო კანონთან შეუსაბამო”, – იხსენებს ქურდოვანიძე.

იგი ასევე გვეუბნება, რომ  იმ პირებს, ვინც თვლის, რომ შეკრების უფლება შეეზღუდათ,   ამ შემთხვევაშიც აქვთ უფლება, მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ იმ მოქმედების გასაჩივრება, რომლითაც მათ შეეზღუდათ შეკრების ჩატარება კარვების მეშვეობით. მაგული სოფრომაძე გვეუბნება, რომ არა ჰგონია, აქციის მონაწილეებმა სასამართლოში იჩივლონ, თუმცა, თუკიმ ომავალში კვლავ შეუზღუდავენ უფლებებს, თავიანთი უფლებებისათვის იბრძოლებენ.

დღეს, 28 სექტემბერს კი, აქციის დარჩენილ მონაწილეებს კანცელარიისა და პროკურატურის თანამშრომლები შეხვდნენ. მოშიმშილეებმა კანცელარიის თანამშრომლებს თავიანი საზრუნავის შესახებ უამბეს: “ვუთხარით, რომ მთავრობა უნდა მოგვეხმაროს ამ ბრძოლაში”. ხოლო გამომძიებელმა მერაბ ჯენარაშვილმა მათ უთხრა, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ასევე მან შესთავაზა, ხშირად მიაკითხონ პროკურატურას, თუკი კითხვები ექნებათ. კანცელარიაში საუბრის შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ დაშლილიყვნენ, თუმცა კვლავ გააგრძელებენ პროტესტს “ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ.

“ცენტრ პოინტის” შეუსრულებელი დაპირებების გამო ბინის გარეშე დარჩენილი ადამიანების ნაწილი 2010 წლიდან პერმანენტულად მართავს აქციებს. პროკურატურამ “ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ საქმის წარმოება 2012 წელს დაიწყო კომპანიის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე. 2013 წელს კი თბილისის პროკურატურამ “ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” (კომპანია, რომელმაც “ცენტრ-პოინტის მართვა” გადაიბარა 2010 წელს) დამფუძნებლებს თაღლითობისა და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად თითოეულს 250 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 2016 წლის ივლისში კი მთავარმა პროკურატურამ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, ასევე, ,,ცენტრ პოინტი აჭარის“ დირექტორებს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს ბრალი წაუყენა. ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული გუკა რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილსა და ირაკლი მინდელს. გამოძიება მათ დიდი ოდენობით, ჯგუფურად, სხვისი ქონების გაფლანგვას ედავება. ჯამური თანხა 21 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com