საქართველოში ინტერნეტ ტრაფიკის გაზიარების პირველი ცენტრი დაფუძნდა

საქართველოში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მცირე პროვაიდერების ხელშეწყობის მიზნით ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი შეიქმნება. ინიციატივის შესახებ ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანიებს შორის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.

ინტერნეტის ურთიერთგაცვლითი წერტილი არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ქსელი ერთმანეთს ადგილობრივი ტრაფიკის გასაცვლელად უკავშირდებიან. მსგავსი გაცვლის წერტილები აფართოებს ქსელს, ეხმარება მას, რომ არ გადაიტვირთოს, და ტრაფიკს აღარ უხდება ე.წ. “შემოვლითი გზებით სიარული”, ანუ საზღვრებს გარეთ გასვლა. შესაბამისად, იკლებს ინტერნეტის ხარჯიც და მასზე დაწესებული ფასი, რადგან პროვაიდერები ამყარებენ პირდაპირ კავშირს.

“ურთიერთგაცვლითი ცენტრი ეს არის ერთგვარი საბითუმო ბაზარი, რომელიც აძლევს საშუალებას მცირე პროვაიდერებს, რომ გაზარდონ საკუთარი მომხმარებლის რაოდენობა. ამ საკომუნიკაციო ქსელის დახმარებით შესაძლებელია მომხმარებლამდე მიიტანონ ნებისმიერი პროვაიდერის ინტერნეტი. ტრაფიკის გაცვლა კი თავიდან აგვარიდებს ტრაფიკის საზღვარგარეთ გასვლას,” – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ტექნოლოგიების ექსპერტი კონსტანტინ სტალინსკი.

მაგალითად, მცირე ინტერნეტ-პროვაიდერები იძულებული არიან საკუთარ სერვისზე დააწესონ მაღალი ფასი, რადგან მას არ ჰყავს ალტერნატიული მიმწოდებელი და დამოკიდებულია მხოლოდ ერთი პროვაიდერის მიერ დაწესებულ ფასზე. ინტერნეტ ურთიერთგაცვლის ცენტრის დახმარებით კი მას გაუჩნდება საშუალება, ერთდროულად მიიღოს წვდომა სხვადასხვა პროვაიდერის ტრაფიკზე.

როგორც “მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების” წარმომადგენელი, უჩა სეთური აცხადებს, ინტერნეტის ურთიერთგაცვლა აუცილებელია ძლიერი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ქსელის და ინტერნეტის შესაქმნელად:

“ცენტში, ანუ დეცენტრალიზებულ დაშვების წერტილზე, ყველას ექნება თანაბარი უფლებები და მისი ერთადერთი მოვალეობა იქნება, რომ გაუადვილდეს ოპერატორებს სერვისის მიწოდება.”

ამჟამად “ოუფენ ნეტი” ქსელის ინფრასტრუქტურას აშენებს, თუმცა პროვაიდერების სერვისის გადანაწილებისა და საკანონმდებლო დონეზე ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის საკითხი ჯერ კიდევ დასარგულირებელია. პროვაიდერებმა მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ინტერნეტზე ზღვრული ფასის დაწესების და არებული რეგულაციების გადახედვის მოთხოვნით.

ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი „ნიუტელკო ჯორჯიას“ ინიციატივითა და ორგანიზებით და „ააიპ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების“ მხარდაჭერით ფუძნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი