ახალი ამბები

სებ: ვალუტის კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები

28 სექტემბერი, 2016 • 1354
სებ: ვალუტის კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები

ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ ლარის კურსის გაუფასურების წინააღმდეგ განხორციელებული ინტერვენციებთან დაკავშირებით, რომელმაც ლარი მცირედით გაამყარა, ეროვნული ბანკი განმარტებას ავრცელებს. ერთი კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

“საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია, მათ შორის სავალუტო პოლიტიკის ნაწილში, 2013 წლიდან განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ხოლო ეროვნული ბანკის ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანი გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობების შემცირებაა.

შესაბამისად, როდესაც ცალკეული მსხვილი ნაკადები პოტენციურად იწვევენ კურსის გადაჭარბებულ მერყეობას, და თუ ფუნდამენტური ფაქტორები იძლევა ამის შესაძლებლობას, ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ცდილობს მის შერბილებას.

ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო შოკის გავლენა ამოწურულია და კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით – რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები. სწორედ ამ მოკლევადიანი მერყეობების შესარბილებლად განხორციელდა ბოლო ინტერვენციები. მსგავსი ჩარევები ეროვნულ ბანკს ადრეც განუხორციელებია და, ბუნებრივია, მომავალშიც განახორციელებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ჩაერევა ნებისმიერი მერყეობის დროს”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი