ახალი ამბები

საინიციატივო ჯგუფების კანდიდატებს შორის ყველამე მეტი შემოწირულობა ილია კოკაიამ მიიღო

28 სექტემბერი, 2016 • 2441
საინიციატივო ჯგუფების კანდიდატებს შორის ყველამე მეტი შემოწირულობა ილია კოკაიამ მიიღო

2016 წლის 31 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულობა ზესტაფონის მაჟორიტარ კანდიდატ ილია კოკაიას აქვს მიღებული.

ილია კოკაია ამჟამად არის საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის 100%-იანი წილის მფლობელი და პრეზიდენტი. საჯარო რეესტრის მიხედვით, ის ასევე არის შპს გუდაური მარკო პოლოს მფლობელი, შპს ლუქს დეველოპმენტის თანამფლობელი.  გასულ წლებში კოკაია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი იყო, რომელიც 2005 წლის ბოლოს ქარხანაში ჩატარებული ფინანსური შემოწმების შედეგად ქვეყნიდან გაიქცა, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც “ფეროს” წილი გაასხვისა, საქართველოში უკან დაბრუნდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2016 წლის 31 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 82 427 ლარი აქვს მიღებული ქარელის ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენულ კანდიდატს, ბიზნებსმენ ვასილ ხანიშვილს. საჯარო რეესტრის მიხედვით, ხანიშვილი ფლობს წილებს კომპანიებში “ფრეშ ფუდი”, “ლანჩ ტაიმი”, ნოვა სექიურითი, შპს ალკოჰოლიანი სასმელების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი,აუდიტორული კომპანია “მრჩეველი”  და ა.შ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2016 წლის 31 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, ზესტაფონში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კიდევ ერთ კანდიდატს – დავით ჭანტურიას 70 ათასი ლარი აქვს მიღებული და ეს თანხა მთლიანად შპს ჯი-ეი-ეი მენეჯმენტმა ჩაურიცხა, რომელსაც ფლობს ჭიათურმანგანუმის – ჯორჯიან მანგანეზის მესაკუთრე კომპანია “ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ”. ჭანტურია სწორედ ჯორჯიან მანგანეზში მუშაობდა დირექტორის მოადგილის პოსტზე.

მცხეთაში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ასევე, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს 2016 წლის 31 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, მიღებული აქვს 40 ათასი ლარი. ცეზარ ჩოჩელის ძმა, იაგო ჩოჩელი ფლობს წილებს კომპანიებში “ბარამბო”, “ბერტა”, “ნიუ ვორდი”, “ინტერპლასტი”.

ცეზარ ჩოჩელი 2002 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დაბა ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2002 წლის 2 ივლისს ახალგორის რაიონის გამგებლად დაინიშნა.  2003 წლის 2 ნოემბერს ჩოჩელი  საქართველოს პარლამენტის წევრი ახალგორის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან გახდა. 2008 წლის თებერვლიდან, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ცეზარ ჩოჩელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულადად – გუბერნატორად დაინიშნა.  ჩოჩელი დაკავებული თანამდებობიდან 2012 წლის 24 ნოემბერს გადადგა.

ცეზარ ჩოჩელი 2013 წლის 26 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 200 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. იგი 2013 წის 24 იანვარს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

2016 წლის 31 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 43 ათასი ლარი აქვს მიღებული ლანჩხუთში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს აკაკი ჩხაიძეს. აკაკი ჩხაიძე ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იყო საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ  დიდი რაოდენობით თანხების მითვისების, გადასახადების დამალვის მუხლები წაუყენეს, თუმცა პატიმრობიდან მალევე გათავისუფლდა გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა. ამჟამად, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჩხაიძე ფლობს წილებს საკანცელარიო ნივთების მწარმოებელ კომპანიაში “იბერია 2005”, შპს “პალიასტომში”, “ღვინის სასახლეში” და ა.შ.

ბიზნესმენ ლეონიდ ჩერნოვეცკის, რომელიც ქობულეთშია წარდგენილი მაჟორიტარ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის მიერ, 2016 წლის 31 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, მიღებული აქვს 27 700 ლარი.

2016 წლის 31 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, შედარებით მსხვილი შემოწირულობები აქვთ მიღებული საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ შემდეგ კანდიდატებს: თბილისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის უოფილ უფროსს, ირაკლი შიხიაშვილს – 25 500 ლარი (მაჟორიტარი კანდიდატი სამგორის ოლქში), ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს – 23 700 ლარი (მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდის ოლქში), არმაზ ახვლედიანს – 20 100 ლარი (მაჟორიტარი კანდიდატი ბათუმის ოლქში). შედარებით მწირედ გამოიყურება გორში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შემოსავლები – 7300 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი