ახალი ამბები

ნიკა გვარამია: ირაკლი ალასანიამ მითხრა, ივანიშვილს წელში გადავტეხავ, თუ ხმებს მომპარავსო

27 სექტემბერი, 2016 • 1913
ნიკა გვარამია: ირაკლი ალასანიამ მითხრა, ივანიშვილს წელში გადავტეხავ, თუ ხმებს მომპარავსო

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ალასანიამ უთხრა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს წელში გადატეხავს, თუ [თავისუფალ დემოკრატებს] არჩევნებში ხმებს მოჰპარავს.

ეს განცხადება ნიკა გვარამიამ “თავისუფალი დემორკატების” წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა:

“საუბარი დაიწყო პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე. ეს ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც “რუსთავი 2″-თან დაკავშირებული კონტექსტი, რომელსაც მათ შორის, პროდასავლური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ. მინდა ირაკლი ალასანიას ფრაზის ციტირება გავაკეთო, რომელიც მე მითხრა: წელში გადავტეხავ [ბიძინა] ივანიშვილს, თუ ხმებს მომპარავს. რა არის ეს, რევოლუციისკენ მოწოდებაა, ივანიშვილის კადაფიზაციაა, მკვლელობის მცდელობა, თუ რა? არაფერი ამგვარი. ეს არის პატრიოტი პოლიტიკოსის ნათქვამი, როგორ დაიცავს ის თავის ხმებს, ეს ნებადართულია. როგორი სიტყვებით გამოხატავენ ადამიანები თავის აზრებს პირად საუბარში, ეს მხოლოდ მათი საქმეა,” – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

დღეს, 27 სექტემბერს გიორგი ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია “პირველის ეთერში” განაცხადა, რომ დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერის საფუძველზე ცესკომ “ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო რეგისტრაცია უნდა გაუუქმოს.

აუდიომასალა, სათაურით სახელმწიფო გადატრიალების გეგმა! გამოქვეყნდა 2016 წლის 26 სექტემბერს  YOUTUBE-ზე, georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ არხზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერ პაატა ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. უშუალოდ ვებ-გვერდზე georgia-news.org აღნიშნულია, რომ შექმნილია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობენ რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.

26 სექტემბერს გავრცელებულ აუდიომასალაში მიხეილ სააკაშვილი თითქოსდა ესაუბრება ენმ-ის წევრებს – აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს, აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურს.

დღესვე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები, ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. როგორც ნეტგაზეთს ენმ-ში განუცხადეს, ისინი წინასაარჩევნო რეჟიმში არიან და თუ სამართალდამცველებს მათთან კითხვები აქვთ, შეუძლიათ ოფისში მივიდნენ და იქ დაკითხონ. სუს-ი გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი