ახალი ამბები

ენმ-ის განცხადებით, სააკაშვილთან სახელმწიფო გადატრიალებაზე აუდიოჩანაწერი სუს-ის დამონტაჟებულია

27 სექტემბერი, 2016 • 2087
ენმ-ის განცხადებით, სააკაშვილთან სახელმწიფო გადატრიალებაზე აუდიოჩანაწერი სუს-ის დამონტაჟებულია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ არის დამონტაჟებული ის აუდიომასალა, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა და რომელშიც საუბარია მათი მხრიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შემუშავებაზე.

აუდიომასალა, სათაურით სახელმწიფო გადატრიალების გეგმა! გამოქვეყნდა 2016 წლის 26 სექტმბერს  YOUTUBE-ზე, georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ არხზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერ პაატა ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. უშუალოდ ვებ-გვერდზე georgia-news.org აღნიშნულია, რომ შექმნილია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობენ რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.

გუშინ გავრცელებულ აუდიომასალაში მიხეილ სააკაშვილი თითქოსდა ესაუბრება ენმ-ის წევრებს – აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს, აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურს. ჩანაწერის ერთ-ერთ ფრაგმენტში აკაკი ბობოხიძე საუბრობს 200 კაცის შემადგენლობით 2-3-თვიანი კარვების აქციის დაგეგმვის შესახებ და მიმართავს დეპუტატ ირმა ნადირაშვილს:

“ეჰ, ჩემო ირმა, მე გადატრიალების დაგეგმვაშიც კი მაქვს, სამხედრო გადატრიალების, მონაწილეობა მიღებული, მაგაზე სახიფათოს აწი რაღას მოვიფიქრებ?”

ამაზე მიხეილ სააკაშვილი საპასუხოდ აცხადებს: “რევოლუციური სცენარი უნდა, სხვანაირი, სხვანაირი ახლა… კაკოს ინტუიციას ვენდობი მთლიანად”.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა:  “ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!”

სუს-ის მიერ დამონტაჟებულს უწოდებს ამ აუდიომასალას დეპუტატი ირმა ნადირაშვილიც:

“ეს არის სუს-ის უნიჭო მონტაჟი, არასდროს მსგავსი ტიპის შეხვედრაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ არასდროს მიხეილ სააკაშვილთან აკაკი ბობოხიძესთან ერთად არ ვყოფილვარ. არც სკაიპ ქოლში და არც არაფერ მსგავსში. ასეთი შემადგენლობით სუბარი, რომელსაც მე და კაკო ბობოხიძე ერთად ვესწრებოდით, არასდროს არ გვქონია.  ეს არის სუს-ის უნიჭო სპექტაკლი, გაგრძელება თუნდაც ჭიკაიძის საბურავების, რუსთავი 2-ის ეზოში შესაძლო გადატრიალების. მე მესმის, აბსოლუტურ ისტერიკაშია ბიძინა ივანიშვილი და  უნდა, რომ ასეთი სიბინძურით გადაფაროს ეს ყველაფერი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნადირაშვილმა.

შეკითხვაზე, პირადად თუ ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან მსგავს საკითხებზე საუბარი, რომ რევოლუციური გზით უნდა განვითარდეს მოვლენები, ნადირაშვილმა გვიპასუხა:

“მიხეილ სააკაშვილთან ხშირად მქონია საუბარი, ხშირად მქონია შეხვედრაც. არ ვაპირებ სუს-ის შემოგდებულ ჭორებზე კომენტარის გაკეთებას. ახლა თქვენ რას მეკითხებით, ანუ სიზმარი ხომ არ მინახავს ოდესმე გადატრიალებაზე? ის, რაც გამოქვეყნდა, არის სუს-ის მონტაჟი. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი და არანაირ გადატრიალებას, რევოლუციას არ ვგეგმავ, მე ვგეგმავ არჩევნებში მოგებას და ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში გაშვებას”.

სუს-ის მიერ დამონტაჟებულს უწოდებს აუდიომასალს გიგი წერეთელიც, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა მოსმენილი ეს აუდიოჩანაწერი, თუმცა საუბრის შინაარსი გავაცანით.

“არ ვიცი, რა არის, არ მინახავს, არა. რა სისულელეა, რა ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ნებისმიერი ხელისუფლება თუ ცუდად იქცევა, ხალხი შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ რა სცენარი, საბურავებიც ხომ არ შევაგროვეთ თავის დროზე? მსგავს სისულელეებს რამდენს გაავრცელებენ, საიდან რას ჩაჭრიან, ამოჭრიან, დაამონტაჟებენ, კარგით რა, რა სისულელეა”, – უთხრა ნეტგაზეთს წერეთელმა.

“წელს არც სატელეფონო საუბარი მქონია მიხეილ სააკაშვილთან და ეს შემადგენლობა (რომელიც თითქოს ამ საუბარში მონაწილოებს) ერთდროულად საქართველოდან გასული არ ვყოფილვართ. ასე რომ, ეს საუბარი ვერ შედგებოდა ვერც ტელეფონით და ვერც პიროვნულად ვერც ერთ შემთხვევაში. სუს-ს შეუძლია ამოიღოს საზღვრის კვეთის საბუთები. ეს შემადგენლობა საქართველოს ფაგრლებს გარეთ არ ყოფილა არსად”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ რუსთავი 2-თან საუბარში.

ჩვენ ვცადეთ, მაგრამ ამ დრომდე ვერ შევძელით დაკავშირება აკაკი მინაშვილთან, პეტრე ცისკარიშვილთან და ნუგზარ წიკლაურთან.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის მიერ შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ გამოძიება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო შსს-მ.  მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ ენმ საბურავებს იმარაგებდა ბარიკადების მოსაწყობად. შემდეგ გავრცელდა აუდიომასალა, რომლითაც ენმ-სთან ერთად მიხეილ სააკაშვილი გეგმავდა რუსთავი 2-ის ეზოში აქციებს და დესტაბილიზაციას. არც ერთ ამ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა. გუშინ სუს-მა გამოძიება დაიწყო შესაძლო საბოტაჟის შესახებ, მას შემდეგ, რაც “თავისუფალი ზონა” დატოვა 10-მა წევრმა იმ მოტივით, რომ მათ გამოყენებას აპირებდა მიხეილ სააკაშვილი დესტაბილიზაციის მოსაწყობად.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სუს-ს და ჰკითხა, რა ინფორმაციას ფლობს გუშინ ინტერნეტში გავრცელებულ აუდიომასალასთან დაკავშირებით და იმ ბრალდებაზეც, რომ ეს ჩანაწერი სწორედ მათ მიერაა დამონტაჟებული, თუმცა ჯერ მათგან პასუხები არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი