ახალი ამბები

“თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი ამბობს, რომ ენმ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს

26 სექტემბერი, 2016 • 1311
“თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი ამბობს, რომ ენმ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს

თავისუფალი ზონისა  წევრი ბესო კალაძე აცხადებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს და ამის გამო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას ემიჯნება.

კალაძემ, რომელიც მისი თქმით, ენმ-ის პროპორციული სიის წევრიცაა [117-ე ნომერი], დღეს სააგენტო “კვირის” პრესკლუბში თანამოაზრეებთან ერთად პრესკონფერენციაც გამართა. კალაძის თქმით, უკრაინაში ჰქონდა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან და სწორედ მისგან მიიღო დადასტურებულად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია იგეგმებოდა.

თავისუფალი ზონის წარმომადგენელ დავით გოგოხიას განცხადებით, იმ პირებზე, “რომლებმაც დღეს ორგანიზაცია ვითომდა დესტაბილიზაციის მოწყობის დავალების გამო დატოვეს, ზეწოლა განხორციელდა”.

„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური , რომლის ნომერ პირველი მოვალეობაა ქვეყნის უსაფრთხოება, დაკავებუილ იყოს თავისი პირდაპირი საქმიანობის განხორციელებით, დაკავებულია ასეთი ბინძური საქმეების კეთებით, დაშანტაჟებით, მოსყიდვის გზით ახალგაზრდების გადაბირებით, ახალგაზრდების ბინძურ პროვოკაციებში ჩართვით. ეს ყველაფერი აჩვენებს ძალიან ნათელ სურათს, რომ ივანიშვილის რეჟიმი აგონიაშია, მაგრამ ეს ძალიან მალე დასრულდება. ორი კვირა დარჩა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე და აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას. 2 კვირაში ივანიშვილის რეჟიმი აღარ იქნება საქართველოში, ისინი გადავლენ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით”, – განაცხადა გოგოხიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი